ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო, რომელსაც აქტიური საფეხბურთო კარიერა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, იტალიელ ჟურნალისტებს ესაუბრა.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები გაიხსენა. მან ის გუნდიც დაასახელა, სადაც ბავშვობაში თამაშთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი პირიქით მოხდა.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" მიღებული აპლოდისმენტები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო, თუმცა არა დაუვიწყარი. ჩემი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტები 1996 წელს "იუვენტუსთან" ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა და 2006 წელს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონობა გახლდათ.
როდესაც პატარა ვიყავი შეიძლებოდა "ტორინოს" ახალგაზრდულ გუნდში მეთამაშა, მაგრამ ამაზე დედაჩემმა უარი თქვა, ცოტა ხანში კი "პადოვაში" აღმოვჩნდი", - ამბობს 40 წლის ფეხბურთელი.
ალესანდრო დელ პიერო, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი ტურინის "იუვენტუსში" აქვს გატარებული, ამჟამად უგუნდოდაა. მისი ბოლო ნავსაყუდელი ინდოეთის საფეხბურთო კლუბი, "დინამო დელი" გახლდათ.