კალათბურთი

22:33 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული ბრძოლა ქუთათურთა გამარჯვებით დასრულდა

სუპერლიგის პლეიაუტის გადამწყვეტ შეხვედრაში “ქუთაისმა” და “სოხუმმა” ბრწყინვალე სანახაობა მოუწყვეს ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას საკალათბურთო დარბაზში მოსულ ქომაგებს. მატჩში საჭირო გახდა ოვერტაიმი, იყო საუცხოო გათამაშებები და ეფექტური გდებები. ამავდროულად იყო დაცვაში ხისტი და საიმედო თამაშიც. ფაქტობრივად 5 პერიოდიდან 4 ქუთაისელთა სასარგებლოდ დასრულდა. თუმცა ერთი პერიოდის ჩავარდნა ქუთათურებს ოვერტაიმის თამაშის ფასად და ზოგადად კინაღამ წაგებად დაუჯდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი მთლიანად ქუთათურთა უპირატესობით წარიმართა. პირველ მეოთხედში მირზა სარალიას ჩინებული და შედეგიანი თამაშის წყალობით რიონისპირელებმა წინ “გაქცევა” მოახერხეს და პერიოდი 21:17 მოიგეს. დროის ამ მონაკვეთში სლოვენიელმა ლეგიონერმა 3 სამქულიანი ისროლა ზუსტად. საერთო ჯამში კი მირზამ შეხვედრაში 26 ქულა დააგროვა. იგი მხოლოდ ზაურ ფაშაევს ჩამორჩა, რომელსაც ფენომენალური შედეგი ჰქონდა – 29 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა. ქუთაისელთაგან ასევე აღსანიშნავია ანატოლი ბოისას სტატისტიკაც – 13 ქულა, 14 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა. მეორე მეოთხედში უკვე თავი ზაურ ფაშაევმა წარმოაჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს ულიდერა და ტაიმი “ქუთაისმა” 43:36 მოიგო.

მესამე პერიოდში “სოხუმელებმა” მაქსიმალურად მოინდომეს და მეტოქეს დიდი “გაქცევა” მოუწყვეს. დროის ამ მონაკვეთში 5 წუთი ისე გავიდა, რომ რიონისპირელებს ერთი ქულაც არ ჩაუგდიათ. გასაოცრად კარგად ითამაშეს პეილეიმ და ბექაურმა, რომლებმაც 3-3-ჯერ ზუსტად ისროლეს პერიმეტრიდან. ორივე ამ კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა. ამერიკელმა ლეგიონერმა 20 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა თავი, ხოლო ბექაურმა 21 ქულას და 10 მოხსნას. სოხუმელთაგან კიდევ ერთმა კალათბურთელმა უწია 20 ქულიან ზღვარს. ირაკლი ჩლაიძემ 20 ქულა დააგროვა, 8 მოხსნასთან და 5 გადაცემასთან ერთად. მეოთხედი კი “სოხუმმა” 31:18 მოიგო, ხოლო გადამწყვეტი პერიოდის წინ ტაბლოზე ანგარიში 56:67 იყო სტუმრების სასარგებლოდ.

ბოლო მეოთხედი სოხუმელთათვის ძალზე უიღბლოდ წარიმართა. მათ მთელი მეოთხედის განმავლობაში 3 ქულა ჩააგდეს, ხოლო ქუთათურებმა 14 ქულის ჩაგდება მოახერხეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებითი ხუთწუთეული ძალზე შედეგიანი გამოდგა, რომელშიც გაცილებით უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ, 24:14 მოიგეს, საბოლოოდ 94-84 იმარჯვეს და მე-5 ადგილისათვის პაექრობაში “მგზავრები-არმიასთან” თამაშის უფლება მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115276