ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში მიმდინარე მაისის სუპერტურნირის მე-4 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ნაცუ ბაშოს სტარტზე განცდილი სამ-სამი მარცხის შემდეგ, როგორც ტოჩინოშინმა, ისევე გაგამარუმ გამარჯვებები იზეიმეს.
განსაკუთრებით გამოსარჩევი ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძის წარმატებაა, რომელიც ტოკიოში დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯება და შესაბამისად, უძლიერეს მეტოქეებთან უწევს ჭიდილი. ამჯერად, ტოჩინოშინი ოძეკი კისენოსატოს გაეჯიბრა და იაპონელი სეკიტორი, რომელსაც მანამდე მაქსიმალური შედეგი გააჩნდა, ცუკიოტოშიც დაამარცხა.
წარმატებული დღე ჰქონდა თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ჰომარეფუჯის ოშიდაშით აჯობა.
ჰაცუ ბაშოს მე-5 დღეს ტოჩინოშინი ძალებს სეკივაკე ტერუნოფუჯისთან მოსინჯავს, რომელთანაც წინა ბრძოლა წაგებული აქვს. თავის მხრივ, გაგამარუს მეტოქე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ენდო იქნება. მეტოქეებს ერთმანეთის წინააღმდეგ თითო მოგება გააჩნიათ.
საინტერესოა, რომ მარცხი შეემთხვა იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, რომელსაც აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა სადანოუმიმ ჰიკაკეთი აჯობა. ცნობისთვის, სასტარტო შერკინებაში მსაჯებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, ტორინაოსის (განმეორებითი ბრძოლა) დროს კი უფრო ყოჩაღი აუტსაიდერად მიჩნეული სადანოუმი აღმოჩნდა. ახლა, ორივე იოკოძუნას – ჰაკუჰოს და ჰარუმაფუჯის 3 მოგება და 1 წაგება გააჩნია.
ოთხ-ოთხი გამარჯვებით ლიდერებში აღნიშნული სადანოუმი და სხვა რიგითი მაეგაშირები – ტაკაიასუ, ამურუ და კაისეი იმყოფებიან, სანიაკუდან (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) კი მოწინავეთა რიგებში არავინაა.