კოკისპირულმა წვიმამ ქუთაისში თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო და როგორც იქნა, ქალაქში მზემ გამოანათა, რამაც ფეხბურთელებს ნორმალურ პირობებში თამაშის საშუალება მისცა.
ქუთაისის “ტორპედოსა” და ქობულეთის “შუქურას” მიმდინარე ჩემპიონატში საკუთარი ბედი გადაწყვეტილი აქვთ. ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილშია, თუმცა არცერთ მათგანს ევროზონაში მოხვედრის შანსი არა აქვს. ერთადერთი ინტრიგა ამ მატჩში ის იყო, რომ თუ ზღვისპირელები გაიმარჯვებდნენ, ორი ქულით წინ მყოფ ქუთათურებს მეშვიდე ადგილს “წაართმევდნენ”, ხოლო რიონისპირელებს წარმატების შემთხვევაში შანსი ეძლეოდათ, “სამტრედიის” მეექვსე ადგილი დაეკავებინათ, თუ სამტრედიელები გამარჯვებას ვერ მოახერხებდნენ საჩხერეში.
შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. ნელნელა მასპინძლების ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა. სადებიუტო წუთებში უნდა გამოვარჩიოთ კლიმიაშვილის და კირკიტაძის დარტყმები. პირველის შემდეგ ბურთი მეკარე კაკალაძის იოლი ნადავლი შეიქმნა, ხოლო კირკიტაძის დარტყმულს სიზუსტე მცირედით დააკლდა.
მე-13 წუთზე ისევ კირკიტაძის აქტიურობით შეიქმნა პირველი რეალური ხიფათი სტუმართა კართან, როდესაც დათომ დროულად “შეაყოლა” ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილ კვარაცხელიას, რომელმაც ძლიერი დარტყმით გააგრძელა ეს კომბინაცია, მაგრამ კაკალაძემ ნახტომში ფეხით ითამაშა დიდებულად და საგოლე ხიფათიც განიმუხტა.
21-ე წუთზე ისევ კვარაცხელია მოექცა მოვლენების ეპიცენტრში, როდესაც ასისტენტობა კლიმიაშვილმა გაუწია. ქუთაისელთა ფორვარდი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კვარაცხელიამ მასთან შესახვედრად გამოსულ კაკალაძესაც და მეტოქის კარსაც ააცილა ბურთი. თითქმის მაშინვე ბაბუნაშვილი ურტყამდა თავს მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს, მაგრამ გამოცდილ ნახევარმცველს თავური არ გამოუვიდა.O ორიოდ წუთში შოთას ისევ შეეძლო გატანა, მაგრამ ქუთაისელთა რამდენიმესვლიანი კომბინაციის დასრულება მისთვის “უხერხული” მარჯვენა ფეხით ვერ მოახერხა.
28-ე წუთზე ქუთაისელები გამოუყენებელი მომენტებისათვის კინაღაამ დასაჯნენ. ქობულეთელთა სწრაფი იერიშისას პუკანიჩმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ნუნიესს, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ფორვარდის დარტყმული მცირედი|თ აცდა იმერთა კარს. Aმის შემდეგ ქუთათურები ზედიზედ ორჯერ სტანდარტულიდან დაემუქრნენ აჭარელთა კარს. პირველად მამასახლისის საჯარიმო დარტყმა მოწინააღმდეგის კარის “ჯვარედინამ” აისხლიტა. ცოტა ხანში კი კლიმიაშვილის ტრადიციული, ჩახვეული კუთხური ხარიხას მოხვდა და სტუმრები კიდევ ერთხელ გადარჩნენ.
თამაში ნელნელა დამშვიდდა და ტაიმის მიწურულს ქუთათურთა უპირატესობა ისე თვალსაჩინო აღარ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს რამდენიმეჯერ კიდევ შეეძლოთ გაემწვავებინათ სიტუაცია მოწინაააღმდეგის კართან, მათ საქმე საბოლოო დარტყმამდე ვეღარ მიჰყავდათ. თავი არც სტუმრებს გამოუდვიათ სახიფათო მომენტების შექმნით და შესაბამისად მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ – 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი სტუმრებმა გაცილებით უკეთ დაიწყეს და რაღაც პერიოდი, მათ ბურთზე კონტროლის დაწესება შეძლეს, თუმც მცირე ხნით. თამაშის განახლებიდან 10 წუთის განმავლობაში ერთადერთი დარტყმა გაკეთდა და ისიც სტუმრების მხრიდან. სტანდარულის შესრულების დროს, ხოჭოლავამ თავით ცადა ჩელებაძის გადაცემის გამოყენება, მაგრამ დარტყმა უზუსტო გამოუვიდა.
მე-60 წუთზე ზღვისპირელებმა ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და ანგარიშიც გახსნეს. ეს ყველაფერი კუხიანიძის და ნუნიესის ორსვლიანი გათამაშების შედეგად მოხდა, როდესაც “შუქურას” გამთამაშებელმა ბურთი მაღალ სისწრაფეზე შეიგდო და მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ შევიდა. კუხიანიძემ მასთან შესახვედრად გამოსულ შევჩენკოს მოჭრილი და ზუსტი დარტყმით შანსი არ დაუტოვა და ყოფილ კლუბს გოლი გაუტანა. გიორგის ტრადიციისამებრ ეს არ აღუნიშნავს, თუმცა მისმა დიდებულმა გარჯამ “შუქურა” დააწინაურა – 0:1.
