კალათბურთი

19:21 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალის დრამატული დასასრული

საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიებიდან 2 მათგანი 3:0 დასრულდა, „ბათუმმა“ „ქუთაისს“ 3:1 სძლია, „შს აკადემიისა“ და „სოხუმის“ წყვილში გამარჯვებულის გამოვლენას 5 შეხვედრა დასჭირდა და დასკვნითი პაექრობის ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო, ნახევარფინალში კოტე ტუღუშის გუნდი გავიდოდა თუ ვაჟა კვარაცხელიას შეკრული კოლექტივი.

სერიის წინა მატჩების მსგავსად, დღესაც ფავორიტად აკადემიელები ითვლებოდნენ, თუმცა, სოხუმელები ნებისმიერი მეტოქისთვის მეტად ანგარიშგასაწევ ძალას რომ წარმოადგენენ, ეს შორს რომ არ წავიდეთ, აწ უკვე გასრულებულმა მეოთხედფინალმაც დაადასტურა. პირველიდან დასკვნით წამებამდე თბილისის სპორტის სასახლის პარკეტზე უშეღავათო ორთაბრძოლა იყო გაჩაღებული, ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა (სამწუხაროდ მცირე რაოდენობამ) ორივე გუნდის მოთამაშეთა შესრულებით ჟინიანი, მოგებისკენ მიმართული ასპარეზობა იხილა. გულშემატკივარმა მრავლად იხილა ბურთის ლამაზი გათამაშება, ეფექტიანი კომბინაციები, ეფექტური შორეული ტყორცნები. ცხადია, აკადემიელებიცა და სოხუმელებიც შეცდომებსაც უშვებდნენ, მაგრამ პლეი ოფის დასკვნითი მატჩი ნერვული ლაფსუსების გარეშე რომ არ ჩაივლიდა, იმთავითვე ვიცოდით.

სადებიუტო ნაწილი „შსს აკადემიამ“ შედარებით უკეთ ჩაატარა და რომ არა ჯერ კიდევ ბოლომდე ტრავმამოუშეშებელი ბექა ბექაურის კარგი თამაში, „სოხუმის“ ქულათა დეფიციტი უფრო მეტიც იქნებოდა. პირველი პერიოდი აკადემიელებმა 20:15 მოიგეს და მეორე მეოთხედის სოლიდური ნაწილის განმავლობაში ლიდერობდნენ, მაგრამ დიდი შესვენების წინა პერიოდმა „სოხუმის“ გამოკვეთილი დომინირებით ჩაიარა და რომ არა ზედ საფინალო სირენის წინ გიორგი ცინცაძის ზუსტი სამქულიანი, კვარაცხელიას გუნდი უფრო დიდ ჰანდიკაპს შეიქმნიდა. ისე კი, „სოხუმმა“ პირველი ტაიმი 35:31 მოიგო.

მესამე პერიოდში გუნდები ერთმანეთს სამქულიანების ზუსტად სროლაში გაეჯიბრნენ. თუკი საწყისი 2 მეოთხედის მსვლელობისას კალათბურთელებმა პერიმეტრს მიღმიდან ტყორცნის შედეგად 9-ჯერ მოათავსეს ბურთის მოწინააღმდეგის კალათაში, მესამე ათწუთიან მონაკვეთში აკადემიელებმა და სოხუმელებმა ეს უმნიშვნელოვანესი საკალათბურთო ელემენტი ზუსტად 10-ჯერ (5-5 ორივე გუნდიდან) შეასრულეს.

დასკვნითი პერიოდის წინ „სოხუმი“ 58:52-ს იგებდა, თუმცა, ეს საბოლოო წარმატების გარანტიას მინიმალურადაც რომ არ იძლეოდა, ყველას კარგად ესმოდა. ცხადი იყო, დრამატული ორთაბრძოლა საფინალო სირენამდე რომ გასტანდა და ასეც მოხდა. სოხუმელებმა ორჯერ 8 ქულით მოახერხეს დაწინაურება, მათ თამაშზე კი უარყოფითად იმოქმედა კაპიტნის, ირაკლი ჩლაიძის მიერ მიღებულმა ტრავმამ. ეს მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მოხდა, როდესაც ანგარიში 62:54 იყო. ჩლაიძის მოედნიდან დროებით გასვლით აკადემიელებმა სათანადოდ ისარგებლეს და სამნახევარ სათამაშო წუთში ანგარიშის გაყაიმება მოახერხეს - 62:62. აქ უკვე ფსიქოლოგიური უპირატესობა „შსს აკადემიამ“ მოიპოვა, სოხუმელთა ლიდერებს (ჩლაიძე, ჯგერენაია, ბექაური) დაღლა დაეტყოთ, 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო გრიგოლ შვანგირაძემ. ამასთან ბოლო წუთებზე „სოხუმმა“ 4 საჯარიმო ტყორცნა ააცილა მიზანს. კვარაცხელიას გუნდმა მაინც უკანასკნელ წამამდე იბრძოლა - რატი ბააკაშვილმა ორწამნახევრით ადრე ანგარიში 72:71 გახადა. დარჩენილ დროში მიხეილ ბერიშვილმა 2 საჯარიმო შეასრულა ზუსტად, პელე პეილეის კი დასკვნითი შეტევის სათანადოდ დასაგვირგვინებლად დრო აღარ ეყო. „შსს აკადემიამ“ 74:71 იმარჯვა, სერია 3:2 მოიგო და პლეი ოფის ნახევარფინალშია.

