კალათბურთი

14:02 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილმა ლიბანური სეზონი შთამბეჭდავი ორმაგი დუბლით დაასრულა

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია 2:4 წააგო და სეზონი დაასრულა, არადა, ფავორიტ “ალ რიადისთან” დასკვნით თამაშში სკიტა კვლავაც გამორჩეული იყო.

ჩემპვილელებს ლიბანელებთან წინა შეხვედრა სტუმრად ჰქონდათ მოგებული და ახლა, შინ რომ ემარჯვათ, სერიაში ანგარიშს გაათანაბრებდნენ, თუმცა, 78:101 წააგეს.

ცქიტიშვილის გუნდის დასკვნითი მეოთხედის წინ 8 ქულას აგებდა და გარკვეულ შანსს ინარჩუნებდა, თუმცა, ბოლო ათწუთეულში 13:28 განადგურდა. აღნიშნულს ხელი იმანაც შეუწყო, ქართველმა ფორვარდმა მე-5 პერსონალური ფოლი მიიღო, მანამდე კი, ნიკოლოზი შეუჩერებელი იყო.

საერთო ჯამში, ცქიტიშვილმა მოედანზე 32 წუთი დაჰყო და 26 ქულა, 13 მოხსნა (7 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 16-დან 9 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ დაუფარეს, როგორც აღვნიშნეთ, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

შედეგად, სკიტას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32-ს უწია, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ, სტუმართაგან კი მას ფადი ხატიბმა (20 ქულა, 8 მოხსნა) და აჰმად ისმაილმა (13 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი) აჯობეს.

ამგვარად, ცქიტიშვილისთვის საკლუბო სეზონი დასრულდა, თუმცა, წინ არის მთავარი სანაკრებო ამბები. თუკი საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ნიკოლოზს ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრებაზე უხმობს, სკიტა ნაკრებს ივლისში შეუერთდება.

0.120757