რომ არა გაუსაძლისი ტკივილები, მიკოლა ალბათ ადრევე შეძლებდა საავადმყოფოს ვესტიბიულში ჩაპარვას, მაგრამ მოკვეთილი ფეხის გამო იმ დღეს ძლიერი ტკივილები ჰქონდა და რამდენჯერაც წამოდგომა დააპირა, იმდენჯერ სახედაღრეჯვით ჩამოჯდა საწოლზე.
მის პალატაში მყოფი ჯარისკაცებიდან სიარული მხოლოდ მას შეეძლო. ივანი და არსენი მძიმედ იყვნენ დაჭრილები და გონს იშვიათად მოდიოდნენ. ვიტალის საუბარი კი შეეძლო, მაგრამ მთელი სხეული დაბინტული ჰქონდა და მისი ადგომა წარმოუდგენლი იყო. რჩებიდა მხოლოდ მიკოლა, რომლიც მთელი დღე ებრძოდა ტკივილებს,მაგრამ ბოლოს ტუჩების კვნეტით მაინც წამოდგა, აიღო ხელში ჯოხი, ჩუმად გაიჭვრიტა კარის ღრიჭოდან და რაკი ვერც ექიმი და ვერც ექთანი დალანდა, ჯოხის ჩუმი ბაკუნით გაუყვა დერეფანს.
ვესტიბიულში დიდი ტელევიზორი იყო ჩართული და ხმები გამოდიოდა. უკვე წამი-წამზე დაიწყებოდა ევროპის ლიგაზე “დნიპრო”-“ნაპოლის” შეხვედრა, რასაც მიკოლა ასე ძალიან ელოდა და ექიმების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მაინც აპირებდა მის ჩუმად ცქერას. მიკოლას ერთადერთი სიხარული და იმედი, “დნიპრო” იყო, რადგან დონეცკის ფრონტზე დაჭრილი და მუდმივ ტკივილებთან მებრძოლი უკრიანელი ჯარისკაცისათვის ყველაფერი ძველი და სასიხარულო წარსულში დარჩენილიყო.
მიკოლას გეგმა ასეთი იყო: ვესტიბიულის კუთხეში, კარის გევრდით ორი დიდი საყრდენი სვეტი იყო, რომელთა შორისაც ერთი პატარა ღრიჭო იყო დატოვებული. მიკოლას გათვლით, ამ ღრიჭოდან ვესტიბიულის ცენტრში მდგარი დიდი ტელევიზორის ეკრანი კარგად უნდა გამოჩენილიყო. მასაც მეტი არაფერი უნდოდა. ძალიან გაუმართლა, რადგან საავადმყოფოს მომსახურე პერსონალი ერთიანად დაბლა იყო ფეხბურთის სანახავად ჩასული და ისე მიაღწია თავის საიდუმლო სამალავამდე, რომ თვალიც კი ვერავინ მოჰკრა.
მიკოლა სვეტზე მხრით იყო მიყრდნობილი და ცალი თვალით უყურებდა თამაშს. ხედავდა, როგორ უტევდნენ იტალიელები და როგორ გააფთრებით ცდილობდნენ უკრაინელები გოლის არგაშვებას. რამდენჯერმე უნდოდა მთელი ხმით ეყვირა, მაგრამ სულ ახსენდებოდა, რომ სიარული მკაცრად ჰქონდა აკრძალული და მისი გრძნობებისთვის არავის ეცალა. დაჭრილმა ჯარისკაცმა უნდა იმკურნალოს! ეს აქსიომაა! ფეხბურთს სხვა დროსაც უყურებს - აი ასეთი მორალით შეაბრუნებდნენ ექთნები პალატაში.
დნეპროპეტროვსკის მინდორზე კი დიდი ამბები ტრიალებდა, უკრაინელები არამხოლოდ წინააღმდეგობას უწევდნენ ”ნაპოლის”, უკვე თავადაც დაიწყეს შეტევები და “დნიპროს” ყოველი შეტავის დროს, სააავადმყოფოს კედლები საშინლად ზანზარებდა. ექიმები, სანიტრები, ექთნები, მსუბუქად დაჭრილი ჯარისკაცები ერთ ხმაზე ყვიროდნენ და ლოცულობდნენ. ლოცულობდა მიკოლას ექთანი ქსიუშაც, რომელსაც ხელები ზეცაში ჰქონდა აპყრობილი და მთელი თამაში რაღაცას ბუტბუტებდა გამალებით.
“დნიპროს “ მიერ გატანილმა გოლმა თითქოს სამყარო შემოატრიალა. ყველა ერთმანეთს ეხვეოდა, იყო ბედნიერება და ზეიმი, ჩახუტება და ცრემლები და აი ამ დროს სრულიად მოულოდნელად გამოვარდა მიკოლა თავისი სამალავიდან. მას აღარ ახსოვდა აღარაც ამპუტირებული ფეხი და არც თავისი დამწვარი სახლკარი, აღარც ომი და უბედურება, რაც სულ რამდენიმე დღის წინ მისი თანმდევი კოშმარი იყო.
ჯოხზე დაყრდნობილი მიკოლა მთელი ხმით ბღაოდა, მერე ჯოხიც გაუვარდა ხელიდან და ცალ ფეხზე მდგარი იწვდიდა ხელებს ბედნიერი. მიკოლა ბედნიერი იყო. მიკოლა უკრაინელი იყო და ისიც და “დნიპროც” სამშობლოსათვის იბრძოდნენ!
პ.ს. ამ ბლოგს ვუძღვნი უკრიანის არმიაში მებრძოლ ყველა ეროვნების ჯარისკაცს, რომლებიც დიდი ბოროტებისგან არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს ცივილიზებულ სამყაროს იცავენ.