სუპერლიგის საჩემპიონო პლეი ოფის მეორე მატჩში “შსს აკადემიამ” “დინამო” 73:46 დაამარცხა, 2:0 დაწინაურდა და პირველობის მოპოვების რიხიანი განაცხადი გააკეთა. ძნელი წარმოსადგენია მესამე მატჩში რის ხარჯზე უნდა გაიმარჯვოს “დინამომ”, რადგან საწყის ორში კოტე ტუღუშის კალათბურთელები როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდურად მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. მითუმეტეს, დიდი ალბათობით მესამე მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს დინამოელთა ერთ-ერთი ლიდერი ილია ლონდარიძე, რომელმაც მეორე პერიოდში ერთ-ერთი ორთაბრძოლისას ცხვირი გაიტეხა და სავარაუდოდ ოპერაციას გაიკეთებს.
დღევანდელ დაპირისპირებას რაც შეეხება, სერიის მეორე მატჩი “დინამომ” აშკარად ჩააგდო, გუნდს არაფერი გამოსდიოდა და შედეგიც ლოგიკური დადგა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მხოლოდ პირველ წუთებზე გაიბრძოლა, შემდეგ კი “შსს აკადემია” უპირატესობას ზრდიდა და საბოლოოდ დიდი ანგარიშითაც იმარჯვა.
მოგებულთაგან კვლავ კარგად გაისარჯნენ ნიკა მეტრეველი (12 ქულა, 13 მოხსნა) და გიორგი ცინცაძე (14 ქულა, 11 პასი), რომელთაც კარგად აუბა მხარი ბექა ჩიკვილაძემ. ბექამაც 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
სერიის მესამე შეხვედრა 25 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
კოტე ტუღუში (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი):” მოგებით გახარებული ვარ, თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. დღეს “დინამოს” არაფერი გამოსდიოდა, ვწუხვარ ლონდარიძის ტრავმის გამო, ასეთ დროს მწყობრიდან გამოსვლა სამწუხაროა. იმედია ილია პარკეტს მალე დაუბრუნდება. ახლა ერთდღიანი დასვენება გვიწევს. მეტოქე სათანადო დასკვნებს გაკეთებს და ორშაბათს სხვა “დინამოს” ველი. დიდი ანგარიშით მოგებული თამაშების შემდეგ ჩემი გუნდი დუნდება და ეს მომენტი ცოტათი მაფიქრებს.”
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი):” მეტოქეს მოგებას ვულოცავ წაგების მიზეზებზე არ ვისაუბრებ, მითუმეტეს ყველა ასპექტში ჩავარდნა გვქონდა. მცირე შანსი შეგვრჩა და მის გამოყენებას ვეცდებით. ყოველმხრივ ვეცდებით ჩვენი სახე შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ მომდევნო მატჩში ილია ლონდარიძე ვერ დაგვეხმარება.”
რევაზ როგავა (“შსს აკადემიას” კალათბურთელი):” კარგი თამაში გამოგვივიდა, მთავარი საქმე კი ორშაბათს გველის. “დინამო” გამოცდილი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, ჩვენ კი შევეცდებით სერია ორშაბათს დავასრულოთ.”
“დინამო” – “შსს აკადემია” 46:73 (17:25, 8:16, 8:16, 13:16)







