ფეხბურთი

10:54 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” და “დნიპროს” ისტორიული შანსი

ესპანურ “სევილიას” და უკრაინულ “დნიპროს” ისტორიული შანსი აქვთ. ევროპა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალების წინ, ისინი ფინალში გასვლასთან ახლოს არიან და იქიდან მთავარ ჯილდომდე ერთი ხელის გაწვდენაა.

ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული “სევილია”, ტიტულის შენარჩუნების შემთხვევაში გახდება პირველი გუნდი, რომელსაც ევროპის ლიგა/უეფას თასი ოთხჯერ ექნება მოგებული, ხოლო “დნიპროს” ევროპული თასი არასდროს მოუგია, ფინალშიც არასდროს უთამაშია და საერთოდ, ნახევარფინალშიც პირველად მოხვდა.

პირველი ნახევარფინალური მატჩი ესპანელებმა საკუთარ მოედანზე 3:0 მოიგეს და ახლა ფლორენციაში ამ უპირატესობის შესანარჩუნელად ჩადიან. მიუხედავად ამისა, “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა უხასიათობად არ უჩივის და წარმატების რეცეპტიც გამზადებული აქვს - “უნდა გავიტანოთ, არ გავუშვათ და ცოტა გაგვიმართლოს”. მისმა გუნდმა წლევანდელი ევროპა ლიგის პლეი ოფში სამივე განმეორებითი თამაში მოიგო და როგორც ჩანს, მონტელას ამ სერიის გაგრძელების იმედი აქვს, მაგრამ ახლა გოლების ოდენობაც მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ პირველი მატჩის 0:3 წაგების შემდეგ, ევროპის ლიგის/უეფას თასის შემდეგ ეტაპზე 245-იდან 13 გუნდი გავიდა და შეძლებს თუ ვერა “ფიორენტინა” ამ რიცხვის გაზრდას, ხვალ გამოჩნდება.

ვინჩენცო მონტელა (“ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი): “არ მახსენდება შემთხვევა, ჩემს გუნდს პირველ მატჩში 0:3 წაგების შემდეგ ჯამში წარმატებისთვის მიეღწია. “ბაიერნისა” და “ბარსელონას” განმეორებით შეხვედრას ვუყურე და მინდა გითხრათ, რომ გერმანელები ღირსეულად გამოიყურებოდნენ. მათ ბოლომდე სწამდათ წარმატების. ასეთ დროს მნიშვნელოვანია იმედი არ დაკარგო და ჩვენ ეს იმედი გვაქვს. უბრალოდ, უნდა გავიტანოთ და არ გავუშვათ. რა თქმა უნდა, იღბალიც დაგვჭირდება. უმთავრესი, მაინც საკუთარი კარის ხელუხლებლად შენარჩუნებაა.

“სევილიამ” დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის გუნდია, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ სუსტები არც ჩვენ ვართ. გოლი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გავიდეს და ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს თამაშის სცენარი. პროცენტებით შანსის შეფასება არ მიყვარს. მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ მცირედი შანსი გვაქვს და მის გამოყენებას უნდა ვეცადოთ. თუ მაინცდამაინც ციფრებში გნებავთ, ფინალში გასვლის შანსი 10-15 პროცენტია, მაგრამ მნიშვნელოვანია მთელი ძალით ვიბრძოლოთ.

მნიშვნელოვანია მატჩზე კონტროლის დამყარება. არ ვთვლი, რომ გოლის გატანა დებიუტშივეა აუცილებელი, რათა ფინალში გასვლის იმედი შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ოცნება ბევრ რამეზე შეიძლება - დაწყებისთანავე ანგარიშს გავხსნით, მეტოქე 10 კაცის შემადგენლობით დარჩება, მეორე გოლს შესვენების მერე ეგრევე გავიტანთ. რეალურად, მთავარია ოპტიმიზმი და საკუთარი თავის რწმენა შევინარჩუნოთ და რატომ არ შეიძლება 5:0 მოვიგოთ?

ვნახოთ როგორ იქნება მოჰამედ სალახი. მას მცირედი დაზიანება აქვს, მაგრამ გვწამს, რომ თამაშს შეძლებს. მოტივაციის ნაკლებობას არ ვუჩივით, ძალიან გვინდა ესპანეთში მარცხისთვის რევანშის აღება და ფინალში გასვლა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ევროპის ლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა. ჩემი გუნდის სიძლიერე რწმენის საფუძველს მაძლევს და ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება”.

