ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ჩელე არენამ” უმასპინძლა, სადაც ბათუმის “დინამომ” თბილისელ თანაკლუბელებს უმასპინძლა. სატურნირო ცხრილის ზედა სამეულში მყოფი გუნდების დუელი სამწუხაროდ უმაყურებლოდ ჩატარდა, რადგანაც ცნობილი მიზეზების გამო ასეთი სასჯელით გახლდათ აჭარული კლუბი დაჯარიმებული სამი მატჩით. ისე მოხდა, რომ ბათუმელთათვის ერთერთი ყველაზე პრინციპული მატჩი, სწორედ უმაყურებლოდ ჩატარდა, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა გამხნევება. ისე ქობულეთში ბათუმელთა ძალიან ბევრი ქომაგი იყო ჩამოსული საინტერესო მატჩის სანახავად, მაგრამ მათ თამაშის ცქერა ექსტრემალურ პირობებში მოუხდათ.
პრინციპულ დუელში ბათუმლებმა მეკარე მიხეილ ალავიძე მოისაკლისეს, რომელმაც წინა შეხვედრაში მხარის ტრამვა მიიღო და გამოაკლდა ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს. სადებიუტო წუთებში სტუმრებმა სამი კუთხურის ჩაწოდება მოახერხეს, თუმც უშედეგოდ. რაც შეეხება მასპინძლებს, მათ ორჯერ შეძლეს კარის მიმართულებით ბურთის გაგზავნა, მაგრამ ტატანაშვილის მიერ დასწრებაზე თამაში და გოგიტიძის თავური არაზუსტი გამოდგა. პირველად მეკარის შეწუხება დედაქალაქელმა კიტეიშვილმა მოახერხა, როდესაც დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა მამინაშვილმა ბურთის მოგერიება უპრობლემოდ შეძლო. ცოტა ხანში ისევ კიტეიშვილი ცდილობდა კართან სიტუაციის გამწვავებას, მაგრამ ისევ აჭარელთა კიპერმა ითამაშა დამაჯერებლად.
სადებიუტო მღელვარების და აქტიურობის შემდეგ თამაშის ტემპი ოდნავ შენელდა. პირველი რეალურად სახიფათო სიტუაცია მე-17 წუთზე შეიქმნა, როდესაც ტაბატაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ მასპინძელთა საჯარიმოს შიგნიდან კიტეიშვილი ურტყამდა ერთი შეხებით, მაგრამ მამინაშვილმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე გადააგდო. ამის შემდეგ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თბილისელთა მარჯვენაფლანგელი ტაბატაძე შესაცვლელი შეიქმნა. ვაჟამ ტრამვა მიიღო და მის ნაცვლად გოგიჩაიშვილმა თამაშში კაკაბაძე ჩართო.
მოედანზე “წყნარი” სიტუაციის შეცვლის მცდელობა 33-ე წუთზე გოგიტიძეს ჰქონდა, რომელმაც შორიდან დაარტყა ზუსტად კარის ჩარჩოსკენ, მაგრამ დაუშვილი ნახტომში დაეუფლა ბურთს. ტაიმის ბოლომდე ისევ აჭარლებს ჰქონდათ სახიფათო სიტუაციის შექმნის მცდელობა, როდესაც საჯარიმოს ხაზთან ახლოს ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ ოდნავ მახვილი კუთხიდან თევდორაძის მიერ ძლიერად დარტყმული, ერთერთ თბილისელს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. ბათუმელებმა ზედიზედ ორჯერ ჩააწოდეს სტანდარტული, მაგრამ რაიმე ხიფათის შექმნა მეტოქის კართან ვერ მოახერხეს და ტაიმიც უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმი პაპუნაშვილის არაზუსტი დარტყმით განახლდა. მალე მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმეჯერ სახიფათო მომენტის შექმნის მცდელობაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მათ რაიმე განსაკუთრებული შექმნეს მოწინააღმდეგის კართან. დაახლოებით იგივეს თქმა შეიძლება თბილისელებზე, რომლებმაც სერიოზული მომენტის შექმნა თამაშის განახლებიდან საწყისს 20 წუთში ვერ შეძლეს. ერთადერთხელ მოედანზე ახლადგამოსულმა ლობჟანიძემ დაარტყა საჯარიმოს შიგნიდან, მაგრამ ერთერთი ბათუმელი მცველი თავგანწირვით გადაეღობა ბურთს და კარისკენ წასვლის საშუალება არ მისცა.
ძალიან სახიფათო კონტრშეტევის საშუალება მიეცათ აჭარლებს 70-ე წუთზე, როდესაც თბილისელებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე დაკარგეს და ბორის მახარაძემ ერთი შეხებით დიდებული გადაცემა გაუკეთა ბერიაშვილს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მას თოთაძე წამოეწია და როდესაც გიორგიმ კარისკენ დაარტყა, მას მცველი გადაეღობა და ბურთი კუთხურზე გადავარდა. ამას მალე საპასუხო შეტევა მოჰყვა დედაქალაქელთაგან, რომელთაგან ისევ ლობჟანიძემ იაქტიურა, მაგრამ მის დარტყმულს მამინაშვილი ადგილზე დაუხვდა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში ერთი პერიოდი ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. თითქოს მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ, მაგრამ საეპილოგო ნაწილში ისევ თანაბარი თამაში მიდიოდა. სიტუაციიდან გამომდინარე ფრე არცერთ გუნდს ხელს არ აძლევდა. ორივე გუნდს მატჩის მოგება სურდა, მაგრამ რეალურად სამი ქულისთვის ღირებული ვერცერთმა ვერ გააკეთა. იყო შეტევების მცდელობები, მაგრამ იმდენად დიდი იყო წუნი გადაცემების გაკეთებისას, რომ ფაქტობრივად სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა. ბოლოს ყველაზე აღსანიშნავი ის გახლდათ, რომ სტადიონის გარეთ მყოფებმა რაღაც გადმოაგდეს, რომლის წყალობითაც ბათუმელთა საჯარიმო თითქმის მთლიანად კვამლით დაიფარა. ხარიტონაშვილის საფინალო სასტვენმა კი მეტოქეები მშვიდობიანად და “მშრალად” დააშორა ერთმანეთს. ამ შედეგით კი ყველაზე მეტად ბუნებრივია, გორელები გაიხარებენ, რომლებმაც უახლოეს მდევრებთან ქულათა სხვაობა გაზარდეს.
“დინამო” (ბათუმი) – “დინამო” (თბილისი) 0:0 (0:0)
9 მაისი. 17:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 100 მაყურებელი
“დინამო” (ბათუმი): მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, ბორის მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე (ვარშანიძე, 86), ქავთარაძე, თევდორაძე (ჭკუასელი, 78), ბერიაშვილი, მგელაძე, ტატანაშვილი (აბუსელიძე, 89).
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
“დინამო” (თბილისი): დაუშვილი, ცინცაძე, თოთაძე, პაპუნაშვილი, შერგელაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური (ლობჟანიძე, 59), ჭანტურიშვილი, ტაბატაძე (კაკაბაძე, 31), რენე ფერეირა, მანუელი (ჩირგაძე, 71.
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: თოთაძე (61).
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)