უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალისტთა ვინაობა ცნობილია. 6 ივნისს, ბერლინის “ოლიმპშტადიონზე” ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და ტურინის “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან. აქამდე ამ გუნდების გზა უეფას ტურნირებში ექვსჯერ გადაკვეთილა. წარმოგიდგენთ ამ მატჩებს.
ჩემპიონთა თასი, მეოთხედფინალი – 1985-1986 წლების სეზონი
“ბარსელონა” – “იუვენტუსი” 1:0
“იუვენტუსი” – “ბარსელონა” 1:1
“ბარსელონამ” ჩემპიონთა თასის ფინალს 1985-1986 წლების სეზონში უწია. იმ სეზონში კი კატალონელებს მეოთხედფინალურ ეტაპზე გზად “იუვენტუსი” გადაეყარა. პირველი მატჩი, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართა, მასპინძლებმა ხუან ალბერტოს 82-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. ტურინში კი თამაში ფრედ დასრულდა - სტივ არჩიბალდის გოლს მიშელ პლატინიმ უპასუხა.
თასების მფლობელთა თასი, ნახევარფინალი – 1990-1991
“ბარსელონა” – “იუვენტუსი” 3:1
“იუვენტუსი” – “ბარსელონა” 1:0
მეორედ ეს ორი გრანდი ერთმანეთს 1990-1991 წლების სეზონში დაუპირისპირდა. ამჯერად თასების თასის ნახევარფინალურ ეტაპზე. ორმატჩიან დუელში გამარჯვება ამჯერადაც ესპანელებს დარჩათ. “კამპ ნოუზე” “იუვე” პიერლუიჯი კაზირაგიმ დააწინაურა, თუმცა შემდეგ სამი უპასუხო გოლი გაუშვა. კატალონელთაგანან თავი ხრისტო სტოიჩკოვმა (ორჯერ) და ანდონი გოიკოჩეამ გამოიჩინეს. საპასუხო მატჩი ტურინელებმა საკუთარ მოედანზე რობერტო ბაჯოს მშვენიერი საჯარიმო დარტყმით კი მოიგეს, მაგრამ ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.
ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედფინალი – 2002-2003
“იუვენტუსი” – “ბარსელონა” 1:1
“ბარსელონა” – “იუვენტუსი” 1:2 (დ.დ)
ბოლოს “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” გზები 12 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გადაიკვეთა. ტურინულ მატჩში გუნდებმა ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს. პაოლო მონტეროს მიერ თამაშის დასაწყისში გატანილი გოლი, მატჩის მიწურულს ხავიერ სავიოლამ გაქვითა და ისედაც ფავორიტად შერაცხული “ბარსა” მომდევნო ეტაპს კიდევ უფრო დაახლოვა. ბარსელონაში უძლიერესის გამოსავლენად 90 წუთი საკმარისი არ გამოდგა. პაველ ნედვედის ზუსტ დარტყმას ჩავი ერნანდესმა მალევე უპასუხა. ორმატჩიანი დუელის გამარჯვებული კი 116-ე წუთზე ურუგვაელი მარსელო სალაიეტას გოლმა გამოავლინა.
ვნახოთ, რა მოხდება მეოთხე ჯერზე, შეძლებს თუ არა “იუვენტუსი” 19 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის საუკეთესო გუნდის სახელის დაგდებას, თუ მწვერვალზე ისევ “ბარსელონა” ავა, შედარებით ნაკლები, 4 წლიანი პაუზის შემდგომ.