ფეხბურთი

22:26 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” მოგება დაიბედა 

ქუთაისში გამართული შეხვედრა ადგილობრივ ”ტორპედოს” და ბოლნისის “სიონს” შორის თავისებურ დატვირთვას ატარებდა. სტუმრები გამარჯვების შემთხვევაში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის სერიოზულ ნაბიჯს გადადგამდნენ, ხოლო ქუთათურთათვის წლევანდელი სეზონი ამ კუთხით უკვე ნაკლებმოტივირებულია. რიონისპირელებმა მეორე წრეში წარმატებით გადაჭრეს ლიგაში დარჩენის საკითხი. ახლა კი გიორგი დარასელიას შეგირდები არ ღალატობენ სპორტულ პრინციპებს და ყველა შეხვედრაში გამარჯვებისათვის იბრძვიან.

შეხვედრა მოლოდინისამებრ უფრო მოტივირებული სტუმრების აქტიურობით დაიწყო. ქვემო ქართლელები შეეცადნენ დებიუტშივე მოეპოვებინათ უპირატესობა, მაგრამ სადებიუტო წუთების შემდეგ ქუთათურებმა თანდათანობით შეძლეს თამაშის გათანაბრება და გაცილებით მწვავედ შეუტიეს მოწინააღმდეგეს. ისე საწყისს წუთებში ბოლნისელებმა რაიმე ხეირიანის შექმნა მასპინძელთა კართან ვერ შეძლეს. ერთადერთხელ უგულავა ურტყამდა მახვილი კუთხიდან, მაგრამ ამას არანაირი ხიფათი ქუთათურთა კართან არ მოჰყოლია.

ნელნელა რიონისპირელები თავად გადავიდნენ შეტევაზე. პირველად სტუმართა კარს ახალგაზრდა ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე დაემუქრა, რომლის დარტყმულზეც მერლანმა დროული რეაგირება მოასწრო. მალე ზივზივაძე-კირკიტაძის ორსვლიანი კომბინაცია, ქუთაისელთა ტანმორჩილი ნახევარმცველის კარში დარტყმით დასრულდა, რომელიც “სიონის” კარის დარაჯმა კუთხურზე მოიგერია. სახიფათო დარტყმა ამ სტანდარტულსაც მოჰყვა ადამაძისაგან, მაგრამ ტორპედოელთა კაპიტნის თავური აცდა მიზანს. ქუთაისელთა უპირატესობის მიუხედავად, იმერლებს რეალური მომენტი მხოლოდ კირკიტაძის უძლიერესი დარტყმის შემდეგ მიეცათ, მაგრამ მერლანმა საუცხოო რეაქცია გამოავლინა და ბრწყინვალე ნახტომში შეძლო ბურთის მოგერიება.

სტუმართა აქტივობა სადებიუტო წუთების შემდეგ დაბალი გახლდათ. რამდენიმეჯერ დათა სიჭინავა ცდილობდა სტანდარტულიდან ხეირის პოვნას, მაგრამ მის დარტყმებს სიზუსტე აკლდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში, 37-ე წუთზე იყო მომენტი, რომელმაც ტრიბუნებზე შეკრებილთა აღშფოთება გამოიწვია. ქუთაისელთა ნახევარმცველი ზაზა ჭელიძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როდესაც იგი მცველთან ჭიდილში წაიქცა. არბიტრმა ჭელიძე სიმულაციისათვის “გააყვითლა”, რასაც იმერული კლუბის ქომაგთა მხრიდან მცირეხნიანი “ობსტრუქცია” მოჰყვა.

