ინგლისური პრესის ცნობით, ინგლისის ჩემპიონშიპის კლუბის, “დერბის” ხელმძღვანელობა, სტივ მაკლარენს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უახლოეს საათებში დაითხოვს.
“დერბი” დიდი ხნის განმავლობაში პრემიერლიგაში აღზევების ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ჩემპიონატის გაზაფხულის ეტაპი ჩააგდო და გუნდი პლეი ოფშიც ვერ მოხვდა. მოვლენათა ასეთი განვითარება არ აწყობდა კლუბის ხელმძღვანელობას, რომელსაც სემ რაშემი ხელმძღვანელობს და ის დღეს მაკლარენთან შეხვედრას გეგმავს. BBC Derby Sport-ის მტკიცებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით თანამდებობას დატოვებს.
გარდა ამისა, “დერბის” მმართველებს არ მოსწონდათ ის, რომ სეზონის საკვანძო მომენტებში მაკლარენი “ნიუკასლის” თვალთახედვის არეში ექცეოდა და “კაჭკაჭების” შეთავაზებებზე არცერთხელ გარკვევით არ თქვა უარი.
ინგლისური პრესა უკვე მაკლარენის შემცვლელის ძიებაშია და The Telegraph-ი ირწმუნება, რომ “დერბის” მთავარი მწვრთნელის პოსტს მადრიდის “რეალში” კარლო ანჩელოტის თანაშემწე, 43 წლის პოლ კლემენტი ჩაიბარებს. მართალია მას დამოუკიდებლად ჯერ არსად უმუშავია, მაგრამ ასისტენტობის დიდი გამოცდილება აქვს და ისეთ გუნდებში საქმიანობდა, როგორებიც “ჩელსი”, “ბლექბერნი”, პსჟ და “რეალი” არიან. ანჩელოტისთან ერთად ის სამ გუნდში მუშაობდა.