რაგბი

11:26 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ილია მაისურაძე: “ფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ”

საქართველოს ოცწლამდელ მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე ამბობს, რომ ჯერ ფინალზე ფიქრი ნაადრევია.

ურუგვაისა და ახლა უკვე ფავორიტად მიჩნეული ფიჯის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასის “ალაფის” ფინალში პირველად გასვლის კარგი შანსი აქვს. ჯგუფურ ეტაპზე მისი ბოლო მეტოქე მასპინძელი, პორტუგალია იქნება, რომელსაც შემოდგომაზე, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 44:14 მოუგო და წესით გამარჯვება არც ახლა უნდა გაუჭირდეს, მაგრამ მწვრთნელები არ ჩქარობენ და საქმისადმი ასეთი მიდგომა ძალიან კარგია.

მატჩის შემდეგ

ილია მაისურაძე (20-წლამდელების მთავარი მწვრთნელი): “ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ყველასათვის ცნობილია რა საფრთხეს წარმოადგენენ ფიჯელები, როდესაც ისინი ბურთით არიან და შესაბამისად, ჩვენი ტაქტიკა ბურთის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული. ყურადღებას ვაქცევდით სწორ დაცვას და ვცდილობდით მოწინააღმდეგე წნეხის ქვეშ გვყოლოდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ყველას ვინც გვქომაგობდა და გვერდში გვედგა. ახლა დავისვენებთ, გავივლით კარგ აღდგენას და დავიწყებთ შემდეგი მატჩისთვის მზადებას”.

“მსოფლიო რაგბის” ჟურნალისტის შეკითხვას, შეძლებს თუ ვერა საქართველოს ნაკრები “ალაფის” მოგებას, ილია მაისურაძემ უპასუხა: “ჩვენ ყველა თამაშისთვის შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვემზადებით. დღეს გადავლახეთ ფიჯის ბარიერი და ახლა სრული ძალებით მოვემზადებით პორტუგალიის წინააღმდეგ სათამაშოდ. თუ გავიმარჯვებთ, შემდეგ თამაშზე მერე ვიფიქრებთ”.

ზურაბ ამონაშვილი (20-წლამდელთა მწვრთნელი): “ჩვენი დავალება იყო, რომ მოედანზე ბურთი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა, ფიჯელებისთვის სივრცეები არ მიგვეცა და მოწინააღმდეგე წნეხში გვყოლოდა. ეს მეტნაკლებად მოხერხდა. პირველ ნახევარში ქარი ჩვენს საწინააღმდეგოდ იყო, რამაც საქმე ცოტა გაგვირთულა. უშუალოდ ბურთის დაჭერას და შენარჩუნებას რაც შეეხება, შეცდომები მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

წინა თამაშისგან განსხვავებით, აქცენტი უფრო დაცვაზე გვქონდა გაკეთებული, ვინაიდან ურუგვაისთან ამ კომპონენტით ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავით. დღეს კარგი დაცვით მოვახერხეთ წნეხში გვყოლოდა მოწინააღმდეგე და სივრცე არ მიგვეცა, რამაც საბოლოო შედეგი გამოიღო. ფიჯი ძალიან ძლიერი გუნდია. პირველი თამაში მათ ისე კარგად ვერ ჩაატარეს, თუმცა დღეს ბევრად უფრო დაბალანსებული რაგბი ითამაშეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ლამის 5 წუთიან ეპიზოდში ბურთი არ დაკარგეს, მიუხედავად ჩვენი კარგი დაცვისა.

განსაკუთრებულად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენმა ბიჭებმა ითამაშეს საღი გონებით, არ აღელვებულან, ბოლომდე კარგი დაცვა აჩვენეს და კარგად გაართვეს თავი დავალებებს. რთულ თამაშში და წნეხის ქვეშ მოახერხეს ცივ გონებაზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მათ მხოლოდ ძალისა და ანთებული გულების ხარჯზე კი არა, გონებით, სწორი და დალაგებული თამაშით გაიმარჯვეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი მოთამაშეების კლასი გაიზარდა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ ფიზ.მომზადების ჯგუფს, ვინაიდან გუნდი არის ბრწყინვალე კონდიციაში. ასეთი ტემპის თამაშები ჩვენ არ გვიწევს საქართველოს ჩემპიონატში და ფიზ.მომზადების ჯგუფმა იზრუნა იმაზე, რომ ეს ტემპი და გამძლეობა ბიჭებისთვის უცხო არ ყოფილიყო, რაც გამარჯვების მოპოვების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. დღეს ამ გამარჯვებით დავტკბებით, ხვალიდან კი, შემდეგი თამაშისთვის მზადებას შევუდგებით. პირველი ორი დღე აღდგენას დაეთმობა და ვარჯიშებიც აღდგენაზე იქნება ორიენტირებული, მერე კი, ინტენსივობა გაიზრდება”.

საქართველოს ნაკრების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა ფიჯის კაპიტანმა პეტ ტუიდრაკმა: “საქართველოს ნაკრები მოედანზე მობილიზებული გამოვიდა და თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა. ამ თამაშის შემდეგ, მე მას “ალაფის” მოგების და ელიტაში დაწინაურების უპრიბო ფავორიტად მივიჩნევ. ვიმედოვნებ, სულ მალე ერთმანეთს უმაღლეს დონეზე შევხვდებით”.

0.131052