თამაშის განახლებისთანავე გამოიკვეთა დასავლელთა დიდი უპირატესობა. განსაკუთრებით აქტიურობდა “ტორპედოს” მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძე, რომელიც რამდენიმეჯერ დაემუქრა მეტოქის კარს. პირველად ახალგაზრდა მცველი 54-ე წუთზე უტევდა ქვემოქართლელებს, მაგრამ ბურთი ბოლნისელთა კარს გარედან მოხვდა. ცოტა ხანში მოედანზე ახლადშემოსულმა ბაბუნაშვილმა დაარტყა ძლიერად, მაგრამ სიზუსტე მის დარტყმულსაც დაეწუნებოდა. 62-ე წუთზე გამოცდილმა ნახევარმცველმა ისევ ცადა ბედი, მაგრამ მას გატანაში ამჯერად ძელმა შეუშალა ხელი. მოვლენები ისე ვითარდებოდა ქუთაისელთა გოლის გატანა მხოლოდ დროის საქმედ მოგეჩვენებოდა ადამიანს, მაგრამ 67-ე წუთზე იმერლებმა კინაღამ გოლი გაუშვეს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ლუის ალბერტო გზავნიდა თავით ქუთათურთა კარისკენ, მაგრამ კარის ხაზზე მდგომმა ქიმაძემ თავით გამოიტანა ბურთი და საკუთარი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.

თამაში იგივე სცენარით გრძელდებოდა. ბოლნისელთათვის კვლავ მძიმედ გასანეიტრალებელი რჩებოდა ქიმაძე-ბაბუნაშვილის დუეტი, რომელთაც მხარს კარგად უბამდა დავით კირკიტაძე. ამის მიუხედავად, ბოლნისელებს კიდევ ერთხელ მიეცათ გატანის შანსი, როდესაც ალექსანდრე გოგობერიშვილმა უძლიერესი დარტყმა განახორციელა, მაგრამ შევჩენკომ ლამზ და ეფექტურ ნახტომში შეძლო სიტუაციის განმუხტვა.

საეპილოგო წუთებში ისევ ტორპედოელებისა იყო. 85-ე წუთზე “სიონი” გოლის გაშვებას რომ გადაურჩა მირზე მერლანს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ვახტანგ კვარაცხელიას რვა მეტრიდან დარტყმული ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. კარგი გადაცემა ამ სიტუაციაში ქუთაისელთა ფორვარდს ბაბუნაშვილმა გაუკეთა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მატჩის მიწურულს მერლანმა ვეღარ მოახერხა საკუთარი კარის “მშრალად” შენახვა, როდესაც ბაბუნაშვილის მიერ შესრულებულ სტანდარტულს კვარაცხელია შეწვდა თავით და “სიონის” კარი აიღო. ამ სიტუაციაში ბოლნისელთა კიპერმა ვეღარ მოახერხა საკუთარი კარის ხსნა. ამ წაგებით ქვემოქართლელები ისევ გასავარდნ ზონაში რჩებიან და დიდი ძალისხმევა მოუწევთ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება ქუთაისელებს, მათ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტაცია მოახდინეს. თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს გახლდათ პირველი მატჩი ქუთაისურ საფეხბურთო არენაზე მას შემდეგ, რაც სტადიონს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის რამაზ შენგელიას სახელი ეწოდა.

“ტორპედო” – “სიონი” 1:0 (0:0)

9 მაისი. 17:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”. 1500 მაყურებელი

“ტორპედო”: შევჩენკო, კირკიტაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ადამაძე, ზაზა ჭელიძე (ბაბუნაშვილი, 46), იოსელიანი, ტუღუში (კვარაცხელია, 58), მამასახლისი, კლიმიაშვილი, ზივზივაძე (გოგუაძე, 77).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

“სიონი”: მერლანი, გურეშიძე, ცნობილაძე, მოსემღვდლიშვილი, ფოფხაძე, გოგობერიშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (საჯაია, 60), სიჭინავა (და სილვა, 81), უგულავა (ლობჯანიძე, 70), ლუის ალბერტო.

მთავარი მწვრთნელი:

გოლები: 1:0 კვარაცხელია (88).

გაფრთხილება: ქიმაძე (37), უგულავა (55), საჯაია (74).

არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე (გორი)

გიორგი წურწუმია ქუთაისიდან

0.116282