პლეი ოფის ნახევარფინალური სერიის მეორე წყვილში, სადაც ფინალის საგზურისათვის “დინამო” და “რუსთავი” იბრძვის, პირველი შეხვედრა ჩატარდა რომელსაც თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა, “რუსთავმა” 84:82 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ფავორიტად როგორც ამ შეხვედრაში, ისე მთელ სერიაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, რეგულარული პირველობის გამარჯვებული და თასის მფლობელი “დინამო” ითვლება. პროგნოზის საპირისპიროდ, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ 9 ქულით 21:12 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში “დინამომ” შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, ამის შემდეგ თამაშის ბოლომდე, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, “დინამოსა” და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს ილია ლონდარიძეს შეეძლო ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა.
თამაშის მიწურულს, “რუსთავისა” და ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა მიხეილ ჭოჭუამ კოჭი ამოიბრუნა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მისი თამაში მეორე შეხვედრაშიც სათუოა.
ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო “დინამოს” ამერიკელი ლეგიონერი, ცენტრალური თავდამსხმელი გარიკ შერმანი, რომელმაც 26 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. სტუმართა მხრიდან ყველაზე შედეგიანი ჭოჭუას ანგარიშზე 20 ქულაა. ჭოჭუას თანაგუნდელებიდან, 12 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვილმა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ “რუსთავმა” მიმდინარე სეზონის სარეკორდო შედეგი აჩვენა სამქულიანების სროლაში - 38 მცდელობიდან 18 გამოიყენა. რა თქმა უნდა, ამ სამქულიანებმა ქვემოქართლელთა გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა.
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ მეტოქეს და მის მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს ამ გამარჯვებას. დავუშვით შეცდომები, პერიმეტრი ვერ გავაკონტროლეთ, დაცვაშიც ცუდად ვითამაშეთ და ამიტომაც დავმარცხდით. ვეცდებით დღეს დაშვებული შეცდომები მომდევნო შეხვედრაში გამოვასწოროთ და დღევანდელი დამარცხებისათვის რევანში ავიღოთ. . .”
მიხეილ ბერუაშვილი (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): “მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც ნახევარფინალურ სერიაში გასვლაზე უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მართალია დავწინაურდით, მაგრამ თამაში სამ მოგებამდეა და სასურველ შედეგამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი. ჩემი აზრით, როგორც დღევანდელ შეხვედრაში, მომდევნო შეხვედრებშიც დაძაბული თამაშები იქნება. ვეცდებით კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვოთ. . .”…
ამ გუნდების მეორე შეხვედრა ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
“დინამო” – “რუსთავი” 82:84 (0:1)
(12:21, 31:23, 14:20, 25:20)







