ფეხბურთი

21:43 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მცხეთა პარკის” სიხარული

“ვიტ ჯორჯიამ” ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “მცხეთა პარკის” ბინადრებმა კახაბრიშვილის გოლით “კოლხეთი” დაამარცხეს და სეზონის მეორე ნახევარში პირველად დააღწიეს თავი ბოლო ადგილს.

თამაში “ვიტ ჯორჯიას” აქტიურობით დაიწყო. მცხეთელებმა მარჯვენა ფლანგზე განავითარეს იერიში, მაგრამ შეტევა ლობჯანიძის სუსტი დარტყმით დასრულა და სეფიაშვილმა ბურთი ადვილად დაიჭირა.

ამის შემდეგ “კოლხეთის” მოთამაშეები გააქტიურდნენ. მათ ზედიზედ რამდენჯერმე მოაწოდეს კუთხური. ფოთელები მასპინძლებზე სწრაფად მოქმედებდნენ. გამოსარჩევია გურეშიძე-ამბროლაძე-ჯიქიას თამაში, თუმცა მათ მონდომებას გოლი არ მოჰყოლია.

მატჩი ორმხირივი შეტევებით მიმდინარეობდა. ლებანიძის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა მასპინძლებმა კარგად გაითამაშეს, ლობჯანიძემ მეკარის საჯარიმოსკენ გააკეთა პასი, თუმცა კახაბრიშვილი ბურთს ვერ შეწვდა. რეალური საგოლე მომენტი ვერ შეიქმნა.

“ვიტ ჯორჯიელთა” აქტიურობას საპასუხო შეტევა მოჰყვა. გურამ გურეშიძემ შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ შეროზიამ მოახერხა ბურთის მოგერიება.

რამდენიმე წუთში “ვიტ ჯორჯიელმა” ერეკლე ლებანიძემ იაქტიურა. მან ბურთი კარგად მიიღო, დაამუშავა, თუმცა ლობჯანიძის მისამართით გაკეთებული პასი მცველებმა ჩაჭრეს. პასის “გასვლის” შემთხვევაში ლობჯანიძე სეფიაშვილთან ერთი-ერთზე რჩებოდა.

ტაიმის ბოლოს გუნდებმა კარისკენ თითო-თითო დარტყმა შეასრულეს. მასპინძელთაგან მაისურაძემ არაზუსტად დაარტყა, ფოთელი ჩაკვეტაძის დარტყმა კი შეროზიამ აიღო.

მეორე ტაიმი მცხეთელების შეტევით დაიწყო. მათ სტანდარტული დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვეს. საბაძის პასით ლობჯანიძე დასარტყმელ პოზიციაზე გადიოდა, თუმცა ფორვარდმა ბურთი ცუდად მიიღო, წინ გაექცა და დარტყმა ვერ მოასწრო.

63-ე წუთზე “კოლხეთის” დაცვა ჩავარდა. საბაძემ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმო მოჭრილი პასი გააკეთა. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში კახაბრიშვილი შევარდა, ბურთს მიწვდა, დაარტყა და გაიტანა. მასპინძელთა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა ერთხმად დაიყვირა: გოოოოოლ!

რამდენიმე წუთში კახაბრიშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა ბურთი კარს ააცილა. შემდეგ საბაძე წააქციეს, სტანდარტული მაისურაძემ შეასრულა, მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

მიუხედავად მასპინძელთა შეტევებისა, ფოთელთა ახალგაზრდულმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, მაღალტემპიან ფეხბურთს სწორედ “კოლხეთი” თამაშობს, თუმცა მათი შეტევები დახვეწას საჭიროებს, უფრო მეტი სიზუსტეა საჭირო.

ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა გურეშიძეს, რომელმაც შორიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს. სიზუსტის შემთხვევაში ძნელი სათქმელია, აიღებდა თუ არა ბურთს შეროზია.

წამატებულ დროში “კოლხეთმა” მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს სტანდარტული შეასრულა, თუმცა ცვლილებაზე შემოსული გუგუშვილის დარტყმა “ცოცხალ კედელს” მოხვდა.

ბოლო ტური 22 მაისს გაიმართება. სეზონის ბოლო დღეს “ვიტ ჯორჯია” ჩემპიონ გორის “დილას” ესტუმრება.

ვიტ ჯორჯია – კოლხეთი 1:0 (0:0)

17 მაისი, მცხეთა, “მცხეთა პარკი,” 100 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია, ლებანიძე, გახარია (მერაბიშვილი 90+2), კურდღელაშვილი (ბუნტური 87), მაისურაძე, კახაბრიშვილი, ლობჯანიძე

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

კოლხეთი: სეფიაშვილი, თედო კაკულია (გუგუშვილი 76), ჩადუნელი, თევზაძე, ლევან კაკულია (ქორჩილავა 64), გიგაური, ამბროლაძე (სარსანია 83), ჩაკვეტაძე, გურეშიძე, ჯიშკარიანი, ჯიქია

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინიაშვილი

გოლები: 1:0 კახაბრიშვილი (საბაძის პასი 63)

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა

გაფრთხილება: კურდღელაშვილი (58), კაკულია (60), კალანდია (75)

1. დილა 29 18 7 4 47:21 61
2. დინამო ბთ. 29 17 4 8 37:23 55
3. დინამო თბ. 29 16 7 6 53:28 55
4. ცხინვალი 29 16 4 9 46:36 52
5. ჩიხურა 29 13 7 9 39:33 46
6. სამტრედია 29 12 6 11 36:29 42
7. შუქურა 29 11 8 10 35:35 41
8. ტორპედო 29 10 10 9 38:32 40
9. გურია 29 10 9 10 36:40 39
10. კოლხეთი 29 9 9 11 30:30 36
11. მერანი 29 9 9 11 27:29 36
12. ზუგდიდი 29 7 9 13 21:45 30
13. ბოლნისი 29 8 5 16 29:44 29
14. ვიტ ჯორჯია 29 7 5 17 27:37 26
15. ზესტაფონი 29 6 8 15 40:58 26
16. მეტალურგი 29 6 7 16 24:45 25

0.117214