დღეიდან, ჩაქვის სასტუმრო ოაზისში სტარტი აიღო ქალ მოჭადრაკეთა ევროპის რიგით მე-16 პირველობამ. ჩემპიონატში 20-მდე ქვეყნის 99 მოჭადრაკე ასპარეზობს და საკმაოდ წარმომადგენლობითი ხასიათისაა.
კონტინენტის ჩემპიონატი (საპრიზო ფონდით 60 000 ევრო) შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და 31 მაისამდე გასტანს.
მონაწილეთა შორის არიან მსოფლიოს ორი ექსჩემპიონი პირად პირველობაში - ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა და უკრაინელი ანა უშენინა; პირველი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიუკრაინელი ნატალია ჟუკოვა.
2015 წლის გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები: ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე და ნინო ბაციაშვილი. ჩემპიონატის რეიტინგ ფავორიტი, მსოფლიო რეიტინგით მე-4 ნანა ძაგნიძე.
აღსანიშნავია, რომ 10 ქალი - ვაჟთა შორის უმაღლეს ტიტულის ‘საერთაშორისო დიდოსტატი’-ს მფლობელია.
აქამდე ქართველი მოჭადრაკეების მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგები ევროპის ჩემპიონატებზე:
მაია ჩიბურდანიძე - III ადგილი - ბათუმი 2000 წ.
ქეთევან არახამია - III ადგილი - ვარშავა 2001 წ.
სალომე მელია - II ადგილი - ბელგრადი 2013 წ.
III ადგილი - პლოვდივი 2014 წ.
ჩემპიონატი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა გახსნა ჩემპიონატის რეიტინგ-სიის ლიდერის ნანა ძაგნიძის პარტიაში პირველი სვლის გაკეთებით.
პრეზიდენტის პირველი სვლა ლაზიერის პაიკით წარმატებული აღმოჩნდა ქართველი მოჭადრაკისთვის.
აგრეთვე, აღსანიშნავია თითქმის ყველა ქართველი ფავორიტი მონაწილის გამარჯვება პირველ ტურში.
ტურნირის რეიტინგ-სიის ლიდერმა, მსოფლიო საჭადრაკო კლასიფიკაციით მეოთხე მოჭადრაკე, ნანა ძაგნიძემ (2570) საბინა იბრაჰიმოვა(აზერბაიჯანი; 2272) დაამარცხა. ხოლო, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმა შესაბამისად დაამარცხეს:
სალომე მელიამ (2452) სვეტლანა პეტრენკო (მოლდავეთი; 2207), ნინო ბაციაშვილმა (2473) მარტინა კორენოვა (ჩეხეთი;2241), ლელა ჯავახიშვილმა (2472) დინა ბელენკაია (რუსეთი; 2235), მერი არაბიძემ (2403) აიდან ჰოჟატოვა (აზერბაიჯანი; 2168).
ტურის სასიამოვნო სიუპრიზ-სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს ევროპის ვერცხლის პრიზიორის 16-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ნინო ხომერიკის (2228) ფრედ დასრულებული შეხვედრა მსოფლიოს ექსჩემპიონ ანა უშენინასთან(უკრაინა; 2467).
http://gcf.org.ge/