კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ იმ გზებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც კლუბი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელთა შეძენასთან დაკავშირებით დაკისრებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას ეცდება.
არასრულწლოვან ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების გამო, “ბარსელონას” სატრანსფერო წესების დარღვევაში დასდეს ბრალი და ახალი მოთამაშეების შეძენა 2016 წლის 1 იანვრამდე აეკრძალა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე კლუბი უქმობას არ აპირებს.
“დიახ, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ვართ, მაგრამ გამოსავალის პოვნა ყოველთვის შეიძლება. არის ორი ვარიანტი: პირველი - შევიძენთ ფეხბურთელებს, ისინი ივარჯიშებენ პირველ გუნდთან ერთად და მონაწილეობას მიიღებენ ამხანაგურ შეხვედრებში; მეორე - შეძენის დროს ფეხბურთელს ძველ კლუბში თამაშის უფლებას 2016 წლის 1 იანვრამდე მივცემთ, რის შემდეგაც ისინი ჩვენთან გადმოვლენ” - განუცხადა ბართომეუმ RAC1-ს.
“ამჟამად მონიტორინგს ვუწევთ ჩვენი გუნდისთვის შესაფერისი ხასიათის მქონე არაერთ ფეხბურთელს. სელექციური მუშაობა არასდროს ჩერდება” - დაამატა პრეზიდენტმა.