ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” “ალ რიადთან” გასვლით მატჩში სენსაცია მოახდინა და ბეირუთელები 75:71 დაამარცხა, რისი წყალობითაც ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ჩემპვილელები ნახევარფინალში 1:3 ჩამორჩებოდნენ და მორიგი მარცხის შემთხვევაში, სეზონს ნაადრევად დაასრულებდნენ, თუმცა, ქართველი კალათბურთელის დიდი დახმარებით, მობილიზება შესძლეს და მასპინძლებს 4 ქულით სძლიეს.
ცქიტიშვილმა მოედანზე 39 წუთი დაჰყო და 13 ქულა, 13 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ცქიტიშვილმა 12-დან 6 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ნიკოლოზს სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (23) ჰქონდა, მასპინძელთაგან კი მასზე უკეთესი მაჩვენებელი (30) ამერიკელ ფორვარდს ელია ჰოლმანს ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.
“ჩემპვილი” მომდევნო მატჩს 9 მაისს უკვე შინ ჩაატარებს და სერიაში ანგარიშის გათანაბრებას ეცდება, ის კი უკვე ცნობილია, რომ ფინალში მეტოქე “ამჩიტი” იქნება. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში “საგესე” 4:0 გაანადგურა.