ჭადრაკი

20:09 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაირ მამედოვი: ბაქოს ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ვუგულშემატკივრებ”

ჭადრაკში გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს მისმა სპონსორმა, აზერბაიჯანულმა ფირმა “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” უმასპინძლა. ღონისძიება თბილისში, 300 არაგველის ქუჩა # 24-ში მდებარე სოკარის ოფისში ჩატარდა.

თუ არ ჩავთვლით საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ელიზბარ უბილავასა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ლელა ჯავახიშვილს, შეხვედრას ნაკრების ყველა წევრი ესწრებოდა. უბილავა ესპანეთში ცხოვრობს და ამჟამად თავის სახლში იმყოფება, ხოლო ჯავახიშვილი რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი საჭადრაკო კლუბის წევრია ამ ქვეყანაში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ტურნირში მონაწილეობს.

ღონისძიებას ნაკრების წევრებსა და მასმედიასთან ერთად ვეტერანი მოჭადრაკეებიც (მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, თამაზ გიორგაძე) ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

გია გიორგაძე: “მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, მათ შორის სახელმწიფოს, ნაკრების სპონსორებსა და გულშემატკივრებს, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ მსოფლიოს პირველ ჩემპიონატზე გამარჯვება. ერთეულთა შორის მიღწეული დიდი შედეგებისაგან განსხვავებით გუნდურში ანალოგიური მიღწევებით განებივრებული არ ვართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩინეთში მოპოვებულ წარმატებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალთა ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებაში გამორჩეული წვლილი ჩვენმა მუდმივმა სპონსორმა “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” შეიტანა, რომელიც 2008 წლიდან გვეხმარება. რომ არა მისი დახმარება, ჩვენ ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომელიც ამ წლის განმავლობაში მოვიპოვეთ და აღნიშნულიდან გამომდინარე, “სოკარს” უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ჭადრაკის განვითარების საქმეში”.

მაირ მამედოვი: “საქვეყნოდაა ცნობილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წარმატებები, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდის ლიდერის ნანა ძაგნიძის გარეშე იასპარეზა, ისეთი ძლიერი გუნდების კონკურენციაში, როგორებიც ჩინეთი, რუსეთი და უკრაინაა მაინც შეძლო პირველი ადგილის დაკავება. მართალია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სპონსორი 2008 წლიდან ვართ, მაგრამ ჩვენი მეოხება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალთა ნაკრებმა 2008 წლის დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგო. ამის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრების გულშემატკივარი ვარ. მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ აჩვენები თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ნაკრებში თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

მომავალ, 2016 წელს აზერბაიჯანი საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. რადგან ჩვენს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ოლიმპიადის მოგების იოტისოდენა შანსიც კი არ გააჩნია ამიტომ პირადად მე სახალხოდ ვაცხადებ, რომ ბაქოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ვუგულშემატკივრებ”.

ღონისძიების ბოლოს, მამედოვმა ნაკრების წევრები iphone-ით დააჯილდოვა.

0.172071