რაგბი

12:47 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაისთან მატჩის შემდეგ

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის “ალაფის” პირველ მატჩში ურუგვაი 46:12 დაამარცხა. ძალიან კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, სამხრეთამერიკელებმა ჩხუბის პროვოცირება მოახდინეს, რასაც გუნდის კაპიტნის, ბადრი ალხაზაშვილის გაძევება მოყვა.

ამ ეპიზოდს ორგანიზატორები განიხილავენ და სასჯელის ფორმაც შემდეგ გახდება ცნობილი, მანამდე კი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ და საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ განვლილი შეხვედრა შეაფასეს.

ნამატჩევს

ილია მაისურაძე (20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი): “გუნდი თამაშზე კონკრეტული დავალებით გავიდა, რომ ბურთის მოგების ზონაში ყოფილიყო მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი, იქნებოდა ეს შერკინება, მოლი თუ დერეფანი; გადაეკვეთა უპირატესობის ხაზი და რიცხობრივი უპირატესობის შექმნის შემდეგ, ხაზზე გაეტანათ ბურთი, რაც ბიჭებმა პირველ ტაიმში კარგად შეასრულეს. პირველი 40 წუთი დალაგებულად ვთამაშობდით.

მეორე ტაიმში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ავირიეთ. ფაქტია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში მოწინააღმდეგე ჩვენს პროვოკაციაზე წამოკიდებას ცდილობდა, რაც საბოლოოდ მოახერხა კიდეც და სამწუხაროდ, წითელი ბარათით დავისაჯეთ. ამის შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა და ეს სათამაშო დისციპლინაზეც აისახა - კაპიტანი გაგვიგდეს, შემდეგ ორჯერ სინბინიც მივიღეთ, მარამ მინდა აღვნიშნო, რომ გუნდმა მალევე მოახერხა დალაგება და დისციპლინაც გამოასწორა, რაც ცალსახად მათი მენტალური სიძლიერისა და მდგრადობის მანიშნებელია.

მომავალი მოწინააღმდეგეების თამაშს რაც შეეხება, ფიჯის დიდი და საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა ღია თამაშში და ძალიან სწრაფები არიან. ჩემდა გასაკვირად, კუნძულელები პორტუგალიელებს შერკინებაშიც სჯობდნენ. ვთვლი, რომ პორტუგალიას უფრო უნდა ჩაეკეტა თამაში და შედეგი სხვანაირი იქნებოდა. სწრაფი ბურთაობა გაჩაღდა და ბევრი ოფლოუდი იყო. ფიჯი შემოქმედებითად თამაშობდა. ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ და შემდეგი მატჩისთვის შესაბამისად მოვემზადებით”.

ირაკლი აბუსერიძე (რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი): “ყველა სტატიკურ ფაზაში, იქნებოდა ეს დერეფანი თუ შერკინება, ბიჭებმა შეძლეს მოწინააღმდეგის დაჯაბნა. აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში, ურუგვაელები ჩვენი მოთამაშეების პროვოკაციაზე წამოკიდებას ცდილობდნენ, ბოლოს ბიჭებს ნერვებმა უმტყუნა და მეორე ტაიმში მოხდა ჩხუბი, რომელსაც სამწუხაროდ ბადრი ალხაზიშვილის წითელი ბარათი მოყვა. ჩვენი მენეჯერები ესაუბრებიან ტურნირის ორგანიზატორებს. ვიდეოს განიხილვის შემდეგ გაირკვევა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამ უსიამოვნო ეპიზოდმა ჩვენი თამაში გარკვეული პერიოდით არია და სათამაშო დისციპლინაზეც იმოქმედა, მაგრამ ბიჭებმა მაინც შეძლეს დალაგება და თამაშის გამოსწორება. მთლიანობაში, ჩვენი 20-წლამდელების თამაშს დადებითად შევაფასებ. მატჩამდე ფავორიტად ყველას ურუგვაი მიაჩნდა, ხოლო ბიჭები შესაბამისი განწყობით გავიდნენ მოედანზე და შესანიშნავად ითამაშეს. მოთამაშეები ჯანმრთელად არიან, მნიშვნელოვანი ტრავმა არავის აქვს, თუ არ ჩავთვლით მცირე დაჟეჟილობებს, რომლებიც მოწინააღმდეგის პროვოკაციებით არის გამოწვეული”.

0.112602