დღევანდელმა მეტად საინტერესო ასპარეზობამ ორივე გუნდის შემდეგენლობიდან 13 კალათბურთელის ზურგზე გადაიარა. „შსს აკადემიამ“ მხოლოდ ცინცაძე, ბერიშვილი, მეტრეველი, როგავა, შარაბიძე, წივწივაძე, ლომოური ათამაშა, „სოხუმმა“ კი ჩლაიძე, შვანგირაძე, ბააკაშვილი, ჯგერენაია, პელე და ბექაური დატვირთა. გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტად თავი ცინცაძემ (23 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა) და შარაბიძემ (17 ქულა, 15 მოხსნა) გამოიჩინეს, სოხუმელთაგან ორმაგი დუბლი პელემ (19 ქ, 13 მ) და ბექაურმა (15 ქ, 14 მ) შეასრულეს, ჯგერენაიას ანგარიშზე კი 15 ქულა და 8 მოხსნაა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში (,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): "მინდა მადლობა ვუთხრა მთელ ჩემს გუნდს, თითოეულ მოთამაშეს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. რთული, ნერვული და დაძაბული თამაში იყო, ველოდებოდით ,,სოხუმის’’ მხრიდან დიდ წინააღმდეგობას და ასეც მოხდა. ბევრი სირთულე შეგვხვდა თამაშის დროს და მადლობა ბიჭებს, რომლებმაც შეინარჩუნეს მობილიზება, მონდომება და გამარჯვების სურვილი. დიდი მადლობა ,,სოხუმის’’ გუნდს თავდადებისთვის და ბრძოლისთვის ყველა თამაშში. მათ წინ სერიოზული თამაშები ელით და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი დასვენება და ნახევარფინალისთის მომზადება გვჭირდება, დრო ძალიან ცოტაა, ზეგ უკვე ნახევარფინალის შეხვედრა გვაქვს. ზოგიერთებს კი მოკლედ ვეტყვი: ვერ მოგართვით".

ვაჟა კვარაცხელია (,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ კოტეს და ,,შსს აკადემიას’’. ბრწყინვალე გუნდია. კალათბურთი ხელოვნება და მონდომებაა, ყველაზე მთავარი, ალბათ, მონდომებაა და ჩვენმა ბიჭებმა ძალიან მოინდომეს. რომ არა მსაჯების პატარა შეცდომები, შეიძლებოდა მოგვეგო კიდეც, ფსიქოლოგიური უპირატესობა გვქონდა, თუმცა ალბათ იღბალიც დაგვაკლდა. დიდი მადლობა ჩემს გუნდს, ბიჭებმა არაჩვეულებრივად ითამაშეს და მოგების ღირსნი იყვნენ. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ თამაშებში, ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ნამდვილი კალათბურთის თამაში".

ბექა წივწივაძე (,,შსს აკადემია’’): "რთული და ფსიქოლოგიურად მძიმე თამაშები იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო ,,სოხუმის’’ თითოეული მოთამაშის მონდომება. დიდი ბრძოლა იყო, რაც დასაფასებელია. მინდა ჩემს გუნდს, მწვრთნელებს და მოთამაშეებს ყველას მადლობა ვუთხრა ასეთი თავდადებისთვის, ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები და ბოლოს გამოცდილების ხარჯზე გავიმარჯვეთ. მთავარი ბრძოლა წინაა და შევეცდებით, წარმატებულად ვიასპარეზოთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა".

ირაკლი ჩლაიძე (,,სოხუმი’’): "პირველ რიგში, ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას, ძალიან კარგი გუნდია და მინდა, ჩემპიონები გახდნენ, რადგან შემდეგ ვთქვათ, რომ ,,სოხუმი’’ ჩემპიონთან დამარცხდა პლეი ოფში. რაც შეგვეხება ჩვენ, დიდი მადლობა მთელ გუნდს. მეამაყება, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ. ჩვენს გუნდს ბევრი პრობლემები ჰქონდა გასულ წელს, ამ სეზონშიც გვქონდა ხარვეზები და ამის მიუხედავად პლეი ოფში ყველაფერი ჩავდეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ ერთ-ერთ საჩემპიონო გუნდთან. შეიძლება დღევანდელი მარცხი ფორტუნასაც დავაბრალოთ, რაღაც მონაკვეთებში ვიგებდით და ერთწუთიან მონაკვეთში ყველაფერი შეიცვალა, თუმცა კალათბურთში ასე ხდება, ხან შენ ჩააგდებ, ხან მოწინააღმდეგე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს გუნდს და გულშემატკივარს, რომელიც არც ერთი წუთით არ გვტოვებდა მარტო. ბრძოლას გავაგრძელებთ და ვეცდებით ღირსეული მე-5 ადგილი დავიკავოთ. ,,შსს აკადემიას’’ კი წარმატებას ვუსურვებ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში".

პლეი ოფის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან

„დინამო“ - „რუსთავი“

„შსს აკადემია“ - „ბათუმი“

პლეი აუტის პირველ წრეში ერთმანეთს შეხვდებიან

"ქუთაისი" - "სოხუმი"

"ოლიმპი" - "მგზავრები-არმია"

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.125674