“დინაო არენას” საპრესკონფერენციო დარაბაზში “დინამო თბილისის” ახალი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარადგინეს, ასევე სამწვრთნელო შტაბი. გუნდის უფროსი გია ჯიშკარიანი იქნება, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი, მეკარეების მომზადებაზე კი დავით ჯანელიძე იზრუნებს. გუნდის ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ექიმი, მასაჟისტები და ადმინისტრაცია იგივე შემადგენლობით რჩება.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ და გია გეგუჩაძემ ისაუბრეს.
რომან ფიფია:
გია გეგუჩაძის დანიშვნა ადრეც გვსურდა, თუმცა გარკვეულმა პრობლემებმა შეგვიშალა ხელი. ის წარმატებული მწვრთნელია და ამიტომაც შევაჩერეთ მასზე არჩევანი. მინდა წარმატებები ვუსურვო გია გეგუჩაძეს “დინამოსთან” ერთად. დარწმუნებული ვარ ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს. იმედი მაქვს გიას “დინამოში” მუშაობა იქნება წარმატებული როგორც “დინამოსთვის,” ასევე მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის.
- რატომ დატოვა თანამდებობა კახი გოგიჩაიშვილმა სეზონის დასრულებამდე ორი მატჩით ადრე?
- კახი გოგიჩაიშვილის გაშვება გუნდის წარუმატებლობამ განაპირობა. “დინამოს” თამაში მე არ მაძლევდა თასის ფინალში გამარჯვების იმედს. ამიტომაც მან და მისმა სამწვრთნელო შტაბმა სეზონის დასრულებამდე დატოვა გუნდი.
- გია გეგუჩაძე ყოველთვის ამბიციურ პროგრამებს უკავშირდება, “დინამოსთან” ერთად ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა. ალბათ ამ ამბიციით მოდის ის “დინამოში”. რამდენად მზად ხართ მისი ყველა მოთხოვნა დააკმყოფილოთ, გაიარეთ თუ არა ეს ტრადიციული გეგმა?
- გია გეგუჩაძეს არც ისე დიდი მოთხოვნები აქვს. გიას დახვდა საკმაოდ შეცვლილი “დინამო.” შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოთხოვნები ერთმანეთს ემთხვევა. მოთხოვნა არის, რომ შევქმნათ კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი. შეიძლება ეს გუნდი ვერ შეიქმნას ერთ წელიწადში, მაგრამ ორ წელიწადში და სამ წელიწადში გუნდის შექმნა შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ ეროვნულ ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო დიდი მიზნები.
ვეცდებით არ დავუშვათ შეცდომები სელექციაში და ვათამაშოთ ის ნიჭიერი ბიჭები, ვინც ჩვენ ხვალ დაგვეხმარება და დაგვიდგება გვერდში.
- ბატონო რომან ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები ფეხბურთის ფედერაციაში. შესაძლებელია, რომ გახდეთ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი?
- გამორიცხული ნამდვილად არაფერია, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია. მე ნამდვილად მაწუხებს რაც ხდება ქართულ ფეხბურთში. თვალს ვერ დავხუჭავ. ქართულ ფეხბურთში აუცილებელია პირობების გაუმჯობესება. ასევე აუცილებელია პროგრამის შექმნა, რომელიც ფეხბურთს განავითარებს. გამოუვალი მდგომარეობა თუ შეიქმნა, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ დავუჭერთ იმ კანდიდატს მხარს, ვინც ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს.
გია გეგუჩაძე:
დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დაფასებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რომანს და მთლიანად გუნდის ხელმძღვანელობას. ასევე ძალიან დიდი მადლობა “დინამოს” გულშემატკივრებს, რომელთა მხრიდან ყურადღებას და პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჟურნალისტებს, მათგან ვგრძნობდი ყურადღებას. არაერთმა თქვენგანმა მომილოცა ახალი თანამდებობა.
ასევე დიდი მადლობა იმ მწვრთნელთა ჯგუფს, რომელიც ჩემს მოსვლამდე მუშაობდა გუნდში. მათ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მიმართებაში შექმნეს საბაზისო საფუძველი. შესაძლოა შედეგი არ იყო მისაღები, მაგრამ საერთო ჯამში სპორტის ყველა სახეობაში მთავარია შედეგი.
მინდა წარმოგიდინოთ ის მწვრთნელები, რომლებიც იმუშავებენ ჩემთან ერთად. ესენი არიან: გურამ ასპინძელაშვილი, გია ჯიშკარიანი და დავით ჯანელიძე.
- რა იქნება გუნდის მიზანი?
- ჩვენი მიზანი იქნება ცალკეულ ფეხბურთელთა და მთლიანად გუნდის პროგრესი. ასევე საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოპოვება. ამ ტურნირებზე გამარჯვება გულშემატკივართა მოთხოვნაა. შიდა ჩემპიონატში წარმატებული თამაში ხომ გზა ევროტურნირებზე თამაშისა. რაც შეეხება ევროტურნირებზე წარმატებას, ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში ძალიან მძიმე ვითარებაა და საუბარი რომელიმე ევროტურინირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაზე, ძალიან რთული იქნება.
- მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე რას ფიქრობთ?
- გუნდების რაოდენობის გაზრდას ვერ დავეთანხმები. დაძაბულობა არ არის ხარისხის განმსაზღვრელი. ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება.
- გუნდი გაძლირებას საჭიროებს?
- გაძლიერების სურვილი ყოველთვის არსებობს, ვფიქრობ დღევანდელ “დინამოში” არის რგოლები, რომლებიც გაძლიერებას საჭიროებს, თუმცა არ დავკონკრეტდები. გაძლიერება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. გუნდში არსებული პრობლემების სიღმისეული განხილვის შემდეგ ვიფიქრებთ გაძლიერებაზე.