პანტიანში გრძელდება მორიგი 10-ათასიანი საჩოგბურთო ტურნირი, რომელშიც გასაგებ მიზეზთა გამო, არაერთი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება.
კვალიფიკაციაში ძალები ცამეტმა მასპინძელმა სცადა, რომელთაგან ძირითად ბადეში სამმა გააღწია, იქ კი, პირველი რაუნდის დაძლევა ხუთიდან სამმა ქართველმა შესძლო.
გიორგი ჯავახიშვილმა სტარტი ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან აიღო, ძირითად ბადეში კი ჰოლანდიელ კოლინ ვან ბეემს 6:3, 7:6 (7:2) სძლია და მერვედფინალში მე-6 ნომრად განთესილ იტალიელ მატეო მარფიას გაეჯიბრება.
კვალიფიკაცია დასძლია ალექსანდრე მეტრეველმაც, რომელმაც იტალიელი ფრანჩესკო გარძელი 6:2, 0:6, 6:2 დაამარცხა და ახლა, მე-4 რეიტინგის მქონე კიდევ ერთ იტალიელ მარკო ბორტოლოტის დაუპირისპირდება.
გიორგი ცივაძემ ბრიტანელ იმრან ასვატს 6:2, 6:1 მოუგო და მე-2 წრეში ძალებს ჰოლანდიელ ლენერტ ვან დერ ლინდენთან სცდის. გიორგი რევაზიშვილი რუს ანტონ გალკინთან დამარცხდა – 4:6, 2:6, ხოლო ირაკლი მეტრეველი ასევე რუს ილია ლებედევს ვერ გაუმკლავდა – 0:6, 2:6.
წყვილთა ტურნირში ალექსანდრე ბაკშიმ და ნიკა დოლიძემ გიორგი ჯავახიშვილი და შოთა მეფარიძე 6:3, 2:6, 10:7 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.
ცივაძემ და ამერიკელმა ვიკტორ გურევიჩმა ყატარელ ძმებ ზაიედებთან წააგეს (5:7, 2:6), ირაკლი მეტრეველი და რუსი დმიტრი ვორონინი კი ბრაზილიურ წყვილთან სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.