როდესაც საპლეიოფო წყვილები გაირკვა, გულშემატკივრებმა “შსს აკადემიისა” და “სოხუმის” წყვილში დაძაბული სერია იწინასწარმეტყველეს. მათი მოლოდინი ორ ფაქტორზე იყო დამყარებული. პირველი, ბოლო წლების განმავლობაში სოხუმელები აკადემიელთათვის უხერხულ მეტოქედ ითვლებიან და მეორე, ვაჟა კვარაცხელიას გუნდი ყოველთვის მებრძოლი თვისებებით გამოირჩევა და მათთვის პრაქტიკულად არ არსებობს გამოუვალი ვითარება. ეს წლევანდელმა მეოთხედფინალმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა.
სერიის მეორე და მესამე შეხვედრები კოტე ტუღუშის გუნდმა შედარებით იოლად მოიგო, რამაც ეტყობა “შსს აკადემიის” კალათბურთელები ოდნავ მოადუნა. ეს მთელი მატჩის განმავლობაში ტრიბუნიდანაც იგრძნობოდა და ამის თაობაზე მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თავად მთავარმა მწვრთნელმაც გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა აკადემიელთა უპირატესობით დაიწყო, რომელთა შორის განსაკუთრებით გიორგი ცინცაძე გამოირჩეოდა. პირველი პერიოდის მიწურულს, “აკადემია” 7 ქულითაც დაწინაურდა და საბოლოოდ საწყისი 10-წუთიანი მონაკვეთი 26:20 მოიგო. აკადემიელთა 26 ქულიდან ზუსტად ნახევარი, 13 ქულა ცინცაძის ანგარიშზეა. მეორე პერიოდი სოხუმელებმა შედეგიანი სამიანებით (გრიგოლ შვანგირაძე, ირაკლი ჩლაიძე და პელე პეილეი) დაიწყეს. მთლიანობაში მეორე პერიოდში სოხუმელებმა მოწინააღმდეგე აშკარად დაჩაგრეს და ეს მონაკვეთი 25:12 მოიგეს. მესამე პერიოდშიც სოხუმელთა დომინირება გაგრძელდა. გუნდის მოთამაშეები კვლავ ზუსტად ასრულებდნენ საშუალო და შორეული დისტანციებიდან სროლებს და დასკვნითი მეოთხედის წინ სოხუმელები წინ 9-ქულიანი ჰანდიკაპით 65:56 იყვნენ. დასკვნით 10-წუთეულში სოხუმელებმა კვლავ გამოიჩინეს თავი სამიანების სათანადო შესრულებით და საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე შვანგირაძემ ანგარიში 79:65 გახადა. ამ დეფიციტის მიუხედავად ცხადი იყო, რომ “შსს აკადემია” მარცხს იოლად არ შეეგუებოდა და ასეც მოხდა. ტუღუშის გუნდმა მეტოქეს 10:0 (გაქცევა) მოუწყო და მეოთხე პერიოდის დასრულებამდე წუთითა და 25 წამით ადრე რევაზ როგავამ სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა 79:75. ამის შემდეგ “ნერვების” ომი გაგრძელდა და უფრო მეტად სოხუმელებს გაუმართლათ. საბოლოოდ, კვარაცხელიას გუნდმა 86:77 მოიგო და მეოთხედფინალურ სერიაში გამარჯვებულის გამოსავლენად მეხუთე მატჩი ჩატარდება.
გამარჯვებულთაგან საუკეთესოდ ითამაშეს გრიგოლ შვანგირაძემ, ირაკლი ჩლაიძემ და პელე პეილეიმ. მათ შესაბამისად “სოხუმს” 20, 18 და 22 ქულა მოუპოვეს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ შვანგირაძემ 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო პელემ ფარიდან ასხლეტილი ბურთი 8-ჯერ მოხსნა. სოხუმელების სამქულიანების რეალიზაციათა პროცენტს რაც შეეხება, ის მაღალ მაჩვენებელს 43-ს გაუტოლდა. აკადემიელთაგან 22 ქულითა და 6 მოხსნით საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მეფარე გიორგი შარაბიძე (17 ქულა, 10 მოხსნა).
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): “კალათბურთი ხელოვნებაა, მაგრამ ბრძოლის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. მაყურებელს ნამდვილი კალათბურთი ვაჩვენეთ. ამასთან, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. დღეს 9 მაისია, ტრიბუნაზე რაიხსტაგზე დროშის აღმმართველი მელიტონ ქანთარიას ქალიშვილი, ყოფილი კალათბურთელი, ქალბატონი ციალა იმყოფებოდა და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ჩვენმა გუნდმა მათ მოგებით მიულოცა”.
კოტე ტუღუში (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): “მატჩის წინაც და შესვენებაზეც ჩემს ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ ამგვარი განწყობით თამაში დაუშვებელია. ვერაფერი დავუპირისპირეთ მეტოქის სამქულიანებს. ხშირად ამბობენ, რომ “შსს აკადემიაში” საქართველოს ნაკრების ბევრი წევრია. ასეთი თამაშით ჩვენი ეროვნული გუნდის წევრობის ღირსი არცერთი მოთამაშე არაა”.
გიორგი ჯგერენაია (“სოხუმის” კალათბურთელი): “სეზონის განმავლობაში დღეს ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. შევეცდებით მეხუთე ორთაბრძოლაც კარგად ჩავატაროთ”.
“სოხუმი” – “შსს აკადემია” 86:77
(20:26, 25:12, 20:18, 21:21)
სერიის ანგარიში – 2:2
მეოთხედფინალური სერიის ბოლო მატჩი 11 მაისს 14:00 საათზე ჩატარდება.









