ფეხბურთი

0:48 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა სეზონი გამარჯვების გოლით დაასრულა (+VIDEO)

ბელგიის ჩემპიონატში ევროპალიგის ზონაში მოხვედრისთვის მებრძოლი კლუბების “ვარეგემისა” და “გენკის” დაპირისპირება შედგა. “გენკმა” გასვლით მატჩში 3:2 დაამარცხა “ვარეგემი.” მაკლიშმა 56-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილი შეუშვა მინდორზე, ქართველმა ფეხბურთელმა 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა (VIDEO). "გენკი" ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლი კლუბებისთვის განკუთვნილ ჯგუფურ ეტაპში იღებდა მონაწილეობას. ოთხგუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზე "მეხელენი" გავიდა, რომლის მსგავსად 15 ქულა დაგროვა “გენკმაც,” თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო ქართველი ფეხბურთელების გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და ევროპალიგის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგა.

ნორვეგიის ჩემპიონატის მე-7 ტურში “სტაბეკმა” სტუმრად 2:0 დაამარცხა “ვალერენგა.” გიორგი გოროზიამ გამარჯვებულთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა. პირველი გოლისას გოროზიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დიომანდემ ზუსტად გამოიყენა. ნორვეგიის ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, “სტაბეკი” კი 16 ქულით მეორე ადგილზეა.

გერმანიის მესამე ლიგის 36-ე ტურში დრეზდენის “დინამომ” შინ 5:1 გაანადგურა “უნტერჰაჰინგი.” სტუმართა მაისურით ლუკას ჰუფნაგელმა სრულად ითამაშა. გერმანიის მესამე ლიგაში 20 გუნდი მონაწილეობს. “უნტერჰაჰინგი” 36 ქულით მე-19 ადგილზეა და რეგიონლიგაში გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.

კვიპროსის პირველი დივიზიონის პირველ ექვსეულში “ომონიამ” შინ 2:1 დაამარცხა “ანორთოსისი.” მასპინძელთა ქართველ მცველ უჩა ლობჟანიძეს წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო არ უთამაშია. ფამაგუსტელთა მაისურით გიორგი აბურჯანიამ მთელი მატჩი ჩაატარა, ირაკლი მაისურაძე კი განაცხადში ვერ ვიხილეთ. პირველ ექვსეულში “ომონია” 53 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება, “ანორთოსისი” კი 49 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.

ჩეხეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში “პრიბრამიმ” შინ 2:1 დაამარცხა ლევან ყენიას “სლავია.” ქართველი მოთამაშე “სლავიას” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 76-ე წუთზე შეცვალეს. ჩეხეთის ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, “სლავია” კი 28 ქულით მე-13 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში “ვორსკლამ” შინ 3:1 დაამარცხა დონეცკის “ოლიმპიკი.” სტუმართა განაცხადში ვერ ვიხილეთ მეკარე ზაურ მახარაძე. უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში “ოლიმპიკი” 23 ქულით მე-9 ადგილზეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 33-ე ტურში "აზალმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ბაკი." "აზალის" შემადგენლობაში ლაშა კასრაძემ სრულად ითამაშა. აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 10 გუნდი მონაწილეობს, "აზალი" კი 35 ქულით მე-6 ადგილზეა.

ლიტვის ა ლიგის მე-12 ტურში “ტრაკაიმ” შინ 4:1 დაამარცხა “სუდუვა.” მასპინძელთა ფეხბურთელი ნიკა აფაქიძე 76-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ბესო ამაშუკელი კი სათადარიგო იყო. ლიტვის 10 გუნდიან ჩემპიონატს “ტრაკაი” 31 ქულით ლიდერობს.

ესტონეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში “ლევადია” შინ “ფლორას” დაუზავდა (1:1). “ფლორას” სასტარტო შემადგენლობაში ზაქარია ბეგლარიშვილი და ირაკლი ლოგუა მოხვდნენ. ორივე მათგანი 73-ე წუთზე შეცვალეს. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატში “ფლორა” 22 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125291