საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” პირველი ლიგის A ზონაში ბოლო ოფიციალურ მატჩში თანაქალაქელი სტუ 2:0 დაამარცხა და 87 ქულა დააგროვა.
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ვებგვერდის ინფორმაციით, მასპინძლებმა სხვადასხვა მიზეზის გამო წამყვანი ფეხბურთელები მოისაკლისეს და გია ჭიაბრიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში მეტწილად 14-15 წლის მოთამაშეები დააყენა.
გარდა სამი ფეხბურთელისა (იაშვილი, სოფრომაძე, ჯიქია), უმეტესობას პირველ ლიგაში დებიუტი ჰქონდა. სამწვრთნელო შტაბმა ასპარეზი იმ ახალბედებს დაუთმო, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში გამორჩეულნი არიან.
“საბურთალოდან” ანგარიში მე-7 წუთზე სოფრომაძემ გახსნა, ხოლო 57-ეზე მეორე გოლი ჯიქიამ გაიტანა.
“საბურთალო” პირველი ლიგის A ზონაში ჩემპიონი გახდა და მომავალ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დებიუტი ექნება.