კალათბურთი

11:13 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ადგილისათვის ბრძოლაში “რუსთავი” დაწინაურდა

პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში ხელმოცარული “რუსთავი” და “ბათუმი” ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლას განაგრძობენ. რადგან აღნიშნული გუნდებიდან რეგულარული ჩემპიონატი “რუსთავმა” მეოთხე, ხოლო “ბათუმმა” მეექვსე ადგილზე დაასრულა, მათ დაპირისპირებაში მოედნის უპირატესობით “რუსთავი” სარგებლობს. პირველ შეხვედრას რუსთავი, მეორეს – ბათუმი უმასპინძლებს. რადგან შეხვედრები ორ მოგებამდე გრძელდება, როგორც მოედნის უპირატესობის მქონე, 1:1-ის შემთხვევაში მესამე გადამწყვეტ შეხვედრას რუსთავი უმასპინძლებს.

დავუბრუნდეთ პირველ შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი მეოთხედის შემდეგ “რუსთავი” 10 ქულით 27:17 დაწინაურდა. სტუმრებმა მეორე მეოთხედში ძალიან მოინდომეს, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდნენ. 48:43 ასეთია პირველი ტაიმის შედეგი რუსთაველთა სასარგებლოდ. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა რუსთაველთა სასარგებლოდ. საბოლოოდ, 102:88 გაიმარჯვა “რუსთავმა” და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 26 ქულა “ბათუმის” უკანახაზელმა ნიკოლას კელოგმა დააგროვა, რომელსაც თანაგუნდელი ბობ ჯინ იანგი 2 ქულით ჩამორჩა. “ბათუმის” მესამე ლეგიონერმა ქრისტოფერ ფელჩერმა კი 18 ქულითა და ამდენვე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მასპინძელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი 23 ქულითა და 14 მოხსნით ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვილმა აჩვენა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა დვალიშვილის თანაგუნდელი ლევან ცეკვავა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა და 10 მოხსნაა.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა 24 მაისს ბათუმში ჩატარდება.

“რუსთავი” – “ბათუმი” 102:88 (27:17, 21:26, 27:19, 27:26)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16305