ფეხბურთი

17:28 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანოს ფიქრები და სურვილები

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო, რომელიც ამჟამად აქტიური ფეხბურთისგან ისვენებს და უგუნდოდაა, იტალიურ მედიასთან საუბარს არ ერიდება. ამჯერად "ფანტანტონიომ" ტელეკომპანია "რაი"-სთან ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო თემებს შეეხო. მისი თქმით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში იტალიაში ტურინის "იუვენტუსის" კონკურენტს ვერ ხედავს.

"იუვენტუსი" სკუდეტოს მომდევნო ათი წლის განმავლობაშიც მოიგებს. სერია A დღესდღეობით ევროპაში მეხუთე ჩემპიონატიც შეიძლება იყოს.

ორი თვე დავკარგე. ჩემს ოჯახთან ერთად დასასვენებლად ვიყავი წასული, თუმცა ფეხბურთი მენატრება, ვვარჯიშობ, რომ 2-4 კილოგრამი დავიკლო, რადგან ივლისში კარგ ფორმას უნდა დავუბრუნდე.

შემოთავაზებები ბრაზილიიდან, დუბაიდან და ამერიკიდან მქონდა, თუმცა ყველას უარი ვუთხარი, რადგან თამაში ჯერ კიდევ ევროპაში მინდა. მინდა, რომ იტალიის ნაკრებში დავბრუნდე.

თითქოს ურუგვაისთან მარცხის შემდეგ ბუფონთან და პრანდელისთან კონფლიქტი მომივიდა სიმართლე არაა. სხვათა შორის, პრანდელი "სამპდორიას" მთავარ მწვრთნელად ივარგებდა. ვფიქრობ, იგი მიხაილოვიჩის იდეალური შემცვლელი იქნებოდა.

ბავშვობიდანვე ინტერისტა ვარ, მაგრამ "სამპდორია" ჩემს გულშია. ერთადერთი რის გამოც გული მწყდება ისაა, რომ გარონესთან ("სამპდორიას" ექს პრეზიდენტი - ავტ) პრობლემები მქონდა. გენუაში დაბრუნება ძალიან მინდა და მგონია, რომ შეუძლებელი არაა", - თქვა კასანომ.

ანტონიო კასანო იანვრის თვიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც თავისივე სურვილით "პარმასთან" კონტრაქტი გაწყვიტა, უგუნდოდაა. იგი გენუის "სამპდორიას" ღირსებას 2007-2011 წლებში იცავდა.

0.135803