კალათბურთი

18:53 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მოსეშვილი - 52 წელი ქართული კალათბურთის სამსახურში

ქართველებს კალათბურთში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გვყავს, მოგვიპოვებია ევროპის ჩემპიონთა და საკავშირო თასები. ოთარ ქორქიას, ნოდარ ჯორჯიკიას, გურამ მინაშვილის, ზურაბ საკანდელიძის, მიხეილ ქორქიას, ნიკოლოზ დერიუგინის, ზაზა ფაჩულიას და ბევრი სხვა მოთამაშის სახელი არამარტო კალათბურთის, ქართული სპორტის ისტორიაშია ჩაწერილი ოქროს ასოებით. ამ ლეგენდარულ ადამიანთა ფონზეც კი ლევან მოსეშვილს ჩვენ სპორტულ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი სავსებით დამსახურებულად აქვს მიკუთვნებული.

ბატონი ლევანი 1959 წელს ჩაირიცხა თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში და მას შემდეგ მოყოლებული, მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში 52 (!) წლის განმავლობაში იყო ქართული კალათბურთის სამსახურში. ამასთან, პირველი ტიტული იმავე 1959-ში მოიპოვა (საკავშირო პირველობის პრიზიორი გახდა), 2011 წელს კი საქართველოს ეროვნულ პირველობაზე ჩემპიონობა “არმიას” დაასაკუთრებინა. მოთამაშისა და დამრიგებლის რანგში ლევან მოსეშვილის წოდებათა თვლას ბოლო არ უჩანს - XVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1964, ტოკიო), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), სამგზის მეორე (1959, 61, 69) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969), მწვრთნელის რანგში საკავშირო პირველობათა პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (მოსკოვის, ლენინგრადის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რსფსრ-ის ნაკრებებთან კიევში ჭიდილში), საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამოს”, “ავიამშენის”, “არმიას” მთავარმწვრთნელობისას. ბატონი ლევანი სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გახლავთ.

23 მაისს ლევან მოსეშვილს დაბადებიდან 75 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ღვაწლმოსილ სპორტსმენსა და დამრიგებელს შეხვედრა მოუწყვეს. სეოკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა დამსწრეთ კიდევ ერთხელ შეახსენა ბატონი ლევანის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, სამომავლოდ ჯანმრთელობა უსურვა და უხვადაც დაასაჩუქრა - ლევან მოსეშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალით დააჯილდოვა, ცნობილი ჟურნალისტის პაატა ნაცვლიშვილის ოლიმპიურ მოძრაობასა და თამაშებზე დაწერილი ხუთტომეული გადასცა და სეოკის სახელით ფულადი საჩუქარიც გაუკეთა.

ბატონ ლევანს საიუბილეო თარიღი სეოკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ვეტერანმა კალათბურთელებმა ვალერი ლომაძემ, ანტონ კაზანჯიანმა, გივი ბიჭიაშვილმა მიულოცეს. გამომსვლელებმა ლევან მოსეშვილის ღვაწლს საგანგებოდ გაუსვეს ხაზი, ჯანმრთელობა და ქართული კალათბურთის წინსვლა უსურვეს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ბატონი ლევანი წლეულს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის 2 საგზურით დააჯილდოვა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა და მწვრთნელმა კი მისთვის ჩვეული მაქსიმალიზმი გამოავლინა და ფედერაციის ხელმძღვანელობას საფრანგეთის ქალაქ ლილში ჩვენი ეროვნული გუნდის საპლეიოფე მატჩებზე დასწრების დაფინანსებაც “მოსთხოვა”. იმედია, საქართველოს ნაკრები ევრო2015-ზე, ლევან მოსეშვილთან ერთად, ყველა ჩვენთაგანს გაახარებს...

0.184942