უნაი ემერი (“სევილიას” მთავარი მწვრთნელი): “კარგად გვესმის, რომ ფინალს მაქსიმალურად მივუახლოვდით და ვემზადებით ამ თამაშისთვის. პირველი შეხვედრის ანგარიშს ყურადღებას არ ვაქცევთ და სულაც არ ვფიქრობთ, რომ განმეორებითი შეხვედრა იოლი იქნება. მოტივირებულნი ვართ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო თამაში და ფინალში გავიდეთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მოწინააღმდეგეს უკან დასახევი აღარ აქვს. მნიშვნელოვანია კარგი თამაშის ჩვენება და ეს მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც მოგებაზე თამაშობ.

მომავალ თამაშს მობილიზებული ვხვდებით. ნახევარფინალისკენ მავალ გზაზე ორივე გუნდმა რთული მეტოქეების წინააღმდეგობა გადალახა. მსგავს სიტუაციაში უკვე ვყოფილვართ და არ გვსურს გავხდეთ გუნდი, რომელიც ასეთ წონად უპირატესობას ხელიდან გაუშვებს. გავიგე, რომ გულშემატკივრებმა უკვე დაჯავშნა ბილეთები ვარშავაში გასამართი ფინალისთვის და ახლა თვითმფრინავის იაფ ბილეთებს ეძებენ. მაგრამ ფინალში გასვლის გარანტიას ვერავის მივცემ. ერთადერთი, რაც შემიძლია დავპირდე ისაა, რომ ბოლომდე დავიხარჯებით.

პროცენტებზე საუბარი არ მინდა. 50 პროცენტით ფინალში ვართ, მაგრამ მინდა ეს რეალურად დავინახო. “ფიორენტინას” კარგი გუნდი ჰყავს. დიახ, ჩვენ ის პირველ მატჩში დავამარცხეთ, მაგრამ ახლა იგივეს გარანტიას ვერავის მივცემ. აუცილებელია კონცენტრაცია შევინარჩუნოთ პირველიდან ბოლო წუთამდე. მსურს, რომ ჩემმა გუნდმა მე-80 წუთამდე ისე ითამაშოს, როგორც პირველ მატჩში. აუცილებელია, რომ ტონუსი ბოლომდე შენარჩუნდეს.

მეორე წყვილის პირველ მატჩში, იტალიაში, “ნაპოლიმ” და უკრაინულმა “დნიპრომ” 1:1 ითამაშეს. “დნიპროს” მთავარი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი ამბობს, რომ ერთი კვირის წინ მისი გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა და ახლა მაღალი ხარისხის ფეხბურთის ჩვენების იმედი აქვს. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა ევროთასებზე ჩატარებული 4 უკანასკნელი თამაში მშრალად მოიგეს. “ნაპოლის” ევროპა ლიგაზე 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

მირონ მარკევიჩი (“დნიპროს” მთავარი მწვრთნელი): “იტალიაში ჩვენი გუნდი გადამწვარი იყო და საკუთარ თავს არ ჰგავდა. ვფიქრობ, ახლა სხვაგვარად იქნება, ბიჭებიც კარგ განწყობაზე არიან. ვიმედოვნებ, რომ ხარისხიან ფეხბურთს ვითამაშებთ. საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ვიცი, რომ სტადიონზე გულშემატკივარი მრავლად აპირებს მოსვლას და დარწმუნებული ვარ, ნეაპოლში ნაჩვენებ თამაშზე უკეთ გავირჯებით.

რაც შეეხება შანსებს, ის ყოველთვისაა. გუნდების შესაძლებლობები ჩემთვის კარგადაა ცნობილი და მოთამაშეები თავს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან მაღალი დონის გუნდს ვეთამაშებით. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი თამაშის შედეგის შემდეგ შანსები თანაბარია.

