XVIII ტურის ცენტრალური და მნიშვნელოვანი შეხვედრა სამტრედიაში შედგა, სადაც მიმდინარე ჩემპიონატის გამარჯვებული ნაადრევად გაირკვა. სამტრედიაში ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი და საჩემპიონოდ შემართული გორის “დილა” დაუპირისპირდნენ. შიდაქართლელები უახლოეს მდევრებს საკმაო ჰანდიკაპით უსწრებდნენ და გამარჯვების შემთხვევაში დიდ ნაბიჯს დგამდნენ ჩემპიონობისაკენ, ხოლო თუ უახლოესი მდევარი “ბათუმი” “სიონთან” წაიფორხილებდა, მაშინ გორული კლუბი ჩემპიონი ხდებოდა და ასეც მოხდა. გორის “დილა” მეშვიდე ქართული კლუბი გახდა, რომელმაც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოგება მოახერხა. თბილისის “დინამოს” და “ვიტ ჯორჯიას”, ქუთაისის “ტორპედოს”, რუსთავის “მეტალურგის”, ბოლნისის “სიონის” და “ზესტაფონის” შემდეგ გორელთა საფეხბურთო გუნდმა შეძლო ქართული ფეხბურთის ოლიმპზე ასვლა.
შეხვედრა გუნდებმა აქტიურად დაიწყეს. სადებიუტო წუთებში გორელთაგან ერისთავმა დაარტყა უზუსტოდ, ხოლო სამტრედიელი გეწაძის მცდელობა ერთერთ მცველს შეეხო და გაბედავას უნდა მიესწრო ბურთზე, მაგრამ ვერ მოახერხა. უკვე მე-14 წუთზე სტუმართა მცველმა ჯაფარიძემ ძლიერად დაარტყა და რომ არა, რევაზ თევდორაძის თავგანწირული გარჯა ალბათ ანგარიში გაიხსნებოდა. სამტრედიელთა კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია, საიდანაც ჩამოწოდებული მოდებაძემ გაიტანა, თუმცა ასისტენტმა თამაშგარე დააფიქსირა. თითქმის მაშინვა კვეკვესკირის ასისტენტობის შემდეგ რაზმაძე თავურით დაემუქრა მასპინძელთა კარს, მაგრამ თევდორაძემ ამჯერადაც გადაარჩინა საკუთარი გუნდი.
აშკარად ჩანდა, რომ სტუმრები გაცილებით მოტივირებულნი იყვნენ, თუმცა სახიფათო შეტევების განხორციელებას სამტრედიელებიც ცდილობდნენ. მე-18 წუთზე ხიზანიშვილის ჩინებული რეიდის შემდეგ, გამოცდილმა მცველმა ბურთი შეტევის მარჯვენა ფლანგზე მყოფ დოლიძეს გადააწოდა, რომელმაც მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფ გაბედავას ზუსტად უპასა. სამტრედიელთა წინა ხაზელმა ნახტომში, მახვილი კუთხიდან დაარტყა თავური, მაგრამ მიგინეიშვილი დამაჯერებლად გაისარჯა და ბურთი მოიგერია. ამის საპასუხოდ სტუმრებმა ისევ შეუტიეს. კვლავ აქტიური იყო კვეკვესკირი, რომელმაც მცველები მოხდენილი მოძრაობით გააცურა და მოდებაძის დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანა ცადა, მაგრამ ფორვარდმა ბურთს ვერ მიუსწრო და ხიფათიც განიმუხტა. ცოტა ხანში ისევ ნიკა დაემუქრა სამტრედიელთა კარს, მაგრამ ამჯერადაც მცირე უზუსტობას ჰქონდა ადგილი.
გორელების უპირატესობის მიუხედავად 31-ე წუთზე ისინი გოლს გადაურჩნენ. გეწაძის ჩაწოდების შემდეგ გაბედავამ უცნაურად დაჰკრა ბურთს თავი და რომ არა ძელი, ანგარიში გაიხსნებოდა. ხუთიოდ წუთში კვეკვესკირის მიერ შესრულებულ სტანდარტულს თავი ბაგაევმა შეაგება, მაგრამ სამტრედიელებს მშველელად ამჯერადაც მეკარე მოევლინათ.
