კალათბურთი

22:44 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიელთა გეგმა: პლეი-ოფისთვის საქართველოს და ჰოლანდიის დამარცხებაც გვეყოფა

მაკედონიის საკალათბურთო ნაკრების უკანახაზელ ვოიდან სტოიანოვსკის სჯერა, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მისი გუნდი საქართველოს და ჰოლანდიის ძლევას მოახერხებს და პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს. აღნიშნულის შესახებ ესპანური "ანდორას" მცველმა ევრობასკეტის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენი ჯგუფი იოლი ნამდვილად არაა. ხორვატიას და სლოვენიას ბევრი ძლიერი კალათბურთელი ჰყავთ. თუმცა, საქართველოს და ჰოლანდიას ვეთამაშებით და ვფიქრობ, ორივე მათგანის დამარცხება შეგვიძლია. თუკი ეს მოვახერხეთ, ჯგუფურ ეტაპს დავძლევთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იოლი არ იქნება, რადგანაც დღეს კალათბურთის თამაში თითქმის ყველამ ისწავლა, მაგრამ საიდანღაც უნდა დავიწყოთ. მაკედონიის ნაკრებისთვის ისტორიულ 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ასე მოხდა. ლიტვაშიც მადაზე მას შემდეგ მოვედით, რაც პირველი ეტაპი დავძლიეთ. ხორვატიაშიც შევხედავთ, როგორ სტარტს ავიღებთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება”.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2011-ზე მაკედონიამ სტარტი ჩერნოგორიასთან ოვერტაიმში მარცხით დაიწყო, შემდეგ კი ზედიზედ 4 გამარჯვება იზეიმა და მე-2 რაუნდში გააღწია. საბოლოოდ, მაკედონიელებმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს და ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავეს, მე-2 ჯგუფურ ეტაპზე კი ვოიდან სტოიანოვსკიმ და მისმა თანაგუნდელებმა საქართველოს ნაკრებსაც სძლიეს. ეს თამაში ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რადგანაც მაკედონიელთა ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა ბო მაკკალებმა გადამწყვეტი ორქულიანი საფინალი სირენასთან ერთად ჩააგდო – 65:63.

“იმ ჩემპიონატზე ბოლო წამებზე მართლაც რამდენჯერმე გაგვიმართლა”, - განაგრძო სტოიანოვსკიმ, “თუმცა, ნამდვილად კარგი გუნდი გვყავდა. გუნდურად ვთამაშობდით და ძალიან მოტივირებულნი ვიყავით. დღემდე, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ვჯდები და იმ მატჩების ამსახველ ვიდეოებს ვუყურებ”.

იმ წარმატებით გათამამებული მაკედონიელები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზეც რიხით გავიდნენ, თუმცა, სლოვენიაში დიდი იმედგაცრუება ელოდათ. საწყის მატჩში მათ ამჯერადაც ჩერნოგორისთან წააგეს, თუმცა, წინა ტურნირისგან განსხვავებით, ამჯერად, ფეხზე დადგომა ვეღარ მოახერხეს. მაკედონიის ნაკრებმა ლიტვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ლატვიასთანაც წააგო, მხოლოდ სერბეთს სძლია და ჯგუფში ბოლო ადგილს ვერ გადაურჩა.

“მართალი გითხრათ, ახლაც არ ვიცი, ეს რამ გამოიწვია. ჩერნოგორიასთან დასანან მარცხს ლიტვასთან წაგება მივაყოლეთ და როგორც სჩანს, მორალურად გავტყდით. თითქოს, თავად აღარ გვჯეროდა, რომ ლიტვური სასწაულის განმეორება შეგვეძლო”.

მაკედონიელები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკვე ახალი მწვრთნელის – ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩაებნენ, 6 მატჩიდან ხუთში გამარჯვება იზეიმეს და ბელგიელთა კვალად მე-2 ადგილი დაიკავეს, რაც ევრობასკეტის საგზურს ნიშნავდა.

