ფეხბურთი

1:16 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 ბათუმელთა ზეიმი ,,ჩელე არენაზე”

სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ჩატარება ბათუმელებს მათთვის კარგად დაბედებულ ,,ჩელე არენაზე” მოუხდათ. ბოლო ტურის შეხვედრაში ისინი ქობულეთს სტუმრის რანგში ეწვივნენ. ამ მატჩის შედეგს ბათუმელთათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგების შემთხვევაში აჭარლები ვერცხლის მედლებს ინაღდებდნენ. მართალია თუ პარალელურ მატჩში თბილისის დინამოელები იმარჯვებდნენ. ისინი ზღვისპირლებს ქულებით გაუთანაბრდებოდნენ, მაგრამ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე (1:0 სტუმრად, 0:0 შინ), მეორე ადგილზე ბათუმელები გადიოდნენ. აქედან გამომდინარე აჭარელთა მდგომარეობა დედაქალაქელებთან შედარებით ბევრად უფრო მომგებიანი გახლდათ. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებული.

მოლოდინისამებრ შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო. ისინი მეტოქეს მატჩის დებიუტშივე ეკვეთნენ და აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთეს. განსაკუთრებით ბერიაშვილი და ტატანაშვილი აქტიურობდნენ. ბათუმელთა ფორვარდები მეტოქის მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და სწრაფი გადაადგილებებით თანაგუნდელებს ზონებს უთავისუფლებდნენ.

პირველი სახიფათო იერიში სტუმრებმა მე-2 წუთზე განახორციელეს. თანაგუნდელების წამოწყებული შეტევა შონიამ ძლიერი დარტყმით დაასრულა. კაკალაძეს სწორი პოზიცია ეკავა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. მალე ბათუმელთა უბერებელი ვეტერანი ამირან მუჯირი ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ ამჯერადაც კაკალაძემ იმარჯვა.

ამის შემდეგ სტუმრებმა აქცენტი ფლანგურ შეტევებზე გადაიტანეს, სადაც ქავთარაძე და დიასამიძე დომინირებდნენ. ისინი დიდ სამუშაოს ასრულებდნენ, მოედნის ცენტრიდან პირით ხაზამდე ჩარბოდნენ და გამჭოლი გადაცემებით თავდამსხმელებს ამარაგებდნენ.

ბათუმელთა გარჯამ შედეგი 26-ე წუთზე გამოიღო. ზღვისპირელთა მორიგი იერიშის შემდეგ შონია ბურთს მის საყვარელ, მარჯვენა ინსაიდის ადგილზე დაეუფლა და უძლიერესი დარტყმით ქობულეთელთა კარის ბადე შეარხია - 0:1.

ნახევარი საათის მიწურულს სტუმრებს ანგარიშის გაზრდის 100%-იანი შესაძლებლობა ჰქონდათ. ბერიაშვილის მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ ტატანაშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მახვილი კუთხიდან გამიზნული დარტყმა განახორციელა. კაკალაძემ შესაშური რეაქცია გამოავლინა და ბურთის მოგერიება მოახერხა, თუმცა დროებით. დამატებაზე ყველას ბერიაშვილმა დაასწრო და მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა დარტყმა მისთვის უხერხული მარჯვენა ფეხით შეასრულა და ტაკიძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

მასპინძელთა საპასუხო შეტევაც საკმაოდ სახიფათო გამოდგა. ჩელებაძე მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოვებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი ხარიხას გაეხახუნა და მოედნის ფარგლები დატოვა.

ტაიმის ბოლოს ორი წუთის ინტერვალში შონიას ზედიზედ ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში იგი მისთვის ჩვეული პოზიციიდან ურტყამდა. პირველად კაკალაძემ იმარჯვა და აკრობატული ნახტომით ბურთი კუთხურზე მოიგერია. მეორედ კი შონიას ყუმბარისებული გასროლა კარის ძელმა აისხლიტა.

ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო ბათუმელები ტაიმის უკანასკნელ წუთზე დაისაჯნენ. საჯარიმო ხაზის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო ჩელებაძემ დიდებულად შეასრულა. მისი მოჭრილი დარტყმის შემდეგ ბურთმა ცოცხალ კედელს გადაუქროლა და ხარიხას გავლით სტუმართა კარის ცხრიანში შეფრინდა -1:1.

