ფეხბურთი

16:01 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: "ჩვენი მიზანი ფინალში გამარჯვებაა"

ჯაბა კანკავას “დნიპრო” ევროპალიგის ფინალშია და ტიტულის მოგებასთან ახლოსაა. ასეთი წარმატებისთვის ქართველ ფეხბურთელთა შორის არავის მიუღწევია. 29 წლის ქართველი საყრდენი უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად ხვდება და გუნდის თამაშში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს კარიერაში მხოლოდ ერთი თასი მოუგია. 2004 წელს 18 წლის ასაკში საქართველოს თასი მოიპოვა. ჯაბას მეორე ტიტული შესაძლოა ევროპული ჯილდო იყოს, ეს კი 27 მაისს ვარშავი გაირკვევა.

"მსოფლიო სპორტი" ჯაბას უკრაინაში დაუკავშირდა. საუბარი ხუთშაბათის მატჩით დავიწყეთ.

- როგორ შეაფასებ “ნაპოლისთან” საპასუხო მატჩს?

- დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იყო. ვფიქრობ “ნაპოლი” დამსახურებულად დავამარცხეთ. პირველ თამაშში იტალიაში გვაჯობეს და გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ და შედეგითაც ვაჯობეთ ორი მატჩის ჯამში. ეს სასიამოვნოა და ძალიან გახარებულები ვართ.

- როგორ ფიქრობ “ნაპოლის” სუსტი თამაში რამ განაპირობა?

- ჩვენმა კარგმა თამაშმა.

- ყვითელი ბარათის მიღებისას ცოტა გაცხარდი. მსაჯმა უსამართლო გადაწყვტილება მიიღო?

- დიახ. ვფიქრობ მსაჯი შეცდა.

- საქართველოდან გამარჯვება პირველმა ვინ მოგილოცა?

- ოჯახის წევრებმა.

- ნაპოლისთან გამარჯვება თქვენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო?

ალბათ ესეც შეიძლება ითქვას. ამდრომდე ხომ ამ დონის წარმატებისთვის არ მიმიღწევია.

- შენი თამაშით ევროპული კლუბები ხომ არ დაინტერესდნენ?

- ჩემამდე ასეთი ინფორმაცია არ მოსულა.

- ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების წინ რა იყო "დნიპროს" მიზანი?

- კონკრეტული მიზანი არ გვქონია. ყოველი თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადებოდით. თითოეულ თამაშში ყველაფერს ვდებდით. ალბათ ცოტა გაგვიმართლა კიდეც და საბოლოოდ ფინალში გავედით.

- გამართლებაში ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურს ხომ არ გულისხმობ, როცა “ყარაბაღს” “ინტერთან” შეხვედრაში ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს?

- დიახ. ასევე “ნაპოლისთან” პირველ მატჩშიც ცოტა გაგვიმართლა.

- ამ ეტაპზე “დნიპრო” აქცენტს ევროტურნირზე გააკეთებს?

- ჩვენი მთავარი მიზანი ფინალში გამარჯვებაა.

- “სევილიას” თამაში ნანახი გაქვს?

- ვნახე მათი თამაში. “სევილია” ძალიან ძლიერი გუნდია. ესპანური კლუბი “ნაპოლზე” უკეთეს ფორმაშია, თუმცა ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- ევროპალიგის გათამაშებაში (უეფას თასის) პირველად “დინამოს” შემადგენლობაში 18 წლის ასაკში ითამაშე. როგორ გახსენდება ის პერიოდი?

- ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდით. ეს იყო დიდი სიხარული, ჩემთვის პირველი დიდი გამარჯვება, რაც გია გეგუჩაძის დამსახურებაა.

0.132205