ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი შესაძლოა მომავალი სეზონიდან "პარკ დე პრენსზე" ვეღარ ვიხილოთ. სამხრეთამერიკელი ფორვარდის მამამ, ლუის კავანიმ ავტორიტეტულ იტალიურ გამოცემა "ტუტოსპორტთან" საუბრისას თავისი შვილის "იუვენტუსში" გადაბარგება არ გამორიცხა. მისი თქმით, ისინი მზად არიან ზაფხულში "ბებერი ქალბატონის" წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფეხბურთელის მომავალზე ესაუბრონ.
"დაბრუნდება თუ არა ედინსონი იტალიაში? - პირველ ყოვლისა საჭიროა გავიგოთ თუ რა სურს პსჟ-ს ჩემი შვილისგან. "იუვენტუსი" დიდი გუნდია, იტალიაში საუკეთესო. სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენ მზად ვართ შევხდეთ და დაველაპარაკოთ ტურინული გუნდის წარმომადგენლებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი"? - მათთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია”, - განაცხადა კავანის მამამ.
ბოლო პერიოდში ურუგვაელი თავდამსხმელის პარიზიდან შესაძლო აბარგების შესახებ ცნობები უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, პსჟ-ს დატოვება თავად ფეხბურთელმაც არ გამორიცხა.
მიმდინარე სეზონში კავანიმ საფრანგეთის ლიგა 1-ში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში 16 გოლის გატანა მოახერხა.