იტალიაში “ნაპოლიმ” საუცხოო მატჩი ჩაატარა. ამ გუნდის მონაწილეობით არაერთი თამაში ვნახე და შემიძლია დაგარწმუნოთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მათ გვაიძულეს უბურთოდ გვერბინა. თუმცა, წეღანაც ვთქვი და განვმეორდები – იმედია, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მით უმეტეს, ჩვენ ეს შეგვიძლია. ვეცდებით, მეტოქეს უფრო ეფექტური კონტრთამაში შევთავაზოთ.

ძნელია იმის თქმა, ეს შეხვედრა ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესია თუ არა. არაერთი შეხვედრა მქონია, როგორც ევროთასებზე, ასევე უკრაინის ჩემპიონატში, პრინციპული და დაძაბული. მოდით ასე ვიტყვი - იმედია, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში წინ მელოდება”.

რაფაელ ბენიტესი (“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი): “ხვალ ძალზე საპასუხისმგებლო თამაში გველის და მთელი ჩვენი ფიქრები საჭირო შედეგის მიღწევისკენაა მიმართული. უნდა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. პირადად ჩემი გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმ მოთამაშეთა გამოცდილება, რომლებიც მოედანზე იქნებიან. ჩვენ ყოველთვის ვაანალიზებთ მეტოქის მოქმედებებს და ჩვენს თამაშებს, ვმუშაობთ შეცდომების გამოსწორებაზე, გამონაკლისი არც ეს შეხვედრაა და ხვალინდელ დღეს იმედიანად ველოდებით.

“ნაპოლიში” ჩემი მომავალი უშუალოდ ამ თამაშის შედეგზე დამოკიდებული არაა. მიუხედავად ამისა, ყველანი მაქსიმალურად ვართ მობილიზებული და ევროპა ლიგის ფინალში გასვლა გვინდა.

“დნიპროს” პატივისცემით ვეპყრობით. ჩვენ ვნახეთ რა შეუძლია ამ გუნდს და გავიგეთ მისი ძალა. ესაა გუნდი, რომელიც არაფერს დათმობს, მაგრამ დარდის მიზეზს მაინც ვერ ვხედავ. სერია A-ს ბოლო მატჩში, მეტოქის კარში 20-ზე მეტჯერ დავარტყით. ხვალაც თუ ასე იქნება, ერთ-ორ გოლს ნამდვილად გავიტანთ. ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება”.

ევროპა ლიგის ნახევარფინალები. განმეორებითი მატჩები

14 მაისი. 23:05 საათი (თბილისის დრო)

კიევი. “ოლიმპიისკი”

დნიპრო (უკრაინა) - ნაპოლი (იტალია) (1:1 პირველი მატჩი)

დნიპრო (სავარაუდო შემადგენლობა): ბოიკო, ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, ლეო მატოსი, კანკავა, როტანი, ფედორჩუკი, მატეუსი, კონოპლიანკა, კალინიჩი.

ვერ ითამაშებენ: მაზუხი, ზოზულია, კრავჩენკო

კითხვის ნიშნის ქვეშ: შახოვი

ნაპოლი (სავარაუდო შემადგენლობა): ანდუხარი, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულიამი, ინლერი, ლოპესი, ინსინე/მერტენსი, კალეხონი, ჰამშიკი, იგუაინი.

ვერ ითამაშებენ: მიკუ, სუნიგა

კითხვის ნიშნის ქვეშ: დე გუზმანი

ფლორენცია. “არტემიო ფრანკი”

ფიორენტინა (იტალია) - სევილია (ესპანეთი) (0:3 პირველი მატჩი)

ფიორენტინა (სავარაუდო შემადგენლობა): ნეტო, ტომოვიჩი, სავიჩი, გონსალო როდრიგესი, ალონსო, ბორხა ვალერო, პისარო, ფერნანდესი, ხოაკინი/ილიჩიჩი, სალახი, გომესი.

ვერ ითამაშებენ: ბაბაკარი, რიჩარდსი, ვარგასი, როსი

სევილია (სავარაუდო შემადგენლობა): რიკო, კოკე, კარისუ, კოლოძეიჩაკი, ტრემულინასი, ბანეგა, კრიხოვიაკი, ალექს ვიდალი, იბორა, ვიტოლო, ბაკა.

ვერ ითამაშებს: პარეხა

კითხვის ნიშნის ქვეშ: მბია, ბეტუ

0.137611