ფეხბურთი

6:54 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას შანსი

შანსი იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ევროპის ლიგის ფინალში ითამაშებს ერთი-ორად გაიზარდა. დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ” ფავორიტად მიჩნეულ “ნაპოლისთან” ნეაპოლში თამაში არ წააგო და კიევში ნებისმიერ მოგებასთან ერთად, უგოლო ფრეც ყოფნის.

პირველ მატჩს ორივე გუნდი დიდი სიფრთხილით მიუდგა და პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტები არც შექმნილა. დებიუტში იტალიელები “დნიპროს” ზურგს უკან გადაცემებით ასე თუ ისე სიტუაციას ძაბავდნენ, მაგრამ სტუმრებმა ამ ტაქტიკას მალე აუღეს ალღო. მერე უკრაინელები გათამამდნენ და პირველი ტაიმის შუაში კარში პირველი დარტყმა ჯაბა კანკავამ განახორციელა - საჯარიმოს გარედან გასროლილი მარიან ანდუხარმა ახლო დაბალ კუთხეში თავგანწირული ნახტომით მოიგერია. შესვენებამდე მეტი მომენტი არც შექმნილა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმი “ნაპოლიმ” მძლავრად დაიწყო და მცველების შეცდომის შემდეგ ანგარიშიც გახსნა. 49-ე წუთზე გონსალო იგუაინმა კუთხური მოიპოვა, ლორენცო ინსინემ ბურთი ახლო ძელთან, მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა და იქ თავით ყველას დავიდ ლოპესმა აჯობა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა ჯამში 14 კუთხური მოაწოდეს (“დნიპრომ” მხოლოდ ერთი), მაგრამ მხოლოდ ერთხელ იხეირეს. გოლმა “ნაპოლი” კიდევ უფრო გაახელა, მასპინძლებმა სიჩქარეები ჩართეს და რომ არა ბოიკოს ვაჟკაცობა, მის კარში გოლებიც მრავლად გავიდოდა.

56-ე წუთზე მეკარის პირისპირ იგუაინი გავიდა, მაგრამ უკრაინელთა კარის დარაჯმა ასპროცენტიანი მომენტი გაანეიტრალა. მეკარე ამის შემდეგაც არაერთი მომენტის გმირი გახდა და არგენტინელის სამი საოცარი დარტყმა მოიგერია. მთელი ეს პერიოდი “დნიპრო” ვერაფერს ქმნიდა, მაგრამ მე-80-ე წუთზე მარკევიჩმა საკვანძო ცვლილება განახორციელა და ევგენი სელეზნიოვმა ბურთთან პირველი შეხება გოლით აღნიშნა - არტიომ ფედეცკის გამჭოლ გადაცემას ერთბაშად ორი დნეპროპეტროვსკელი გამოეხმაურა, მაგრამ ბურთზე თამაში მეტოქის მცველებს და თანაგუნდელებსაც სელეზნიოვმა დაასწრო - 1:1 და ყველაფერი კიევში გაირკვევა.

თასის მფლობელ “სევილიას” სერიოზულად აქვს განზრახული სუპერთასისთვის თბილისში ჩამოსვლა და მიუხედავად თანაბარი თამაშისა, პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში “ფიორენტინა” 3:0 გაანადგურა. ეს ესპანური კლუბის ზედიზედ მე-9 საშინაო გამარჯვებაა ევროთასებზე (წელს “სევილიამ” “პისხუანზე” შვიდივე თამაში მოიგო). წინა მატჩისგან განსხვავებით, აქ ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს გახსნილი ფეხბურთი შესთავაზეს და მე-6 წუთზე ანგარიშის გახსნა “ფიორენტინას” შეეძლო, რომლის სასტარტო შემადგენლობაშიც ერთი იტალიელიც არ იყო. მარიო გომესმა მარცხენა ფლანგიდან ხოაკინის გადაცემა მიიღო, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა.

