ფეხბურთი

20:03 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ჯიშკარიანი: “სამწუხაროდ, დორტმუნდის “ბორუსიაში” ვერ გადავედი”

თბილისის “დინამოს” სპორტულმა კოორდინატორმა მიხეილ ჯიშკარიანმა უკრაინულ ინტერნეტპორტალ ukrfootball.ua-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავის დროზე შეცდომა დაუშვა, როდესაც კიევის “დინამოდან” წავიდა.

- თბილისის “დინამოში” რა მოვალეობას ასრულებთ?

- მეოთხე წელია სპორტულ კოორდინატორად ვმუშაობ.

- როგორც ამბობენ ქართულ ფეხბურთს არცთუ კარგი პერიოდი უდგას...

- ეს სიმართლეა. ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, რაც ფეხბურთზე აისახება. საწვრთნელი ბაზები და მოედნები არაა. საქართველოს ჩემპიონატს ძლიერ შეჯიბრებას ვერ უწოდებ. თბილისის “დინამოში” კარდინალურად სხვა ვითარებაა. კლუბს კარგი დაფინანსება აქვს და ფეხბურთელთა განვითარებისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი. ამავე დროს პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივ ჩემპიონატში “დინამოს” კარგი კონკურენტები არ ჰყავს. შედეგად, გუნდი ევროთასებზე კარგად ვერ გამოდის.

- ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს რომ დგამდით ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებისთვის უარესი პირობები იყო?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი პირობები იყო, მაგრამ იდეალურამდე ბევრი აკლდა. სოხუმში დავიბადე და ფეხბურთის თამაში აფხაზეთში დავიწყე. შემდეგ ოჯახით საცხოვრებლად საკურორტო ქალაქ ბიჭვინთაში გადავედით. თავდაპირველად ქალაქ გაგრას ახალგაზრდულ გუნდში გამოვდიოდი, შემდეგ ამავე ქალაქის “დინამოში”. ჩვენ საქართველოს ჩემპიონატში ვასპარეზობდით.

- ალბათ, ბევრი ქართველი მოზარდის მსგავსად, ბავშვობაში კერპი თქვენც გყავდათ...

- გარემარბის პოზიციაზე გამოვდიოდი და ვლადიმერ გუცაევის თამაში მხიბლავდა. ჩემთვის ის ნომერ პირველი ფეხბურთელია.

- დროთა განმავლობაში ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის “დინამოში” მიგიწვიეს და გუცაევი პირადად გაიცანით...

- თბილისში გადასვლა, რომ შემომთავაზეს, მე-10 კლასში ვიყავი. მაშინ, გუცაევი გუნდის უფროსად მუშაობდა. თბილისელთა რიგებში 2 წელი ვითამაშე, ვიდრე სერიოზული ტრავმა არ მივიღე. მოგვიანებით ბათუმში წასვლა მომიწია, რადგან ტრავმის შემდეგ სტაბილურად ვერ ვთამაშობდი. ბათუმის “დინამო” საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში ასპარეზობდა, სადაც არცთუ ცუდი დონე იყო.

- თბილისის “დინამოში” საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში დებიუტი 17 წლის ასაკში გქონდათ. დონეცკის “შახტიორთან” ჩატარებული მატჩი მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ?

- ეს ნამდვილი ზღაპარი იყო - თბილისის “დინამოს” მაისურით მოედანზე გავედი. 17 წლის ვიყავი და სასტარტო შემადგენლობაში ვითამაშე. ამ მომენტის მნიშვნელობა წლების შემდეგ შევიგნე. ვერ წარმომიდგენია, სასტარტო შემადგენლობაში ბავშვი როგორ უნდა დააყენო. ამისთვის მწვრთნელების მადლობელი ვარ.

- უფროსი კოლეგები გაბელია, ცვეიბა, გურული, შენგელია რჩევებით გეხმარებოდნენ?

- თითოეულმა რაღაც მასწავლა. რამაზ შენგელია გუნდში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი კარიერა მთავრდებოდა, ხოლო ჩემი იწყებოდა. ვფიქრობ, ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მის გარდა ალექსანდრე ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე იყვნენ. ბედნიერი ვარ, რომ გუნდში ასეთ ადამიანებთან ერთად ვითამაშე.

