ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში განთესილ მოთამაშეთა შორის მოხვდა. საქართველოს პირველი ჩოგანი როლან გაროსზე პირველ მატჩს დღეს საღამოს ჩაატარებს.
23 წლის ბასილაშვილს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 135-ე ადგილზეა, კვალიფიკაციაში 27-ე განთესვა ერგო და საწყის რაუნდში ლასლო ჯერეს ეთამაშება. სერბი ჩოგბურთელი 20 წლის ივნისში ხდება, კლასიფიკაციაში კი 219-ე პოზიციაზე გახლავთ.
ქართულ-სერბული დაპირისპირება მე-12 კორტზე ბოლო წყებაში გახლავთ დაგეგმილი და 19:00 საათზე ადრე არ დაიწყება. თუკი ნიკოლოზმა გამარჯვება იზეიმა, 8 სარეიტინგო ქულას მიიღებს და ბიორნ ფრატანჯელოს (აშშ) და ალექს ბოლტს (ავსტრალია) შორის უმჯობესს დაელოდება.
საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასასვლელად, სულ, 3 მატჩის მოგებაა საჭირო.