ამაზე “სევილიამ” მე-17 წუთზე გოლით უპასუხა: ალექს ვიდალმა კარლოს ბაკის გადაცემა შეირგო და დაახლოებით 18 მეტრიდან ნეტოს შორეულ კუთხეში, მოძრაობის საწინააღმდეგოდ აუღებელი დაურტყა. სტუმრებს მალევე შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა და შავი სამუშაო კვლავ ხოაკინმა შეასრულა, რომლის ბურთთან შეხებასაც ტრიბუნები ყოველთვის სტვენით ხვდებოდა. შეგახსენებთ, ხოაკინი “სევილიას” მოსისხლე მტერის, “ბეტისის” აღზრდილია და მისი ფლანგიდან ჩაწოდებული მატიას ფერნანდესს გოლად უნდა ექცია, მაგრამ მეკარის საჯარიმოს ხაზიდან ბურთი კარს გადააცილა.

ჩილელს მეორე ჯერზე მახვილი კუთხიდან რიკომ აუღო, რომელმაც მერე მოჰამედ სალახსაც აუღო, როცა ის ახლოდან ვარდნაში ურტყამდა. შესვენების შემდეგ “ფიორენტინა” კვლავ შეტევაზე ფიქრობდა, მაგრამ გოლი თავად გაუშვა და 52-ე წუთზე ალექს ვიდალმა დუბლი გაიფორმა: ამჯერად ის ვიტოლოს გამჭოლ გადაცემას გამოეხმაურა და ახლო კუთხეში დაარტყა, მაშინ, როდესაც ვიტოლო, ჯერ კიდევ დარტყმამდე რატომღაც შორეულ კუთხეში გადახტა. ამით ვიდალის გმირობა არ დასრულებულა. 75-ე წუთზე მან მოედანზე ერთი წუთის შესულ კევინ გამეიროს საგოლე გადაცემა გაუკეთა და მანაც პირველივე შეხებით ახლო მანძილიდან ანგარიში კატასტროფული გახადა. ამრიგად, “სევილიას” ფინალში თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვს.

ევროპის ლიგის ნახევარფინალები. პირველი მატჩები

7 მაისი

ნეაპოლი. “სტადიო სან პაოლო”.

ნაპოლი (იტალია) - დნიპრო (უკრაინა) 1:1 (0:0)

ნაპოლი: ანდუხარი, ბრიტოსი, კალეხონი (გაბიადინი 77), ჟორჟინიო, იგუაინი, მაჯო, ჰამშიკი, დავიდ ლოპესი (გარგანო 71), ინსინე (მერტენსი 82), გულიამი, ალბიოლი.

დნიპრო: ბოიკო, კანკავა (ბეზუსი 69), კალინიჩი (სელეზნიოვი 80), კონოპლიანკა, ლეო მატოსი, ჩებერიაჩკო, დუგლასი, ლიჩკევიჩი (ბრუნუ გამა 57), ფედორჩუკი, როტანი, ფედეცკი.

გოლები: 1:0 დავიდ ლოპესი (50), 1:1 სელეზნიოვი (81)

გაფრთხილება: კანკავა (24), ფედეცკი (73)

სევილია. “ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანი”. 35 840 მაყურებელი

სევილია (ესპანეთი) - ფიორენტინა (იტალია) 3:0 (1:0)

სევილია: რიკო, ტრემულინასი, კრიხოვიაკი, დანიელ კარისუ, ბაკა (გამეირო 74), რეიესი (კოკე 58), კოლოძეიჩაკი, ბანეგა, ვიტოლო, ალექს ვიდალი, მბია (იბორა 73).

ფიორენტინა: ნეტო, გონსალო როდრიგესი, ბადელი (პისარო 68), ფერნანდესი, სავიჩი, ხოაკინი, ბორხა ვალერო, ალონსო, გომესი (ილიჩიჩი 80), ტომოვიჩი (რიჩარდსი 46), სალახი.

გოლები: 1:0 ალექს ვიდალი (17), 2:0 ალექს ვიდალი (52), 3:0 გამეირო (75)

გაფრთხილება: დანიელ კარისუ (46), კრიხოვიაკი (83) - ალონსო (70), ბორხა ვალერო (78), გონსალო როდრიგესი (90+5)

განმეორებითი მატჩები. 14 მაისი

კიევი. ოლიმპიური

დნიპრო (უკრაინა) - ნაპოლი (იტალია)

ფლორენცია. “არტემიო ფრანკი”

ფიორენტინა (იტალია) - სევილია (ესპანეთი)

0.209107