- მწვრთნელს რაც შეეხება. თქვენი აზრით, გერმან ზონინს სასტარტო შემადგენლობაში თქვენი დაყენება რატომ არ შეეშინდა?

- ზონინი ახალგაზრდებს ენდობოდა. ეს მხოლოდ მე არ მეხება, არამედ, თემურ ქეცბაიას, მამუკა ფანცულაიას, კახაბერ ცხადაძეს. თითოეული ამ ნდობას გრძნობდა და შესაბამისად ცდილობდა მწვრთნელი არ დაეღალატებინა. ახალგაზრდა ფეხბურთელები ამას ძალიან აფასებენ.

- თქვენს ცხოვრებაში აფხაზეთის ომმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა...

- 90-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე სეზონი სოხუმის “ცხუმში” ვითამაშე. თუმცა, კონფლიქტის გამო, აფხაზეთის ყველა ქართველი წავიდა. ასე რომ ლტოლვილები გავხდით. უკრაინელ მწვრთნელ მიხაილ ფომენკოს, რომელიც თავის დროზე ლანჩხუთის “გურიას” წვრთნიდა, ვიცნობდი და მისი დახმარებით უკრაინაში წავედი.

- მას შემდეგ აფხაზეთში არ ჩასულხართ?

- არცერთხელ. არსებული სიტუაცია შინ დაბრუნების საშუალებას არ მაძლევს. იმედია, ადრე თუ გვიან აფხაზებს შევურიგდებით.

- “ცხუმის” შემადგენლობაში რამდენიმე რეკორდი დაამყარეთ. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ჩემპიონატის მატჩში 7 გოლის გატანაა. ასეთი რამ მართლაც შესაძლებელია?

- ეს სიმართლეა. თუ არ ვცდები, 1992 წელს სოხუმში ოზურგეთის “მერცხალს” 11:0 მოვუგეთ და 7 გოლი მე გავიტანე. დღემდე ეს რეკორდი არავის მოუხსნია. იმედია, ვინმე ამას შეძლებს.

- იმ სეზონში 35 გოლი გაიტანეთ. ცნობილ გუნდებს არ მიუწვევიხართ? გერმანიის მე-4 დივიზიონის კლუბში რატომ გადახვედით?

- თბილისში ჩვენი ოჯახი ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა. სახლი და არსებობისთვის ნორმალური პირობები არ გვქონდა. შემთხვევით გერმანიაში თამაშის შანსი გამიჩნდა. ფიქრის დრო არ მქონდა. იმ მომენტში მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ვითამაშებდი. “ვორმატიას” როგორც უკეთესი მომავლისკენ ტრამპლინს განვიხილავდი.

- ფეხბურთის დონემ თუ გაგაკვირვათ ალბათ მხოლოდ ნეგატიური კუთხით?

- ერთმნიშვნელოვნად. გერმანიში სამი თვე გავატარე, ხოლო ლიგა რომელშიც ჩემი გუნდი გამოდიოდა ძალიან სუსტი იყო. საბედნიეროდ, ფომენკოს მიწვევამ ყველაფერი შეცვალა.

- ამბობენ, რომ მაშინ დორტმუნდის “ბორუსიამ” მიგიწვიათ. თუ სინჯებზე იყავით?

- “ვორმატიაში” ყოველ მატჩში 4-5 გოლი გამქონდა. ერთ-ერთ ასეთ მატჩს “ბორუსიას” სკაუტები დაესწრნენ. მათ დორტმუნდში ჩასვლა შემომთავაზეს. წინადადებას დავთანხმდი და “დუისბურგთან” ამხანაგურ შეხვედრაში ვითამაშე. ორი გოლი გავიტანე და კონტრაქტის გასაფორმებლად მზად ვიყავი. თუმცა, დორტმუნდში საქართველოდან ხალხი ჩავიდა, რომელთაც ფულის “შოვნა” უნდოდათ. სამწუხაროდ, ყველაფერი ჩაიშალა და “ბორუსიაში” ვერ გადავედი. თუმცა, ცოტა ხანში კიევში მიმიწვიეს.

