ფეხბურთი

14:02 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძემ "ვისლასთან" საგოლე პასი შეასრულა (+Video)

პოლონეთის ექსტრაკლასაში “იაგიელონიამ” შინ “ვისლას” მოუგო (2:1). გიორგი ფოფხაძე სათადარიგო იყო, ნიკა ძალამიძემ კი შესვენების შემდეგ ითამაშა. პირველი ტაიმი “ვისლას” გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებმა გოლები 87-ე და 90-ე წუთებზე გაიტანეს. 87-ე წუთზე საგოლე პასი ძალამიძემ შეასრულა - ქართველმა შემტევმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, საჯარიმოში ჩააწოდა, მისმა თანაგუნდელმა კი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მეორე გოლი კვლავ ქართველის აქტიურობას მოჰყვა, ძალამიძემ ბურთი კარის ზედა ძელს გაარტყა, შემდეგ კი პავლოვსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. პოლონეთის ექსტრაკლასის საუკეთესო რვა გუნდს შორის “იაგიელონია” 32 ქულით მესამე ადგილზეა. სავარაუდოდ გუნდი ევროსაგზურს მოიპოვებს.

https://www.youtube.com/watch?v=BPJ7qWIKoag

რუმინეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში “კლუჟმა” შინ 2:1 დაამარცხა ბუქარესტის “რაპიდი.” 81-ე წუთზე თამაშში გიორგი ჭანტურია ჩაერთო. როგორც იცით, “კლუჟს” დაკლებული ქულები აღუდგინეს, ასე რომ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ევროპალიგის საგზურს ალბათ მოიპოვებს. 18 გუნდიან ჩემპიონატში “კლუჟი” 57 ქულით მე-3 ადგილზეა.

პორტუგალიის პრიმეირალიგაში “ბელენენსეშმა” სტუმრად 2:0 დაამარცხა “ჟილ ვისენტე,” რომლის სასტარტო შემადგენლობაში ავთანდილ ებრალიძე მოხვდა. 70-ე წუთზე ქართველი შემტევი შეცვალეს. პორტუგალიის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ჟილ ვისენტე” 23 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა. ებრალიძის გუნდი შემდეგ სეზონს სეგუნდალიგაში გაატარებს.

რუსეთის პირველ დივიზიონში “სახალინმა” შინ 2:1 დაამარცხა “ლუჩ ენერგია.” მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გოჩა ხოჯავა, რომელიც მე-19 წუთზე გააფრთხილეს, მე-60 წუთზე კი შეცვალეს. “სახალინის” განაცხადში არ იმყოფებოდა გიორგი კახელიშვილი. რუსეთის პირველი დივიზიონის 18 გუნდიან ჩემპიონატში "სახალინი" 35 ქულით მე-15 ადგილზეა.

0.144223