საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა, 11 მაისს გამართულ სხდომაზე, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილ თბილისის სტუ-ს პრეზიდენტ ოთარ შენგელიას, ხარაგაულის “ჩხერიმელას” ფეხბურთელებს თემურ სანიკიძეს და გიორგი გოდერიძეს, ასევე ყოფილ ფეხბურთელ დავით გენძეხაძეს, საფეხბურთო კლუბებს “ჩხერიმელასა” და სტუ-ს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა. იმ თამაშებში, რომლებშიც “ჩხერიმელა” და სტუ ჩაწყობაში არიან ეჭვმიტანილნი ორივე გუნდს ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვლებათ. აგრეთვე, სეზონის დასრულებამდე დარჩენილ მატჩებშიც აღმასკომის გადაწყვეტილებით მათ ანალოგიური ანგარიშით მარცხი ჩაეთვლებათ.
აღმასკომმა დაადგინა, რომ დავით გენძეხაძე ქართულ ფეხბურთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს. კერძოდ, მას საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ნებისმიერი დონის მატჩის დროს სტადიონზე შესვლა აეკრძალა. თუ “ჩხერიმელას” ფეხბურთელები და ოთარ შენგელია სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფთან ითანამშრომლებენ, მაშინ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი შესაძლოა გადაიხედოს.
აღმასკომს არავითარი სანქცია არ მიუღია კიდევ 4 დაკავებულზე: გიგა ბურჯანაძეზე, ომარ ნაკაიძეზე, იოსებ გიოშვილზე და გიორგი კუხალაშვილზე, რადგან ისინი ფეხბურთის ფედერაციის სამართლებრივ სივრცეში არ შედიან.
ამ საკითხის გარდა, აღმასკომმა “ზესტაფონის” შესახებაც იმსჯელა. იმსჯელა და დაადგინა, რომ იმერული კლუბი გათამაშებიდან მოხსნილია, რის შედეგად ქვედა ლიგაშია დაქვეითებული.
გარდა ამისა, აღმასკომმა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარის ბესო აბაშიძის მიმართვაზაც განიხილა. აღმასკომის გადაწყვეტილებით, გამომდინარე იქიდან, რომ “ზესტაფონი” თავის ყოფილ ფეხბურთელებს შოთა ბაბუნაშვილს და თორნიკე აფციაურს, ასევე მწვრთნელ თამაზ ოდიკაძეს ვალს არ უსტუმრებს, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ფეხბურთის ფედერაციის წევრობა შეუჩერდა. თუ ფედერაციის მომავალ ყრილობამდე ზესტაფონელები ჩამოთვლილ პიროვნებებს კუთვნილ თანხას არ მისცმენ, მაშინ ამ კლუბს ფეხბურთის ფედერაციიდან გარიცხავენ.
აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჟურნალისტებს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ აცნობეს.