საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადასვლა ამავე კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნას მიუძღვნა.
პირველი ლიგის A ზონის ბოლოსწინა ტურში, “საბურთალომ” თავის მოედანზე “სასკო” 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გრიგოლ ჩაბრაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტიდან გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ “საბურთალოს” ფეხბურთელებმა სპეციალურად დამზადებული მაისურები ჩაიცვეს, რომელსაც ეწერა: “ჩემპიონობა ეძღვნება ქართლოსს”.
საბურთალოელებმა შამპანურიც გახნეს და გამარჯვება ფოიერვერკითაც აღნიშნეს. ფეხბურთელებს, მთავარ მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილისა და მის ასისტენტებს გამარჯვება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიულოცა, რომელიც ბოლო დრომდე “საბურთალოს” პრეზიდენტი იყო, ხოლო მომავალაში მხოლოდ კლუბის დამფუძნებლად დარჩება.