მაკედონიამ მიზანს ერთი შეხედვით იოლად კი მიაღწია, თუმცა, თუკი მათ შედეგებს გადავხედავთ, ეს, ასე ნამდვილად არ ყოფილა, ჯიკიჩის შეგირდებმა დამაჯერებლად, ფაქტობრივად ერთადერთი მატჩი მოიგეს, შინ, სუსტ დანიასთან, სხვა თამაშებში კი ბრძოლა იყო.

აი შედეგებიც (პირველად, საშინაო მატჩები): 76:73 და 60:63 – ბელგიასთან, 80:46 და 81:75 – დანიასთან, 72:66 და 81:70 – ბელარუსთან. თავად სტოიანოვსკი იმ მატჩებში მოედანზე საშუალოდ 22.7 წუთს ატარებდა, მისი მონაგარი კი 9.2 ქულა, 2.3 მოხსნა და 2.7 პასი იყო.

“ჯიკიჩთან ერთად მუშაობის საშუალება პირველად მომეცა და შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდებული სპეციალისტია. ალეკსანდარი გუნდური თამაშის მიმდევარია და უნდა, რომ ყველანი ერთად დავდგეთ. ეს, ძალიან მახარებს, რადგანაც თავადაც ამგვარი სტილი მომწონს და არა – ისეთი გუნდები, რომლებიც ერთი კონკრეტული ვარსკვლავის თამაშზე არიან დამოკიდებულნი”, - აღნიშნა 27 წლის სტოიანოვსკიმ.

საინტერესოა, რომ არცთუ ვეტერანული ასაკის მიუხედავად, ვოიდანი ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მოთამაშედ ითვლება. აღნიშნულის მიზეზი გუნდში მიმდინარე გაახალგაზრდავების პროცესია. მაკედონიელთა ღირსებას კარგა ხანია აღარ იცავს ჩვეთვის ავადსახსენებელი მაკკალები, შესარჩევ ციკლში კი არც “ატლანტა ჰოუქსის” ლეგიონერი პერო ანტიჩი გამოჩენილა. წინასწარი ინფორმაციით, მძიმე ფორვარდის და ცენტრის პოზიციაზე თანაბარი წარმატებით მოთამაშე ანტიჩს ვერც მომავალ ევრობასკეტზე ვიხილავთ. ამას, სტოიანიოვსკის სიტყვები გვაფიქრებინებს.

“ცხადია, ახალგაზრდა კალათბურთელებთან სხვაგვარი მუშაობაა საჭირო. ასეთ ვითარებაში არასდროს ვყოფილვარ. პეროს რამდენჯერმე შევეხმიანე და ვთხოვე, რჩევები მოეცა. მინდა, ბიჭებს მნიშვნელოვანი მატჩებისთვის სათანადოდ განწყობაში დავეხმარო. ორი მათგანი – ანდრეი მაგდევსკი და ნენად დიმიტრიევსკი ხომ ასევე, აქ, ესპანეთში თამაშობენ”.

ჯერაც გაურკვეველია, ევრობასკეტზე ვინ იასპარეზებს მაკედონიელთა მაისურით ნატურალიზებული კალათბურთელის რანგში. ამის ყველაზე დიდი შანსი ყუბანის “ლოკომოტივის” ცენტრ რიჩარდ ჰენდრიქსს აქვს, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე საშუალოდ 27.3 წუთს თამაშობდა და საშუალო ორმაგი დუბლიც ჰქონდა – 11.2 ქულა, 10.7 მოხსნა და 1.7 პასი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე მაკედონია და საქართველო C ჯგუფში მოხვდნენ და ზაგრებში ერთმანეთს 9 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. ამავე ჯგუფში ითამაშებენ მასპინძელი ხორვატიის, საბერძნეთის და ჰოლანდიის ნაკრებებიც.

0.153072