გუნდები მატჩს განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ. ბათუმის “დინამო” ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის, ხოლო “სიონი” უმაღლეს ლიგაში დარჩენას ლამობს. ბოლნისელები მეტოქეზე მოტივირებული იყვნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს. მოპოვებული სამი ქულის წყალობით “სიონმა” გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
წვიმის შედეგად “თენგიზ ბურჯანაძეზე” გრუნტი მძიმე იყო და ალაგ-ალაგ გუბეებიც იდგა. ბოლნისელები შეხვედრის დასაწყისში აქტიურობდნენ და ორი საგოლე მომენტი ჰქონდათ. მე-10 წუთზე, გიორგი ჭანკოტაძე მეტოქის ნახევარზე სამ მეტოქეს გასცდა და შოთა მამინაშვილთან პირისპირ გასულმა ბათუმელთა მეკარეს ვერ აჯობა, მაგრამ “სიონის” შეტევა გაგრძელდა და პორტუგალიელ ვიეირა მედინას სტუმართა მცველმა არ გაატანინა.
ცოტა ხანში, მარჯვნიდან დათა სიჭინავამ “დინამოს” საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფი ზვიად ლობჯანიძე მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში ვერ გახსნა.
“სიონმა” ტერიტორიული უპირატესობა ამის მერეც შეინარჩუნა, ხოლო ბათუმელებს ხეირიანი არაფერი შეუქმნიათ. 32-ე წუთზე, მარჯვნიდან სიჭინავამ კუთხური მოაწოდა და კარიდან გამოსულმა მამინაშვილმა ბურთს ხელი წაჰკრა, რის გამოც, შორეულ ძელთან მყოფმა დავით სვანიძემ თავით არაზუსტად დაარტყა.
ბათუმელებმა პირველი მეტ-ნაკლებად ნორმალური იერიში ტაიმის ბოლოს განახორციელეს, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან ვალერიან თევდორაძის მიერ დარტყმული ბურთი მირზა მერლანმა ხელებში უპრობლემოდ დაიჭირა.
მეორე ტაიმის დებიუტში მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ქავთარაძემ “სიონის” საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი დიმიტრი ტატანაშვილი მოძებნა, რომელმაც ახლოდან ერთი შეხებით ვერ გაიტანა.
ბოლნისელებმა მეტოქეს დაახლოებით 25 მეტრიდან სიჭინავას მეტად სახიფათო საჯარიმო დარტყმით უპასუხეს და ბათუმელები გოლის გაშვებისგან ნახტომში მამინაშვილმა იხსნა.
ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში შეტევაში მარცხენა მცველი გიორგი გაფრინდაშვილი ჩაერთო, რომელმაც სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ისევ მამინაშვილმა იყოჩაღა.
ცოტა ხანში, “დინამოს” კარს საჯარიმოს გარედან კვლავ სიჭინავა დაემუქრა და მამინაშვილმა, რომელიც ზღვისპირელებში საუკეთესო იყო, ამჯერადაც ივარგა.
81-ე წუთზე, ლადო ბურდულმა შეცვლაზე შესული არაუხო და სილვა შეცვალა და ბრაზილიელმა მოედანი უკმაყოფილომ დატოვა. მის ნაცვლად შესულმა სოსო ჭიკაიძემ ბურთთან პირველივე შეხებისას მარცხნიდან “დინამოს” საჯარიმოში ჩააწოდა და ვიეირა მედინამ თავით გაიტანა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე “სიონი” მერლანმა გადაარჩინა, რომელმაც ამირან აბუსელიძის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.
სიონი (ბოლნისი) – დინამო (ბათუმი) 1:0 (0:0)
13 მაისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
სიონი: მერლანი, ალექსანდრე გურეშიძე, სვანიძე (კ), ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, გოგობერიშვილი, მიქაბერიძე, ჭანკოტაძე (მოსემღვდლიშვილი, 86), სიჭინავა, ზვიად ლობჯანიძე (არაუხო და სილვა, 59, ჭიკაიძე, 81), ვიეირა მედინა.
მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.
დინამო ბთ.:შოთა მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, ბორის მახარაძე, მგელაძე, შონია, თევდორაძე (მაკარიანი, 65), ქავთარაძე, გოტიტიძე (ვარშანიძე, 46), ბერიაშვილი, ტატანაშვილი (აბუსელიძე, 83).
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი.
გოლი: 1:0 ვიეირა მედინა (83)
გაფრთხილება: შონია (30), სვანიძე (35), მახარაძე (41)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კვარაცხელია.