ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყავანა, დღეს “იუვენტუსის” ტელეარხზე სტუმრად იყო მიწვეული. ალეგრიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, “ბებერ ქალბატონს” “ბარსელონას” დამარცხება შეუძლია.
“როდესაც ტურინში მოვედი ვფიქრობდი, რომ კარგ სეზონს ჩავატარებდით, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ სამივე ტიტულის მოგებისთვის ვიბრძოლებდით. “რეალთან” ისეთი თამაში იყო, რომელშიც ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
“ბარსელონას” შეჩერება შეგვიძლია, ორი მატჩის თამაში ბევრად რთულია, ვიდრე ერთის. 6 ივნისს ფორმის პიკზე უნდა ვიყოთ. ჩვენ ჩავატარეთ შესანიშნავი შიდა ჩემპიონატი, სადაც თავიდან ბოლომდე ლიდერები ვიყავით.
იტალიური ფეხბურთი დაბალ დონეზე არაა. მეტიც, იმედი მაქვს ევროპა ლიგის ფინალშიც იტალიური გუნდები გავლენ.
რას ფიქრობს ანტონიო კონტე? - არ ვიცი, ისტორიაში ყველა ის ადამიანი ჩაეწერება, ვინც გუნდში ბოლო ოთხ წელიწადში მუშაობდა.
ახლა, ჩემპიონატის მოგების მერე ვფიქრობ სახლში კიდევ ორი თასის წაღებაზე”, - თქვა ალეგრიმ.
“იუვენტუსი”, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი უკვე მოიგო, იტალიის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებშიცაა გასული.