ქუთათურები მალევე შეეცადნენ წონასწორობის აღდგენას, მაგრამ მალევე მეორე გოლი მიიღეს. 65-ე წუთზე ქობულეთელებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს, რომელიც ჩელებაძემ შეასრულა. გიორგის ჩამოწოდებულზე პუკანიჩმა ითამაშა თავით კარგად და მეკარის ბაქანში მყოფ Gიორგი გურულს ჩინებული პასი გაუკეთა. თავის მხრივ გურულმაც დასწრებაზე კარგად ითამაშა და ახლო მანძილიდან თავურით მეორე გოლი გაიტანა. პირველი შემთხვევის მსგავსად ახლაც გოლის ავტორი ყოფილი ტორპედოელი და ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გახლდათ, ამიტომაც ემოციები არც გიორგი გურულს გამოუხატავს – 0:2.
ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად მასპინძლებს მალევე შეეძლოთ გატანაც და წონასწორობის აღდგენაც. გატანის ბრწყინვალე შანსი გაუშვა ბაქარ მირცხულავამ, რომელმაც ბაბუნაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხური მაღალ ნახტომში მოიგო, მაგრამ ზუსტი დარტყმა ვეღარ შეძლო, თორემ კაკალაძეს კარის გადარჩენის შანსი აღარ ექნებოდა. 69-ე წუთზე მოედანზე ახლადშესულ კვერნაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ფორვარდმა ოდნავ მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმა ვერ მოახერხა. ხუთიოდ წუთში ისევ კვერნაძეს შეეძლო სხვაობის შემცირება, როდესაც კირკიტაძემ ჩინებული გადაცემა გაუკეთა, მაგრამ ტანმაღალმა კვერნაძემ საპენალტეს შიგნიდან ძალზე სუსტი დარტყმა განახორციელა და ბურთი პირდაპირ კაკალაძის ხელში აღმოჩნდა. ცოტა ხანში ადამაძე ურტყამდა ახლო მანძილიდან ქობულეთელთა კარისკენ, მაგრამ ბურთს გიორგი გურული გადაეღობა და კუთხურზე გადავარდა.
თამაშის საეპილოგო წუთებში მასპინძლები ისევ დიდი ძალებით უტევდნენ. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს კვარაცხელიას ძალზე ეფექტური თამაში და ძლიერი დარტყმა ოდნავ მახვილი კუთხიდან, მაგრამ კაკალაძე ამ შემთხვევაშიც უნაკლოდ გაისარჯა და ბურთი ნახტომში უკუაგდო. ამას ადამაძის სუსტი დარტყმაც მოჰყვა საჯაარიმოს შიგნიდან, არადა ქუთაისელთა კაპიტანს შესანიშნავი მდგომარეობა ჰქონდა. ქუთაისელთა ასეთი შეტევების ფონზე სტუმრებს რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევის საშუალებაც მიეცათ, მაგრამ საქმე საბოლოო დარტყმამდე ვერ მიიყვანეს.
არბიტრის მიერ დამატებულ დროში ბაბუნაშვილის ასისტენტობის შემდეგ კვარაცხელია ურტყამდა ახლო მანძილიდან მცველებთან ბრძოლაში, მაგრამ კაკალაძე ამ შემთხვევაშიც შეუვალი აღმოჩნდა და ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. დარჩენილ დროში კდევ რამდენიმეჯერ მიიტანეს რიონისპირელებმა მეტოქის კარზე იერიში, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს. “შუქურამ” ამ გამარჯვებით ერ|თი ქულით გადაასწრო “ტორპედოს” და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.
“ტორპედო” – “შუქურა” 0:2 (0:0)
17 მაისი. 17:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”. 1500 მაყურებელი
“ტორპედო”: შევჩენკო, კირკიტაძე, მირცხულავა, ადამაძე, ზაზა ჭელიძე, იოსელიანი, ბაბუნაშვილი, ბექა ტუღუში, კლიმიაშვილი (კვერნაძე, 58, გოგუაძე, 89)), კვარაცხელია, მამასახლისი (პუხაევი, 67).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
“შუქურა”: კაკალაძე, კომახიძე, გიორგი გურული, ხოჭოლავა, მალანია, ჩალაძე, პუკანიჩი, კუხიანიძე, ჩელებაძე, თუხარელი (როდრიგესი, 46, კოპალიანი, 89), ნუნიესი (ზაზა ტუღუში, 80).
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია
გოლი: 0:1 კუხიანიძე (60), 0:2 გურული (65),
გაფრთხილება:
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)
1. | დილა | 29 | 18 | 7 | 4 | 47:21 | 61 | |
2. | დინამო ბთ. | 29 | 17 | 4 | 8 | 37:23 | 55 | |
3. | დინამო თბ. | 29 | 16 | 7 | 6 | 53:28 | 55 | |
4. | ცხინვალი | 29 | 16 | 4 | 9 | 46:36 | 52 | |
5. | ჩიხურა | 29 | 13 | 7 | 9 | 39:33 | 46 | |
6. | სამტრედია | 29 | 12 | 6 | 11 | 36:29 | 42 | |
7. | შუქურა | 29 | 11 | 8 | 10 | 35:35 | 41 | |
8. | ტორპედო | 29 | 10 | 10 | 9 | 38:32 | 40 | |
9. | გურია | 29 | 10 | 9 | 10 | 36:40 | 39 | |
10. | კოლხეთი | 29 | 9 | 9 | 11 | 30:30 | 36 | |
11. | მერანი | 29 | 9 | 9 | 11 | 27:29 | 36 | |
12. | ზუგდიდი | 29 | 7 | 9 | 13 | 21:45 | 30 | |
13. | ბოლნისი | 29 | 8 | 5 | 16 | 29:44 | 29 | |
14. | ვიტ ჯორჯია | 29 | 7 | 5 | 17 | 27:37 | 26 | |
15. | ზესტაფონი | 29 | 6 | 8 | 15 | 40:58 | 26 | |
16. | მეტალურგი | 29 | 6 | 7 | 16 | 24:45 | 25 |