ჩაქვში მიმდინარე ევროპირველობაზე ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით მონაწილეთა დიდი ჯგუფი დაწინაურდა.
ქართველი მონაწილეებიდან დანაკარგის გარეშე ასპარეზობენ:
ნანა ძაგნიძე (2570), ნინო ბაციაშვილი (2473), ლელა ჯავახიშვილი (2472).
24 სვლაში საკმაოდ იოლად და დამაჯერებლად დაამარცხა ჯავახიშვილმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი; 2331). შავებმა პასიური გაგრძელება აირჩიეს და მეტოქის უზუსტო თამაში კარგად გამოიყენა ჩვენიანმა.
ესპანური პარტია გათამაშდა ნინო ბაციაშვილის შეხვედრაში აზერბაიჯანელ გუნაი მამამზადასთან (2336). შავი ფიგურებით მოასპარეზე ბათუმელმა ნელ-ნელა გადაითამაშა მეტოქე და დამაჯერებლად მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე.
ტურნირის რეიტინგ-ლიდერმა ნანა ძაგნიძემ შავი ფერის ფიგურებით რუს დიდოსტატს, მარინა გუსევას მოუგო. პარტიაში ნიმცოვიჩის დაცვა გათამაშდა და ქართველმა დიდოსტატმა თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა.
საინტერესოდ განვითარდა მერი ჟორჟოლიანის შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ, შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტთან (2393).თეთრი ფიგურებით ჟორჟოლიანმა გადამწყვეტი უპირატესობა მიიღო გამოცდილ მეტოქესთან. თუმცა, ტექნიკური რეალიზაცია გაუჭირდა და პარტია ფრედ დასრულდა.
კონტინენტის რიგით მე-16 ჩემპიონატი (საპრიზო ფონდით 60 000 ევრო) შვეიცარული სისტემით 11ტურად ტარდება და 31 მაისამდე გასტანს. თამაშები ყოველდღე 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო 26 მაისს მონაწილეები დაისვენებენ.
gcf.org.ge