რაგბი

16:38 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

Pro D2-ში ფინალისტები გაირკვა

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, Pro D2-ის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე ერთი მატჩი დარჩა. Top 14-ში ასასვლელ პლეი ოფში, 24 მაისს, ერთმანეთს “მონ-დე-მარსანი” და “აჟენი” ეთამაშებიან.

ნახევარფინალში ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანმა” ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” 22:8 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ შეყლაშვილი იყო და მან შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა. ამ დროს სტუმრები 0:19 აგებდნენ, მერე შერკინებაში იმძლავრეს და ჯარიმით და ლელოთი ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს.

უფრო დაძაბული გამოდგა დიმიტრი ბასილაია და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანისა” და თამაზ მჭედლიძის და გიორგი თეთრაშვილის “აჟენის” შეხვედრა. სამწუხაროდ, ქართველ ლეგიონერებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ. 25 წუთის შემდეგ “პერპინიანი” 16:0 იგებდა, მაგრამ მერე “აჟენმა” სამი ლელო გაიტანა და 19:16 დაწინაურდა. მასპინძლებმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ მალევე ლელო-გარდასახვა გაუშვეს. 67-ე წუთზე “პერპინიანმა” თავისი მეორე ლელო გაიტანა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 26:26. დამატებითი დროის პირველ ტაიმში “პერპინიანმა” ორი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ მეორე ტაიმში, 95-ე და 99-ე წუთებზე ჯარიმები “აჟენმა” მიითვალა და ისევ ფრე - 32:32. აქ საქმეში დებულება ჩაერთო და ფინალში “აჟენი” გავიდა, რომელსაც ორის წილ 4 ლელო ჰქონდა გატანილი.

0.125711