მატჩის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. პირველად თავის გამოჩენის შესაძლებლობა შეტევაში ჩართულ ტეტუნაშვილს მიეცა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო.

ქობულეთელთა საპასუხო ჩხვლეტა ისევ ჩელებაძის გახლდათ. მან ცრუ მოძრაობით მეურვე ჩამოიტოვა და საჯარიმოს მიახლოვებულმა შორეული კუთხისკენ გამიზნულად გაისროლა. მამინაშვილი ნახტომით კარის ძელთან მისწვდა ბურთს და თავისიანები აშკარა ხიფათისგან იხსნა.

მატჩის გარდამტეხი მომენტი 55-ე წუთზე დადგა. სტუმრებმა სანიმუშო სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. ტეტუნაშვილმა გრძელი გადაცემით ქავთარაძე მარჯვენა ფრთაზე გაიყვანა, რომელმაც დრიბლინგით თავისი მეურვე ჩამოიტოვა და პირით ხაზთან მიახლოვებულმა საჯარიმოში შევარდნილ ბერიაშვილისკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა. ბათუმელთა ფორვარდმა თანაგუნდელებს გარჯა დაუფასა და შეუჩერებელი დარტყმით კაკალაძე უშანსოდ დატოვა - 1:2.

მალე მოვლენების ეპიცენტრში ისევ ბერიაშვილი აღმოჩნდა. მან მცველებს ძალისმიერი ბრძოლა მოუგო და დაფარული გადაცემით შონია მეკარის პირისპირ გაიყვანა. ორი წუთის წინ შეცვლაზე შესულმა ჩხაიძემ ბათუმელი ნახევარმცველის შეჩერება მხოლოდ აკრძალული ილეთის ხარჯზე მოახერხა. გიორგი ავაზაშვილმა, რომელიც უმაღლეს ლიგაში არბიტრის რანგში თავის პირველ შეხვედრას ატარებდა და დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა, ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტი ბორის მახარაძემ დიდოსტატურად შეასრულა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი და ქობულეთელთა კიპერი კარის სხვადასხვა კუთხეში აღმოჩნდნენ - 1:3.

მატჩი პრაქტიკულად აქ დამთავრდა. მართალია მასპინძლებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ და რამდენჯერმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, მაგრამ ბათუმელებს ამ შეხვედრის მოსაგებად გაცილებით მეტი მოტივაცია გააჩნდათ და მათთვის სასურველი ანგარიში მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ასლან ბალაძე (,,დინამო”) - ,,უზომოდ ბედნიერები ვართ. სეზონის დასაწყისში ამას ვერავინ წარმოვიდგენდით, მაგრამ ჩვენმა სწორმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამას შემთხვევითობასაც ვერ დავარქმევთ, რადგან ძირითადი მეტოქეები გორის ,,დილა”, თბილისის ,,დინამო” და ცხინვალის ,,ცხინვალი” სამივე გასვლით შეხვედრაში დავამარცხეთ. გულით ვულოცავ მთელ გუნდს ამ დიდ გამარჯვებას. 17 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ვერცხლის მედლებს დავეუფლეთ. დიდი მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის.”

,,შუქურა” (ქობულეთი) - ,,დინამო” (ბათუმი) 1:3 (1:1)
22 მაისი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 2000 მაყურებელი.

,,შუქურა”: თ. კაკალაძე, კომახიძე, გ. გურული (ჩხაიძე 61), ხოჭოლავა, ტაკიძე, პუკანიჩი, მჟავანაძე, ლაღაძე, ტუღუში (კვესიეშვილი 78), ჩელებაძე (კ), კოპალიანი (ანანიძე 46);

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

,,დინამო”: მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, ბ.მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია (ჩირიკაშვილი 83), მუჯირი (კ), ქავთარაძე, დიასამიძე (თევდორაძე 62), ტატანაშვილი, ბერიაშვილი (ვარშანიძე 74);

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გოლები: 0:1 შონია (26), 1:1 ჩელებაძე (45), 1:2 ბერიაშვილი (55), 1:3 ბ. მახარაძე (64, პენ);

აფრთხილება: ჩხაიძე (63);

არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი

ავტორის ფოტოები

0.116488