- უკრაინის დედაქალაქში კიდევ ერთი გამოცდა გელოდათ. “დინამოში” მიხაილ ფომენკომ მიგიწვიათ, რომელმაც მალე მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ახალ თავკაც იოჟეფ საბოსთან ურთიერთობა თავიდანვე არ აგეწყოთ...

- ფომენკომ კლუბში მხოლოდ ორი თვე იმუშავა. მისი წასვლის შემდეგ, გუნდის დატოვებას მეც ვაპირებდი. საბოს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ვჭირდები. სამწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს და ფიქრის გარეშე დავთანხმდი. ისეთ კლუბში როგორიც “დინამოა”, ორჯერ არ გიწვევენ.

- არცთუ სასიხარულო დებიუტი გქონდათ – “კრემენთან” ფრე და გაუგებარი მარცხი. მოედანზე შეცვლაზე 35-ე წუთზე შეხვედით და 75-ე წუთზე თავად შეგცვალეს...

- მართალი გითხრათ, საბო რას აკეთებდა, ვერ გავიგე. თუმცა, ის მთავარი მწვრთნელი იყო და ვემორჩილებოდი. მასთან ურთიერთობას არ გამირკვევია და ეს შეცვლა ჩვეულებრივ მივიღე. იმის გარდა არაფერი დამრჩენოდა, რომ ვარჯიშებზე დამემტკიცებინა, რატომ უნდა მეთამაშა სასტარტო შემადგენლობაში. “დინამოში” ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ყველა თავდამსხმელი უკრაინის ნაკრებში თამაშობდა. თავად გესმით რებროვი და ლეონენკო რა დონის მოთამაშეები იყვნენ.

- თქვენი აზრით, კიევურ კლუბში სასტარტო შემადგენლობის ფორვარდი რატომ ვერ გახდით?

- კონკურენციის გარდა, ხელი ჩემმა ფიზიკურმა კონდიციებმაც შემიშალა. 63 კილოგრამს ვიწონიდი, ხოლო კიეველები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ და ტაქტიკურ სქემაში ვერ ვჯდებოდი. შეკრებებზე დატვირთვებს ვერ ვუძლებდი.

- “დინამოს” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ პსჟ-სთან ითამაშეთ, რომლის რიგებში ბერნარ ლამა, ანტუან კომბუარე, პოლ ლე გუენი, ჯორჯ ვეა და დავიდ ჟინოლა გამოდიოდნენ. ამ მატჩებს როგორ გაიხსენებთ?

- ჩემპიონთა ლიგაში ძალიან მაღალი დონეა. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ამ ტურნირში თამაში ბედნიერებაა. ემოციის გადმოცემა შეუძლებელია.

- 1994 წელს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, “დინამოში” ჩატარებულ მეორე სეზონში 8 მატჩში 3 გოლი გაიტანეთ. არცთუ ცუდი შედეგია. “დინამოდან” რატომ წახვედით?

- სტაბილურად თამაში მსურდა. “დინამოს” სასტარტოში მუდმივად ვერ ვხვდებოდი. გარდა ამისა, გარკვეული მიზეზების გამო საქართველოს ნაკრებში არ მიწვევდნენ და ამის გამოც ვნერვიულობდი. სწორედ მაშინ ფომენკომ “ცსკა-ბორისფენში” მიმიწვია. შევცდი, როდესაც “დინამოდან” წასვლა გადავწყვიტე.

- მოგვიანებით რუსეთში ნაბერეჟნიე ჩელნის “კამაზში” თამაშობდით, სადაც მძიმე ტრავმა მიიღეთ და ამ ფაქტმა ფეხბურთთან თქვენი განშორება დააჩქარა...

- ჯვარედინი მყესები გამიწყდა. ტრავმის შედეგებს გამუდმებით ვებრძოდი, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთიდან წასვლა 30 წლის ასაკში გადავწყვიტე. მუხლი გამუდმებით მაწუხებდა და ტკივილს ახლაც ვგრძნობ ხოლმე. გარდა ამისა, ოპერაცია წარუმატებლად გამიკეთეს. თამაში კიდევ 5 წელი შემეძლო.

0.114684