კალათბურთი

19:44 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამქულიანების ბენეფისი

თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის ნახევარფინალურმა სერიებმა აიღო. პირველები პარკეტზე “შსს აკადემია” და “ბათუმი” გავიდნენ. კოტე ტუღუშის გუნდმა დაძაბული ხუთმატჩიანი მეოთხედფინალური სერია გუშინწინ დაასრულა, რის გამოც აკადემიელებს წესითა და რიგით უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა, არც ზღვისპირელებს აქვთ დალხენილი საკალათბურთო ცხოვრება. საქმე ისაა, რომ დავით უსტიაშვილის გუნდს ტრავმის გამო თენიეშვილი და ბოლქვაძე აკლია, რაც ისედაც მოკლე სათადარიგო სკამის მქონე კოლექტივისთვის დიდი, შეიძლება ითქვას, აუნაზღაურებელი დანაკლისია.

“შსს აკადემიამ” მოლოდინისამებრ მოიგო და სერიაში დაწინაურდა. მასპინძლებმა 106:84 იმარჯვეს, თუმცა, მათ წარმატებას “იოლ გასეირნებას” მაინც ვერ დავაქმევდით. აკადემიელები პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ და დადებით ქულათა ბალანსს თანდათან ზრდიდნენ, თუმცა, ბათუმელები, მიუხედავად მწირი რესურსისა (თუ ტრავმირებულ თენიეშვილს არ ჩავთვლით, განაცხადში მხოლოდ 9 მოთამაშე ჰყავდათ) წინააღმდეგობის გაწევას მაინც ცდილობდნენ და დრო და დრო სხვაობის შემცირებასაც ახერხებდნენ. ჩვენი აზრით, აკადემიელთა მოგებაში გადამწყვეტი როლი საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ შეასრულა. მან ჯერ კიდევ პირველ პერიოდში მოახერხა 11 ქულის დაგროვება, სულ სპორტის სასახლის პარკეტზე 22 სათამაშო წუთი გაატარა და 21 ქულას 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიამატა. ცინცაძემ ორჯერ საკუთარი გუნდის შეტევის ბოლო წამზე მოახერხა სამქულიანების ჩაგდება (მთლიანობაში 7 სამქულიანიდან 5 ზუსტად გაისროლა) და როდესაც მესამე პერიოდის დასრულებამდე სამწუთნახევრით ადრე ტუღუშმა სათადარიგოთა სკამზე დასვა, ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრის ბედი გარკვეული იყო.

“შსს აკადემია” და “ბათუმი” ხვალაც შეხვდებიან ერთმანეთს და მასპინძლები გამოკვეთილი ფავორიტები იქნებიან – დღევანდელ დაპირისპირებაში ზღვისპირელთა უკანახაზელმა ნიკა რამიშვილმა მსაჯებისგან 2 ტენიკური შენიშვნა მიიღო, ამიტომაც სერიის მეორე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ის გუნდები წარსდგნენ, რომელთაც მეოთხედფინალური სერიები “მშრალად”, 3:0 მოიგეს. მატჩის წინ კოლეგებთან ერთად მეტოქეთა შანსებზე ვსაუბრობდით და ყველა ერთხმად აღნიშნავდა, თუკი ქვემოქართლელებს სამქულიანები წაუვიდოდათ, “დინამო” მეტად რთულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. ასეც მოხდა, “რუსთავმა” პრაქტიკულად მთელი შეხვედრის განმავლობაში ზუსტად შეასრულა ერთ-ერთი მთავარი საკალათბურთო ელემენტი და მოედნის უპირატესობაც მოიპოვა. ანგარიში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ამერიკელმა ცენტრმა გარი შერმანმა გახსნა, რასაც ჰეიდენ ჰამსმა, ქაქუცა აბაიშვილმა და გოგა ცეკვამამ მიჯრით 3 სამქულიანი მიაყოლეს და სტუმრები მესამე პერიოდის შუაწელამდე წინ იყვნენ. ამ მეოთხედის დასრულებამდე ზუსტად 5 წუთით ადრე ლაშა გამყრელიძემ “დინამო” 51:50 გაიყვანა წინ, მაგრამ მესამე ათწუთეულის დასკვნით წუთებზე რუსთაველები 7:0 “გაიქცნენ” და დასკვნითი პრიოდის წინ ანგარიში 64:57 გახადეს.

მეოთხე პერიოდში მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები, ლეგიონერ ტერენს ოგლესბის ზუსტი სამიანებით, კიდევ უფრო დაწინაურდნენ და საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 40 წამით ადრე 81:67-ს იგებდნენ. ძნელი წარმოსადგენი იყო, “დინამო” თამაშს რომ “შემოაბრუნებდა”, მაგრამ ასე მოხდა და ირაკლი ხოშტარიას გუნდს ცოტა დააკლდა შეხვედრის ოვერტაიმში გადასაყვანად. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მეთოდურად იწყო სხვაობის შემცირება. მიხეილ ჭოჭუას სამიანის შემდეგ ანგარიში 84:75 გახდა, თუმცა ამის შემდეგ რუსთაველებმა ქულა ვერ აიღეს, შერმანმა კი ფინალამდე წუთითა და 9 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა 82:84. დარჩენილ დროში “დინამომ” და “რუსთავმა” თითო შეტევა გააცუდეს, დასკვნითი იერიში კი მასპინძლებმა საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე წამოიწყეს. დამაგვირგვინებელი შეტევა ილია ლონდარიძემ დაასრულა, მაგრამ მისი ფარქვეშიდან ნასროლი კალათის რკალს მოხვდა და მოედანს დაუბრუნდა... “რუსთავმა” მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა. როგორც მოგახსენეთ, ბერუაშვილის გუნდის წარმატება დიდწილად შორეულმა ტყორცნებმა განაპირობა. ქვემოქართლელებმა სამიანების რეალიზაციის პროცენტი 46-ს გაუტოლეს, ამასთან ზუსტი შორეული ტყორცნები თანაბრად გადაანაწილეს ორივე ტაიმზე (10 და 8).

“შშს აკადემია” – “ბათუმი” 106:84 (31:20, 28:24, 31:25, 16:15)

სერიის ანგარიში 1:0

“დინამო” – “რუსთავი” 82:84 (12:21, 31:23, 14:20, 25:20)

სერიის ანგარიში 0:1

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101207