ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველ ბუბა დაუშვილის შეძენა შვეიცარიის ორ კლუბს სურს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ფეხბურთელის აგენტმა დმიტრი ვორონოვმა აცნობა. მან კლუბებიც დაგვისახელა: “ლუცერნი” და “სენტ გალენი”. ორივე ეს გუნდი შვეიცარიის უმაღლეს ლიგაშია, ცხრილის შუაში არიან.
გარდა ამისა, დაუშვილი რუსეთის კლუბებსაც სურთ, თუმცა კონკრეტულად გუნდების სახელები ვერ შევიტყვეთ. ვორონოვმა გვაცნობა, რომ შვეიცარიელებს ბუბა მოსწონთ და მის ტრანსფერზე მუშაობას აპირებენ.
დაუშვილი ლვოვის გუნდში ბოლო ტურებში სისტემატურად თამაშობს. მას კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის მიწურულს უმთავრდება.