ფეხბურთი

19:19 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ლოპესი: “მე და იკერს უთანხმოება არასდროს გვქონია”

იტალიურმა “მილანმა” მიმდინარე სეზონი უკვე შეიძლება ითქვას, რომ სრულად ჩააგდო. “როსონერის” მოთამაშეთაგან თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება ერთ-ერთი მათგანი ესპანელი მეკარე დიეგო ლოპესია. იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი 33 წლის მეკარეს შეხვდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

- დიეგო, ბოლო თამაშებში გუნდის გადარჩენა არაერთხელ მოგიწიათ...

- მართალია, თუმცა მირჩევნია მოვიგოთ და საქმე არ მქონდეს. ყველაზე კარგი კი ის იქნება თუ მოვიგებთ და თავის გამოჩენას ჩემი საქმით მეც მოვახერხებ.

- თქვენს კარიერაში საუკეთესო სეზონია?

- დიახ. 33 წლის ვარ. ეს კი მეკარესთვის იდეალური ასაკია. თავს ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც კარგად ვგრძნობ. ასე ვიყავი ყოველთვის, როცა კარგ სეზონებს ვატარებდი. მინდა, რომ გამარჯვებები მოვიპოვით, “მილანი” კი თავის ძველ დონეს დაუბრუნდეს.

- მეორე ტური: “პარმა” – “მილანი” – დე შილიოს უკან გაკეთებული გადაცემის შემდეგ თქვენ ცუდად გახდით და ტრავმა მიიღეთ. რას ფიქრობდით მაშინ?

- განსაკუთრებულს არაფერს. ეს უიღბლო ეპიზოდი იყო. ამ შეცდომას ჩემთვის არაფერი შეუცვლია.

- თამაშებს კარიდან უყურებთ. რა ხდება “მილანში”?

- ეს ჩვენთვისაც რთული ასახსნელია. საჭიროა 100%-ით დავიხარჯოთ. “მილანის” მაისური ძალიან პრესტიჟულია და ასეთი შედეგი არ ეკადრება.

- ხუთიდან ორჯერ პენალტი მოიგერიეთ, კარგი შედეგია. თერთმეტმერიანების შემსრულებლებს წინასწარ სწავლობთ?

- ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია.

- ვილიამ ვეკი კარლო ანჩელოტის მეკარეების მწვრთნელია. როგორი იყო მადრიდში თქვენი შეხვედრა?

- ნამდვილი მაესტროა. ადამიანი, რომელსაც ჩემი სჯეროდა და ყოველთვის ცდილობდა დამხმარებოდა. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს.

- ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 30 წუთი გაქვთ ნათამაშები. ცოტაა, არა?

- ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების იმედი ყოველთვის მაქვს. დიდ კლუბში ვთამაშობ და იმედია, ნაკრების თავკაცი გამომიძახებს.

- თქვენ, გიმუშავიათ ისეთ გამოცდილ მწვრთნელებთან, როგორებიც მოურინიო და ანჩელოტი არიან. ახლა კი დებიუტანტი ინძაგი გწვრთნით. როგორ შეადარებდით მათ?

- მოურინიოს თამაშის წაკითხვის ნიჭი ჰქონდა. პერსონალურად ძალიან ძლიერი სპეციალისტია. ანჩელოტი კი მეტად ჭკვიანია. მან ყოველთვის იცოდა რა ეთქვა გასახდელში. ინძაგი კი უფრო მშვიდია, თანაც ნამდვილი პროფესონალი.

- როდესაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოედანზე შედიოდით, ტრიბუნებიდან ისმოდა შეძახილები – “იკერ, იკერ” – ეს ხელს არ უშლიდა თქვენს ურთიერთობას?

- ყოველთვის იმაზე ვფიქრობდი, რომ კლუბს დავხმარებოდი და მაქსიმუმი გამეღო. ჩემსა და კასილიასს შორის არასდროს ყოფილა რაიმე სახის პრობლემა.

- “რეალში” თქვენ იყავით “ლა ლიგის” მეკარე, ჩემპიონთა ლიგაზე კი კასილიასი თამაშობდა. ეს რთული არ იყო?

- თამაში ყოველთვის მსურდა, მაგრამ ეს კარლოს გადაწყვეტილება იყო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ.

- თქვენ გახდით ევროპის ჩემპიონი (საკლუბო დონეზე), მაგრამ “მილანში” ვერცერთი თასი ვერ მოიგეთ. სავარაუდოდ ამის გაკეთება მომავალ წელსაც გაგიჭირდებათ, თუმცა თქვენ ყოველთვის ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებთ. საიდან მომდინარეობს ეს?

- მე ვფიქრობ ისე, როგორც სხვები – თუ ვერ ვიგებთ თასს, ეს ჩემი ბრალიცაა. საჭიროა ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ. ოპტიმისტი იმიტომ ვარ, რომ ბევრს და კარგად ვმუშაობთ, ვარჯიშობთ.

-“რეალი” – “იუვენტუსი”, “სევილია” – ფიორენტინა”: ვინ გავა შემდეგ ეტაპზე?

- “რეალი” ისევ ფავორიტად რჩება, მაგრამ უფრო ნაკლებად. “იუვეს” შესანიშნავი მომენტი უდგას. ევროპის ლიგაზე კი სანახაობრივი შეხვედრა გველოდება. “სევილია” საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია.

- ადრიანო გალიანიმ თქვა, რომ თქვენ თუ საუკეთესო არა, ევროპის ხუთ გამორჩეულ მეკარეს შორის მაინც ხართ. ეთანხმებით?

- მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა ყველაზე ძლიერები არიან. თუმცა მეკარეები კლასიფიკაცია შეიძლება ყოველთვე შეიცვალოს.

- ამ მომენტში დიეგო ლოპესი არის 5 საუკეთესო მეკარეს შორის?

- არა, მე არა.

0.113881