ტაიმი თითქოს უგოლოდ სრულდებოდა, მაგრამ უკანასკნელ წუთზე სტუმრებმა ისევ მოიპოვეს სტანდარტულის უფლება, რომელიც ისევ კვეკვესკირმა შეასრულა. ნიკას ჩაწოდებულს მაღალ ნახტომში “დილას” კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე შეწვდა, რომელმაც თავური დარტყმით საჩემპიონო გოლი გაიტანა. ბურთი ხარიხას შეეხო და სამტრედიელთა კარში აღმოჩნდა – 0:1.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა შეტევების გაძლიერება ცადეს. ზაზა ზამთარაძემ ამ მიზნით ფორვარდი კაპანაძეც კი შემოუშვა, რომელიც აქტიურად ჩაერთო თამაშში და რამდენიმეჯერ სიტუაციის გამწვავებაც ცადა, მაგრამ თანაგუნდელები ვერ აყვნენ. ამას დავამატოთ ისიც, რომ გორელები ძალზე ორგანიზებულად და დამაჯერებლად იცავდნენ თავს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტაიმისაგან განსხვავებით, მომენტების მხრივ ბოლო 45 წუთი ძალზე მწირი გამოდგა.
სამტრედიელთა მცდელობებიდან ყველაზე გამოსარჩევი მატჩის მიწურულს კვირკველიას სტანდარტული გახლდათ, რომელიც მიგინეიშვილის იოლი ნადავლი გახდა. მიუხედავად, მასპინძელთა აქტიური ქმედებებისა, მათ საქმე საბოლოო დარტყმამდე ვერ მიჰყავდათ. თამაშის ბოლო წუთზე კი სტუმართაგან, შეცვლაზე შემოსულმა გვალიამ “გაისროლა” შორიდან, მაგრამ მეკარემ რეაგირება მოახდინა და სიტუაციაც განიმუხტა. ლაშა სილაგავას საფინალო სასტვენმა გორელთა ჩემპიონობა ამცნო “ეროსი მანჯგალაძეზე” შეკრებილებს.
უჩა სოსიაშვილი (“დილა”): “ვულოცავ გორის “დილას” ფეხბურთელებს და ქომაგებს ამ დღეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ფეხბურთელს, რომლებიც მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად, სეზონის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ და წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში. ბიჭები მუხლჩაუხრელად შრომობდნენ და საწადელსაც მიაღწიეს. ბევრმა მათგანმა დღეს პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ვისურვებდი, რომ მათ კიდევ დიდხანს მოპოვებინოთ გორული კლუბისათვის წარმატებები. დიდი მადლობა ქომაგებს, რომლებიც ერთგულად იდგნენ გუნდის გვერდით და ჩვენს წარმატებაში მათ დიდი როლი აკისრიათ”.
ალექსანდრე კვახაძე (“დილას” კაპიტანი): “დიდი შემართებით ვიყავით ჩამოსულნი სამტრედიაში და ძალიან გვინდოდა გამარჯვება. მოგება შევძელით და ისე გამოვიდა, რომ ჩვენ აქ მოვიპოვეთ ჩემპიონის ტიტული, რაც ყველა ფეხბურთელის დიდი ოცნება გახლავთ, რომელიც გორის “დილას” ფეხბურთელებს აგვიხდა. დიდ მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს და უერთგულეს გულშემატკივრებს. ყველას ვულოცავ “დილას” ჩემპიონობას”
“სამტრედია“ – “დილა” 0:1 (0:1)
13 მაისი. 17:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”. 1500 მაყურებელი
“სამტრედია”: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი (გორგიაშვილი, 62), კვირკველია, თორნიკე გრიგალაშვილი, შარიქაძე, დოლიძე, გეწაძე (გურული, 78), თედორე გრიგალაშვილი, დათუნაიშვილი, გაბედავა (კაპანაძე, 56)
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
“დილა”: მიგინეიშვილი, ბაგაევი, ხიდეშელი, კვახაძე, რაზმაძე, ხურცილავა, წიქარიძე (გვალია, 73), კვეკვესკირი (თექთურმანიძე, 77), ფალავანდიშვილი, ერისთავი, მოდებაძე (სეთურიძე, 50)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გოლი: 0:1 კვახაძე (45).
გაფრთხილება: გაბედავა (27), დათუნაიშვილი (44), თორნიკე გრიგალაშვილი (76).
არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი)