სხვა

21:06 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეპორტაჟი ახალი არენის მშენებლობიდან

15 მაისს ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის მშენებარე ახალი სახელბურთო არენის შესახებ, სადაც გამოთქმული იყო ეჭვი, რომ შესაძლოა, მშენებლობის დასრულება დათქმულ ვადამდე ვერ მოესწროს. დღეს გთავაზობთ რეპორტაჟს მშენებლობიდან.

ახალ დარბაზში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ოლიმპიური ფესტივალის სახელბურთო ტურნირის ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, საორგანიზაციო კომიტეტი აპირებს ტურნირის თბილისის სპორტის სასახლეში გადატანას. აქ, ერთ დარბაზში უნდა გაიმართოს ორივე, ბიჭებისა და გოგონების შეჯიბრება 5 სათამაშო დღის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში უნდა ჩატარდეს 8 მატჩი, რასაც სახელბურთო სტანდარტებით 16 საათი სჭირდება. დაგეგმილია, რომ ჭაბუკ კალათბურთელთა შეჯიბრება გადაინაცვლებს ვერის პარკის დარბაზში, ხოლო კალათბურთელ გოგონათა - დინამოს საწვრთნელ ბაზაზე.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიდის და ყველაფერი დათქმულ დედლაინამდე, 5 ივლისამდე მოესწრება. თბილისი-2015 ოლიმპიადის პირველი სათამაშო დღე 27 ივლისია, თუმცა, იქამდე სატესტო ტურნირის გამართვა და ყველაფრის შემოწმება უნდა მოხერხდეს.

ახალ სპორტულ არენაზე ორი დარბაზია - 3500 და 800 მაყურებელზე და აქვს საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. მშენებლობა დაიწყო 2014 წლის სექტემბერში. თითქმის 3 თვე დასჭირდა საძირკვლის გათხრას, უშუალოდ კონსტრუქციის ამოყვანა დაიწყო დეკემბერში. მშენებლობა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს, 18 მაისს, საღამოს, უნდა დასრულებულიყო მთვარი დარბაზის გადახურვა.

სათამაშო მოედანი მოსწორებულია და ნახევარზე უკვე დასხმულია ბეტონის საფარი. გვერდითი კედლების კონსტრუქციები უკვე ამოყვანილია და იატაკის ბეტონის ფენისა და სახურავის დასრულების შემდეგ დაიწყება მათი შევსება სპეციალური სამშენებლო პანელებით, რის შემდეგაც მთავარი დარბაზის ძირითადი კონსტრუქცია მზად იქნება - სავარაუდოდ, ათიოდ დღეში. ნულოვან, სათამაშო დონეზე სრულდება გასახდელებისა და სათავსოების მოპირკეთება.

ზედა ოთხ დონეზე იქნება მაყურებელთა შესასვლელი ტრიბუნებზე, მედიის ტრიბუნა და პრესცენტრი, საკომენტატორო ჯიხურები, VIP ლაუნჯი და შესასვლელი სპორტსმენებისათვის. აქ ყველგან დასრულებულია გატიხვრა, მიმდინარეობს და ზოგგან დასრულებულია მოპირკეთება. ვენტილაცია-კონდიცირების სისტემა ბოლომდეა აყვანილი.

მცირე დარბაზშიც ხუთი დონეა. ნულოვან სართულზე, სადაც იქნება მაყურებლების შესასვლელი ორივე დარბაზში, დაწყებულია ბეტონის იატაკის დაგება. გამზადებულია ლითონის გარე კონსტრუქციები და უკვე იწყება შენობის შემინვა. ეს ნაგებობა უკვე გადახურულია. რაც შეეხება სათამაშო მოედნის გადახურვას, მზიდი ხარიხები უკვე დაყენებულია, დაწყებულია დამატებითი საყრდენების მონტაჟი, რის შემდეგაც ჭერი აქაც დასრულდება.

სათამაშო დარბაზში უკვე ჩასხმულია ტრიბუნები, გასახდელები გატიხრულია და მიმდინარეობს მოპირკეთება. მომდევნო სართულებზეც მოპირკეთებაა გაჩაღებული. აქ იქნება სამზარეულო და კაფე, ხელბურთის ფედერაციის, ორგკომიტეტისა და ადმინისტრაციის ოფისები და ბოლო სართულზე - 25-ადგილიანი სასტუმრო.

ორივე დარბაზის ყველა ოთახსა და სათავსომდე მიყვანილია კომუნიკაციები. ივნისის პირველ დეკადაში უნდა დასრულდეს როგორც შენობის მთავარი კონსტრუქცია, ასევე ძირითადი მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შემდეგაც დარჩენილ ერთ თვეში უნდა მოესწროს შენობის ტექნოლოგიური აღჭურვა გარე სივრცის დასრულება და საბოლოო კეთილმოწყობა. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გეგმა კი ასეთია.

0.233168