ჩოგბურთი

13:53 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პანტიანის საჩოგბურთო ტურნირში 23 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ

პანტიანის საჩოგბურთო კლუბში სტარტი აიღო მორგიგმა საერთაშორისო ტურნირმა (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ვაჟთა შორის, რომლის შემდეგაც ქალთა ანალოგიური შეჯიბრებაც ჩატარდება. გახსნის ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.

“ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია, საინტერესო დაპირისპირებები ვნახეთ და ვიმედოვნებ, ასეც გაგრძელდება. კლუბში სასიამოვნო გარემოა და ჩინებული ატმოსფერო, ასეთი შეჯიბრებები კი დამეთანხმებით, ჩვენში ჩოგბურთის განვითარების წინაპირობაა”, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ.

“წლევანდელ შეჯიბრებაში 23 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტურნირი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუმრები აქაურობით კმაყოფილნი დარჩებიან. საინტერესო თამაშებია და დიდი იმედი მაქვს, ფინალამდე ასე გაგრძელდება”, - განაცხადა ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ პანტიანში პირველი ტურნირი გასულ კვირას დაიწყო და წვიმიანობის გამო, მისი დასრულება მიმდინარე კვირისთვის გადმოიდო, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი გიორგი ჯავახიშვილმა აჩვენა, რომელმაც მერვედფინალამდე მისვლა შესძლო.

პანტიანის რიგით მე-2 ტურნირზე საკვალიფიკაციო მატჩები დღეს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ძირითადი ბადის ყველა წევრის ვინაობასაც შევიტყობთ.

www.msy.gov.ge-ს ვიდეო

0.113493