საფრანგეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლიგა 1-ის 2014/2015 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთნელი დაასახელა. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი "ლიონის" თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი გახდა, რომელმაც 33 ჩატარებულ შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე "ლიონის" 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი გახდა, რომელმაც 33 მატჩში 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი და 12-ჯერ გუნდელებს გაატანინა.
ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო მეკარედ "მარსელის" კიპერი სტივ მანდანდა დასახელდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის წოდება "პარის სენ-ჟერმენის" დამრიგებელს ლორან ბლანს ერგო, რომელმაც პარიზული კლუბი გააჩემპიონა.
ასევე დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო სიმბოლური, რომელშიც ყველაზე მეტი, ექვსი მოთამაშე "პარის სენ-ჟერმენიდან" ფიგურირებს.
ლიგა 1-ის წლის საუკეთესო თერთმეტეული ასეთია:
მეკარე: სტივ მანდანდა ("მარსელი");
მცველები: კრისტოფ ჟალე ("ლიონი"), ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი (სამივე პსჟ);
ნახევარმცველები: ხავიერ პასტორე, მარკო ვერატი (ორივე პსჟ), დიმიტრი პაიე ("მარსელი"), ნაბილ ფეკირი ("ლიონი");
თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ალექსანდრ ლაკაზეტი ("ლიონი").